მოდი, ვთქვათ ასე - ეს მხოლოდ ქართული სენი არ არის, ევროპის მოწინავე საფეხბურთო პირველობებშიც ხდება ხოლმე უცნაური განთავისუფლებები. რაც სეზონი დაიწყო, ევროპის 5 ტოპ-ლიგაში 29-ჯერ (!) შეიცვალა მწვრთნელი და ჯერ სად ვართ!
29 ცვლილებიდან 23 მოხსნაა, დანარჩენები საკუთარი ნებით გადადგომა, გადადგომა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ან დროებითი თავკაცის წასვლაა. სეზონში
საფეხბურთო სეზონის უკანასკნელი მსხვერპლი "სევილიას" 46 წლის თავკაცი მარსელინო გარსია ტორალი იყო. მას "სანჩეს პისხუანზე" "რაიო ვალეკანოსთან" 1:2 მარცხი არ ეპატია. მარსელინომ გუნდი მე-11 ადგილზე მყოფმა დატოვა. "სევილიასთვის" ეს კატასტროფაა, მწვრთნელს უფრო ადრე მოხსნიდნენ, მაგრამ მისთვის ვის ეცალა: ანდალუსიური კლუბის პრეზიდენტი ხოსე მარია დელ ნიდო ციხეში იჯდა.
ალბიონი: შტილი ქარიშხლის წინ?
პრემიერლიგის სეზონის განმავლობაში ჯერ მხოლოდ ორ მწვრთნელს მიუთითეს კარზე - ნოემბერში "შავი კატების" 51 წლის თავკაცი სტივ ბრიუსი დაითხოვეს, მაშინ "სანდერლენდი" მე-16 ადგილზე იყო.
დრომ აჩვენა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 80-90-იანი წლების ვარსკვლავის მოხსნა გამართლებული იყო - ჩრდილოირლანდიელი მარტინ ონილის ხელში "შავი კატები" მე-8 ადგილამდე ამაღლდნენ. 59 წლის ონილი კარგი მწვრთნელი რომაა, ჯერ კიდევ "სელტიკში" დაამტკიცა, სადაც კელტურ კლუბს 3-3 ჯერ მოაპოვებინა შოტლანდიის ჩემპიონობა და თასი.
შემდეგი მსხვერპლი ნილ უორნოკი იყო, იანვარში "ქვინზ პარკ რეინჯერსის" ხელმძღვანელობამ 63 წლის სპეციალისტი "პენსიაში" გაუშვა.
არადა, სწორედ უორნოკმა დააბრუნა "რეინჯერსი" 15-წლიანი განშორების შემდეგ პრემიერლიგაში. გათავისუფლების მომენტში გუნდი მე-17 ადგილზე იყო, ახლა მე-16-ეა, ანუ უელსელი მარკ ჰიუზის დანიშვნას ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია. უორნოკს ერთხელაც დავუბრუნდებით, ის რეფერიცაა (თუმცა კი ამ განხრით არ უმუშავია), მაგრამ ცნობილია იმით, რომ მსაჯებს უდიერად მოიხსენიებს ხოლმე თამაშებში.
ამით (ჯერჯერობით) დასრულდა სამწვრთნელო ცვლილებები ინგლისში, მაგრამ, განა, რომელიმე კლუბში თავს დალხენილად გრძნობენ მწვრთნელები? (ეს ბუნებრივია, ალექს ფერგიუსონს არ ეხება) - თუნდაც ამავე ნომერში ნახავთ ინფორმაციას, როგორ წაეჩხუბა ბაზაზე რომან აბრამოვიჩი ანდრე ვილაშ-ბოაშს. მხოლოდ ვილაშ-ბოაშიც არ არის ცუდ დღეში, თუნდაც პირველ ადგილზე მყოფი "მანჩესტერ სიტის" იტალიელი თავკაცი რობერტო მანჩინი იტყვის დარწმუნებით, რომ მის თანამდებობას არაფერი ემუქრება? ვეჭვობთ...
თუმცა არის საწინააღმდეგო უცნაურობანიც - რატომ არ უშვებენ "ბლექბერნის" მწვრთნელ სტივ კინს, როცა გუნდი ლამის ნაწილებად დაიშალოს, გაუგებარია.
იბერია: შენდობა არც შინაურს და არც გარეულს
ესპანეთის ლა ლიგაში ამ სეზონში 9 ცვლილება მოხდა. ეს უკვე ბევრია, თუმცა "მალიორკას" ცვლილება ორჯერ იმ უბრალო მიზეზის გამო შეეხო, რომ მიქაელ ლაუდრუპის შემდეგ დანიშნული მიგელ ანხელ ნადალი დროებითი თავკაცი იყო. სწორედ დიდმა დანიელმა ფეხბურთელმა "გახსნა სეზონი", სექტემბერში ბალეარული კლუბი მიატოვა, რადგან ხელმძღვანელობას ეჩხუბა.
47 წლის დანიელის უკითხავად მისი ასისტენტი ერიკ ლარსენი მოხსნეს, ლაუდრუპმაც მწარე სიტყვები უთხრა "მალიორკას" დირექტორ ლორენსო სერა ფერერს და წავიდა. "მალიორკა" მაშინ მე-11 ადგილზე იყო, ახლა, როცა გუნდს ხოაკინ კაპაროსი წვრთნის ბალეარული გუნდი ცხრილში მე-13 ადგილზეა.
შემდეგ ჯერი კუპერზე მიდგა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი არგენტინელის გუნდი "რასინგი" ბოლო ადგილზე იყო, ექტორს გააგდებდნენ, მაგრამ დაასწრო მოვლენებს და თავისით წავიდა. სხვათა შორის, ის უმუშევარი არ დარჩენილა, მაგრამ აბა, სად პრიმერა და სად თურქული ლიგის "ორდუ"? მის ნაცვლად "რასინგის" მწვრთნელად სპორტული დირექტორი ხუანხო გონსალესი დადგა, 39 წლის ხუანხომ კანტაბრიელები ცოტა ამოასუნთქა - გუნდი მე-18-ეა და გადარჩენისთვის იბრძვის.
დეკემბერში ესპანეთში ერთბაშად 3 თავი დაგორდა - "ვილიარეალმა" ხუან კარლოს გარიდო გაუშვა, "ატლეტიკომ" - გრეგორიო მანსანო, ხოლო "სარაგოსამ" - ხავიერ აგირე. რომელ გუნდს ეშველა ამ სამეულიდან? მხოლოდ "ატლეტიკოს"! არგენტინელი დიეგო სიმეონე ნელნელა ატყობს თავის სტილს გუნდს, რომელიც ამასობაში მე-10 ადგილიდან მე-7-მდე აღზევდა და სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლაში ჩაება.
"ვილიარეალი" ხოსე მოლინას ხელში ისევ მე-17 ადგილზეა. ხოლო მანოლო ხიმენესის "სარაგოსა" - ბოლო.
ამით გათავისუფლებები არ დასრულებულა: 2012 წელს სამუშაო დაკარგეს "გრანადას" თავკაცმა ფაბრი გონსალესმა (რომელიც აბელ რესინომ შეცვალა), "სპორტინგის" ხელმძღვანელმა მანუელ პრესიადომ (დროებითი შემცვლელი: ინიაკი ტეხადა) და "სევილიას" მესაჭე მარსელინომ (შემცვლელი: მიჩელი).
აპენინები: არავითარი სიბრალული!
როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე მეტი მწვრთნელი იტალიაში მოხსნეს, არადა ჯერ რამდენი დრო რჩება სეზონის დასრულებამდე. "სეზონის გახსნის" პატივი ჯანპიერო გასპერინის ერგო. საოცარი უფრო ისაა, რომ 54 წლის სპეციალისტს ისეთ გრანდში ენდნენ, როგორიც "ინტერია".
სჯობდა ის "ჯენოაში" დარჩენილიყო, სადაც მას კლუბის პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი გასპერსონს ეძახდა, ანუ ჩვენი ფერგიუსონიაო. როცა გასპერინი გაუშვეს და კლაუდიო რანიერი მივიდა "ინტერი" მე-18 ადგილზე იყო! ახლა მილანური კლუბი მეხუთეა - ეს ყველაზე სერიოზული ცვლილებაა 29 შემთხვევიდან.
შემოდგომით კიდევ ოთხი მწვრთნელი დაითხოვეს "ბოლონიამ", "ლეჩემ", "ფიორენტინამ" და "კალიარიმ".
ბუნებრივია, ყველაზე რეზონანსული მათში სერბი სინიშა მიჰაილოვიჩის გაგდება იყო ტოსკანური გუნდიდან. საჯარიმო დარტყმების დიდოსტატი კარგი მწვრთნელი ვერ გამოდგა, თუმცა ის ჯერ 42 წლისაა და შეიძლება ვცდებით კიდევაც. როცა სინიშა გააგდეს, "ფიორენტინა" მე-13 ადგილზე იყო, დელიო როსის ხელში ეს კლუბი მეათეა.
საოცარია, მაგრამ "პალერმოს" ოდიოზური პრეზიდენტის, მაურიციო ძამპარინის ხელში მწვრთნელმა დევის მანგიამ კიდევ საკმაო ხანს, დეკემბრის შუამდე გაძლო. ძამპარინის ახლა ბორტოლო მუტი უძლებს.
კიდევ ერთი ხმაურიანი დათხოვნა იტალიაში დეკემბერზე მოდის, "ჯენოამ" ალბერტო მალეზანი გაანთავისუფლა. არადა, გუნდი მე-10 ადგილზე იყო (ახლა პასკუალე მარინოს ხელში მეცხრეა). მალეზანიმ სახელი "პარმასთან" ერთად გაითქვა, როცა კლუბს უეფას თასი მოაგებინა, ახლა 57 წლის სპეციალისტი უმუშევარია. წლეულს თანამდებობები დაკარგეს "პარმას" და "ნოვარას" მწვრთნელებმა. სხვათა შორის, "პარმაში" რობერტო დონადონი დაინიშნა, რომელიც ფეხბურთელობით განთქმულია, მაგრამ მწვრთნელობის რა მოგახსენოთ, ყველას კარგად გვახსოვს ევრო-2008-ის იტალია...
პარიზი: ეიფელის კოშკის წნეხის ქვეშ
საფრანგეთის ლიგა 1-ში სულ სამი ცვლილება მოხდა, ორი დიდ ყურადრებას არ იმსახურებს, რადგან ცვლილებები არც თუ ძლიერ კლუბებს, "ნიცას" და "ევიანს" შეეხო. სულ სხვაა "პარი სენ ჟერმენი", რომელიც ევროპული საფეხბურთო საზოგადოების საყოველთაო ყურადღების ქვეშ იყო.
ყატარელი ინვესტორებისა და ჰიპერაქტიური მენეჯერის (ბრაზილიელი ლეონარდო) წყალობით, პსჟ სპორტული გაზეთების პირველი გვერდიდან არ ჩამოდიოდა. შემადგენლობა ვარსკვლავური იკრიბება და ბუნებრივია, ყველა ხვდებოდა, რომ ანტუან კომბუარეს დღეები სუპერგუნდში დათვლილი იყო. და აი, კლუბის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შორის შეთანხმების საფუძველზე 30 დეკემბერს კომბუარე პსჟ-ს დაეთხოვა. 48 წლის სპეციალისტის ნაცვლად კი იტალიელი კარლო ანჩელოტი მიიყვანეს.
კომბუარეს გაგდება (იურიდიულად) დიდი სირცხვილი იქნებოდა, რადგან პარიზული კლუბი იმ დროისათვის (როგორც ახლა) პირველ ადგილზე იყო!
სეზონის განმავლობაში ტოპ-ლიგებში ასეთი სახელოვანი მწვრთნელი არ შეჰმატებიათ, როგორიც 52 წლის იტალიელია. ანჩელოტის ხომ ყველა საკლუბო ჯილდო აქვს მოგებული, მაგრამ თვით ისიც ვერასოდეს იტყვის, რომ სამსახური, რომელიც ახლახან მიიღო, ხელშეკრულების ბოლომდე გაჰყვება. ამის გარანტიას მწვრთნელს, თუნდაც საუკეთესოს ვინ მისცემს?
ტოპ-5. სეზონის ყველა ცვლილება
პრემიერლიგა
თარიღი გუნდი მწვრთნელი შენიშვნა შემცვლელი
30 ნოემბ. სანდერლენდი სტივ ბრიუსი მოხსნეს მარტინ ონილი
8 იანვ. ქვინზ პარკი ნილ უორნოკი მოხსნეს მარკ ჰიუზი
ლა ლიგა
27 სექტ. მალიორკა მიქაელ ლაუდრუპი გადადგა მიგ. ანხ. ნადალი
3 ოქტ. მალიორკა მიგ. ანხ. ნადალი დრ. ხოაკინ კაპაროსი
29 ნოემბ. რასინგი ექტორ კუპერი ურთიერთშ. ხუანხო გონსალესი
22 დეკ. ვილიარეალი ხუან კარლოს გარიდო მოხსნეს ხოსე მონილა
22 დეკ. ატლეტიკო გრეგორიო მანსანო მოხსნეს დიეგო სიმეონე
30 დეკ. სარაგოსა ხავიერ აგირე მოხსნეს მანოლო ხიმენესი
22 იანვ. გრანადა ფაბრი გონსალესი მოხსნეს აბელ რესიონო
31 იანვ. სპორტინგი მანოლო პრესიადო მოხსნეს ვაკანტური
6 თებ. სევილია მარსელინო გარსია მოხსნეს მიჩელ გონსალესი
ბუნდესლიგა
19 სექტ. ჰამბურგი მიხაელ ოენინგი მოსხნეს როდოლფო კარდოსო
22 სექტ. შალკე რალფ რანგნიკი გადადგა ჰუუბ სტევენსი
10 ოქტ. ჰამბურგი როდოლფო კარდოსო დრ. ტორსტენ ფინკი
18 დეკ. ჰერტა მარკუს ბაბელი მოხსნეს მიხაელ სკიბე
29 დეკ. ფრაიბურგი მარკუს ზორგი მოხსნეს კრისტიან შტრაიხი
სერია A
21 სექტ. ინტერი ჯანპიერო გასპერინი მოხსნეს კლაუდიო რანიერი
4 ოქტ. ბოლონია პიერპაოლო ბიზოლი მოხსნეს სტეფანო პიოლი
30 ოქტ. ჩეზენა მარკო ჯამპაოლო მოხსნეს დანიელე არიგონი
7 ნოემბ. ფიორენტინა სინიშა მიჰაილოვიჩი მოსხნეს დელიო როსი
8 ნოემბ. კალიარი მასიმო ფიკადენტი მოხსნეს დავიდე ბალარდინი
4 დეკ. ლეჩე ეუსებიო დი ფრანჩესკო მოხსნეს სერსე კოსმი
19 დეკ. პალერმო დევის მანგია მოხსნეს ბორტოლო მუტი
22 დეკ. ჯენოა ალბერტო მალეზანი მოხსნეს პასკუალე მარინო
9 იანვ. პარმა ფრანკო კოლომბა მოხსნეს რობერტო დონადონი
30 იანვ. ნოვარა ატილიო ტესერი მოხსნეს ემილიანო მონდონიკო
ლიგა 1
15 ნოემბ. ნიცა ერიკ რუა მოხსნეს რენე მარსილია
30 დეკ. პსჟ ანტუან კომბუარე ურთიერთშ. კარლო ანჩელოტი
1 იანვ. ევიანი ბერნარ კასონი მოხსნეს პაბლო კორეა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"