რიგითი გულშემატკივრების თქმით, ეს კარგად დაგეგმილი შურისძიება იყო. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ეს წერია "ფეისბუქზე" ე.წ. "ტარჰირის მოედნის ულტრასების" გვერდზე. ადამიანების პროვოცირებაში ისინი უმაღლესი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის ჰუსეინ ტანტავის აგენტებს სდებენ ბრალს.
როგორ დაიწყო და განვითარდა არეულობა, ამაზე აღარ შევჩერდებით, რადგან ჩვენი გაზეთი ამას გუშინდელ ნომერშივე წერდა.
მოვლენათა ერთ-ერთმა შეძრწუნებულმა მონაწილემ "როიტერის" კორესპონდენტს განუცხადა, რომ "როცა ამის დრო მოვა "ტანტავის სკალპს ახდიან", რადგან
მათი განრისხება ბუნებრივად გვეჩვენება, რადგან პოლიცია პირველ ეტაპზე გულშემატკივართა მასობრივ ჩხუბს აბსოლუტური სიმშვიდით ადევნებდა თვალს.
"ულტრასები ძალიან პოპულარულები არიან რევოლუციონერებს შორის. თავდასხმის მიზანი სწორედ მათი ლიკვიდაცია იყო. ამ ადამიანებს ნამდვილად მახე დაუგეს. ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ სამხედრო საბჭო და პოლიცია შეიძლება იყონ", - ამბობს მავანი პორტსაიდელი მოვაჭრე.
"ტარჰირის მოედნის ულტრასები" - ეს ძირითადად "ალ აჰლისა" და "ზამალეკის" ფანების გაერთიანებაა. მართალია ამ კლუბებს შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო, მაგრამ ერთი წლის წინ ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების დროს ისინი საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ და ჰოსნი მუბარაქის მმართველობის წინააღმდეგ ქუჩაში ერთად დადგნენ.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, "ალ აჰლის" გულშემატკივართაგან პირველები ჩხუბში სწორედ ის ულტრასები ჩაერთვნენ, რომელთაც ჯარსა და პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების გამოცდილება ჰქონდათ.
ბუნებრივია, სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი ჰუსეინ ტანტავი თავის მონაწილეობას ტრაგედიის ორგანიზებაში კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, არეულობები პორტ საიდში იმ ადამიანების მოწყობილია, რომელთაც ქვეყნისთვის სახელის გატეხა აქვთ მიზნად დასახული.
"არეულობის ყოველი ორგანიზატორი კუთვნილ სასჯელს მიიღებს. ისინი ვერ მოახერხებენ ჩვენს ქვეყანაში ქაოსის დათესვას", - აცხადებს ფელდმარშალი.
პოლიციის ცნობით, არეულობაში მონაწილე 50 ადამიანი უკვე დაკავებულია. პორტ საიდში წესრიგის აღსადგენად და შემდგომი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად არმიის ნაწილები უკვე შევიდნენ.
ხელისუფლება ეტყობა მეტისმეტი სიფრთხილით ეკიდება მოვლენებს, რის გამოც რეგულარულ არმიასთან ერთად სპეცდანიშნულების ელიტური ჯგუფი "დანაყოფი 777-იც" შეიყვანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"