სასურველი შედეგის მიუხედავად, "ალ-მასრის" ათასობით გულშემატკივარმა სექტორებს შორის ბარიერი გაარღვია და იმ ტრიბუნას შეუტია, სადაც მეტოქე გუნდის ფანები ისხდნენ, შემდეგ კი მოედანზე გაიჭრნენ და "ალ-აჰლის" ფეხბურთელებსა და მწვრთნელთა შტაბს შეუტიეს. შედეგად, ტრავმა მიიღო სტუმართა გუნდის მინიმუმ ორმა ფეხბურთელმა, "ალ-აჰლის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა მანუელ ჟოზემ კი გასახდელში შეასწრო განრისხებულ ფანებს.
სტადიონზე და მის ფარგლებს გარეთ საშინელი ამბები ხდებოდა. "ალ-აჰლის" გულშემატკივრები კუთხეში მიიმწყვდიეს,
მათ, ვინც სტადიონიდან გასვლა მოახერხეს, გარეთ "ალ-მასრის" განრისხებული ფანები ელოდნენ, რომლებიც ქვებსა და ბოთლებს ისროდნენ. "ალ-აჰლის" რამდენიმე გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის გასახდელში შეასწრო. სწორედ ამან გადაარჩინა ისინი.
ეგვიპტის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი გვიან მივიდა ინციდენტის ადგილას. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 73-ს მიაღწია, მათ შორის არიან სტადიონის დაცვის თანამშრომლები. დაახლოებით ათასმა ადამიანმა მძიმე ტრავმები მიიღო.
"ეს ფეხბურთი არ არის, ეს ომია! - განაცხადა "ალ-აჰლის" ნახევარმცველმა მოჰამედ აბუთრიაქამ. - ადამიანები პირდაპირ ჩემს თვალწინ იღუპებოდნენ. აქ საშინელებები ხდება! ეს დღე არასოდეს დამავიწყდება!"
"ალ-მასრისა" და "ალ-აჰლის" მატჩისას მომხდარი არეულობების გამო შეჩერდა ქაიროში პარალელურად მიმდინარე შეხვედრა "ზამალეკსა" და "ალ-ისმაილის" შორის. თამაშის შეწყვეტით უკმაყოფილო ქაიროელმა გულშემატკვირებმა ოლიმპიურ სტადიონზე ერთ-ერთი სექტორი გადაწვეს. თუმცა ეგვიპტის დედაქალაქში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"