იარმოლენკო – საუკეთესო უკრაინელი

AutoSharing Option
უკრაინულმა გამოცემა "კომანდამ" 29 დეკემბრის ნომერში საუკეთესო უკრაინელი ფეხბურთელის გამოკითხვის შედეგები შეაჯამა.

2011 წლის №1 უკრაინელ ფეხბურთელად კოლეგა-მოთამაშეებისა და მწვრთნელების მიერ კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო დასახელდა, ვინც 272 ქულა დააგროვა და ბევრით გაასწრო ხარკოვის "მეტალისტის" ბრაზილიელ ნახევარმცველ ტაისონს. ამ უკანასკნელს სულ 99 ქულა ერგო. მესამეზე გავიდა "შახტარისა" და უკრაინის ეროვნული გუნდის მეკარე ალექსანდრ რიბკა. მან სეზონის პირველი ნახევარი "ობოლონში" გაატარა.

ფიფას წინააღმდეგ სამოქალაქო სასამართლოში
შვეცარიულმა "სიონმა" ფიფას წინააღმდეგ სარჩელი ისევ სამოქალაქო სასამართლოში აღძრა. კლუბის იურისტები ამტკიცებენ,
რომ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტივა, რომლის თანახმად შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია 13 იანვრამდე დასაჯოს "სიონი", ეწინააღმდეგება როგორც თავად ფიფას ნორმატიულ აქტებს, ისე შვეიცარიის კანონმდებლობას. მათი თქმით, ეს წმინდა წყლის ახირებაა, რომლის გატანის უფლებას ისინი ზეპ ბლატერს არაფრით არ მისცემენ.

ისაკსონი ელადაში მიდის
"ეინდჰოვენის" შვედი მეკარე ანდრეას ისაკსონის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის. კლუბთან თანამშრომლობას ის მომავალ წელს უკვე აღარ გეგმავს და ეს მან უკვე გულწრფელად განაცხადა.

როგორც "დე ტელეგააფი" წერს, ფეხბურთელმა კარიერა შეიძლება "ოლიმპიაკოსში" განაგრძოს. ბერძნული კლუბი სეზონის დასაწყისში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, მაგრამ პრეზიდენტმა ევანგელოს მარინაკისმა შემოდგომაზე აქციების ნაწილი გაყიდა, რისი წყალობითაც, შეიძლება ითქვას, რომ კლუბი ცოტა "ფერზე მოვიდა". როგორც ხედავთ, მარინაკისმა სატრანსფერო ბაზარზეც გასვლაც გადაწყვიტა და ერთ-ერთ პირველ სამიზნედ უმაღლესი დონის ფეხბურთელი ამოიღო.

აქვე გეტყვით, რომ იმავე "დე ტელეგააფის" მტკიცებით, პსვ-მ მოქმედ დამრიგებელ ფრედ რუტენთან შეთანხმებას მიაღწია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ისინი თამაშრომლობას აღარ გააგრძელებენ.

განაჩენი
"აიაქსის" შეშლილი გულშემატკივრისა და "ალკმაარის" მეკარე ესტებან ალვარადოს ჩხუბის კადრები ინტერნეტში მაინც ლამის მთელმა მსოფლიომ იხილა. ადამიანი, რომელიც აცხადებდა, ეს საქციელი იმიტომ ჩავიდინე, რომ 50 ევროს ნაძლევი მომეგოო, 30 წელიწადს "აიაქსის" თამაშების გარეშე, უახლოეს 6 თვეს კი თავისუფლების აღკვეთის ადგილას გაატარებს. ბრალდება საზოგადოებისგან მის იზოლაციას 10 თვით ითხოვდა, რადგან სამართალდარღვევა მისთვის პირველი არ იყო. მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული