თამაშამდეც ცხადი იყო, რომ "მილანისა" და "იუვენტუსის" მატჩი (1:1) ნაღდი თრილერი იქნებოდა, მაგრამ ასეთ დრამატურგიას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. თრილერი ვნახეთ მოედანზე, სათადარიგოთა სკამზე, ტრიბუნებზე, შესვენებისას, საფინალო სასტვენის შემდეგ და იტალიელი ჟურნალისტები ყვებიან, ეგ ჟურნალი იყო, კინო თამაშის შემდეგ, კატაკომბებში უნდა გენახათო - მოკლედ, შაბათს ამ თამაშის ყურება ერთ რამედ ღირდა და წარმოვიდგინოთ, რაოდენ დიდი სიამოვნება იქნებოდა "სან სიროზე" ყოფნა.
ცეცხლზე ნავთი, რა თქმა უნდა, სალი მუნტარის გოლმა დაასხა, რომელიც აუხსნელი მიზეზების გამო არ ჩაითვალა და გასაკვირი სულაც არაა, "მილანის"
საფინალო სასტვენის შემდეგ დაიწყო დიდი გაწევ-გამოწევა და აყალ-მაყალი - როგორც იტალიაში უკიდურესად დაძაბული თამაშების დროს ხდება ხოლმე, ხოლო "სან სიროს" ე.წ. "საპატიო ტრიბუნაზე" კი ადგილობრივი ქომაგები "იუვეს" ფუნქციონერებს მისდგნენ და თითოეული მათგანის ახლო ნათესავებს "მოკითხვას უთვლიდნენ".
თავისი აზრი "მილანის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმაც გამოთქვა - ლაისმენმა კარის ხაზი ნახევარი მეტრით გადასწიაო - პირდაპირ ვთქვათ, იტალიელის კვალობაზე ზედმეტად კონსერვატიული ნათქვამი გამოუვიდა და შესაბამისად, მისი ნათქვამი არად ჩააგდეს. სამაგიეროდ, ყურადღების ცენტრში იყო "მილანის" ბატონ-პატრონი სილვიო ბერლუსკონი, რომელმაც მყისვე ახალი თემა წამოჭრა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის სამმატჩიან დისკვალიფიკაციას სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა.
ლეგიტიმური კითხვა სილვიოს: მაინც რატომ უნდა შეემცირებინა ლეგაკალჩოს ზლატანის დისკვალიფიკაცია ორ მატჩამდე მაინცდამაინც "იუვენტუსთან" თამაშის წინ?
ბოლოს კონტემ თქვა, ვიცი, რომ გადავამეტე და ფაქტია, ნერვები ყველას უნდა მოეთოკაო, მაგრამ არ გასულა რამდენიმე წუთი და სტუდიაში ექს-მილანისტასთან, ამჟამად სატელევიზიო ექსპერტ ზვონიმირ ბობანთან გააჩაღა (რბილად რომ ვთქვათ) ცხარე დისკუსია.
იტალიელებს უბრალოდ ძალიან უყვართ ასეთი ამბები. იტალიელები ემოციებით ცხოვრობენ.
* * *
ზოგადად, კონტემ შაბათს მილანში ბევრი ახალი "მეგობარი" შეიძინა. ერთ-ერთი უმთავრესი კი მათ შორის ფან-რეპორტიოტი კარლო პელეგატი გახლავთ, რომელიც ბერლუსკონის არხ "მედიასეტზე" კომენტატორად მუშაობს. სიტყვა-სიტყვით გადმოგცემთ, რას ამბობდა ეს ტიპი "მილანი"-"იუვენტუსის" მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ: "რა უსამართლობაა! რა სირცხვილია! და ამ ყველაფრის მერე კონტე მაინც არ ჩერდება - ოდნავადაც არ რცხვენია! კონტეს არ რცხვენია! უსირცხვილო კაცი - ანტონიო კონტე! იუვენტუსელებმა არ იციან, რა არის სირცხვილი!
კონტე ავადმყოფია! ჩუმად იყავი და დაახვიე გასახდელში! რა გაქვს სალაპარაკო? ეს ჩხუბი შენი ბრალია, შე იდიოტო! ეი, კონტე, დაიკარგე აქედან, გაუჩინარდი "სან სიროს" მოედნიდან!"
მისი გაცხარება თითქმის ისეთივე ფილიგრანული იყო, როგორც წლების წინ სამხრეთიტალიური, ლოკალური არხის რეპორტიორისა, რომელიც მაშინ მსაჯზე საქვეყნოდ ამას ლაპარაკობდა: "ახლა, ამ წუთას, ამის ცოლი სხვასთან ორალური სექსითაა დაკავებული და მისი კვნესა აქ, პრესლოჟაში მესმის!"
აი, ასეთები არიან იტალიელი ჟურნალისტები.
* * *
ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი საინტერესო შაბათის შემდეგ, კვირასაც მოხდებოდა რაღაც ისეთი, რაზეც "დრიბლინგში" დავწერდით? არადა, ასე არ უნდა გეფიქრათ, რადგან კვირას "ინტერი" თამაშობდა. ნეაპოლში განცდილი მარცხი (0:1) "ნერაძურისთვის" ბოლო 25 მატჩში მე-11 წაგება გახლდათ, რაც ამ კლუბის ისტორიაში ანტი-რეკორდია.
"ინტერის" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ კი იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და თქვა, გამიხარდა ის, რომ ბიჭებს უკან ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ და იბრძოლესო.
ეჰეი, რანიერი, სად უნდა გადაედგათ, როცა "ინტერი" კედელთანაა მიყუდებული და ხან "ნოვარა" ურახუნებს, ხან "ბოლონია" და ამ "გმირებს" არც "მარსელი" და "ნაპოლი" ჩამორჩნენ?
მორჩა, ბასტა! სანამ "ინტერი" თამაშს არ მოიგებს, პირობას ვდებ, "ნერაძურიზე" ასეთებს აღარ დავწერ და ისედაც გულდათუთქულ ინტერისტებს ნერვებს აღარ მოვუშლი.
იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკვე მართლა აღარაა სასაცილო.
ინგლისი
ჩრდილოეთ ლონდონში კვირას დიდი ცოდვა-ბრალი ტრიალებდა. ჯერ იყო და "არსენალმა" "ტოტენჰემს" 0:2 5:2-ად შეუტრიალა და "მეთოფეების" ფანები ცინიკურად მღეროდნენ, დანიშნეთ ჰარი ინგლისის ნაკრებში და ომი აღარ იქნებაო, მერე კი, "კარლინგის თასის" ფინალში ჯერარდების (სტივი ბიძაშვილ ენტონის წინააღმდეგ) ოჯახური დუელი საოცარ საფეხბურთო სპექტაკლად გადაიქცა. პენალტების სერია ლივერპულელმა ჯერარდმა გახსნა და ვერ გაიტანა, ბოლო პენალტი კი კარდიფელმა ენტონიმ დაარტყა და ააცილა.
მანამდე უარესები მოხდა: დამატებითი დროის მეორე ტაიმის მიწურულს კენი დალგლიში ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა, ჯერ თამაში არ დამთავრებულაო, რომ კარდიფელებმა ანგარიში გაათანაბრეს.
კიდევ რამეს ელოდებით? დაახლოებით ისეთს, რაც იტალიაში ხდებოდა?
ინგლისი სხვა სტიქიაა - იქ წაგებულები ან დაჩაგრულები მოგებულებს ან პრივილეგირებულებს არ ეჩხუბებიან. ინგლისში მოგება და წაგება მართლა ძმებივით არიან.
* * *
"მანჩესტერ სიტისა" და "პორტუს" დაპირისპირებისას, პორტუგალიური კლუბის ფანებმა მარიო ბალოტელი ამოიღეს მიზანში. მათი იარაღი, რა თქმა უნდა, რასისტული მიდგომა იყო: როცა შავკანიანი იტალიელი ბურთს მიიღებდა, "პორტუს" ფანები მაშინვე მაიმუნების იმიტირებას იწყებდნენ...
პორტუგალიელთა წარმომადგენელმა ამ დასაგმობ ფაქტს ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია მისცა: "რას ამბობთ, სად დაინახეთ რასიზმი? "სიტის" ფანები "კუნ-კუნ-კუნს" სკანდირებდნენ და ამით სერხიო აგუეროს აქეზებდნენ, "პორტუს" ფანები კი "ჰალკ-ჰალკ-ჰალკს" ყვიროდნენ. ახლა დააკვირდით, კუნ-კუნ-კუნ და ჰალკ-ჰალკ-ჰალკ ერთმანეთში რომ აირევა, რა გასაკვირია, რომ ეს შეიძლება რასისტულ გამოხტომად მოგვეჩვენოს," - განაცხადა რუი სერკერიამ და სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ თავისი გამოგონებით ძალიან კმაყოფილი იყო.
ჰოო, რა თქმა უნდა, რუი! ნაღდად ეგრეა! უბრალოდ, ცოტათი საოცარია ის, რომ აგუერო მოედანზე მხოლოდ 78-ე წუთზე გამოჩნდა. გასაგებია, რომ "სიტის" ფანებს ეს ფეხბურთელი ძალიან უყვართ, მაგრამ არც ისე, რომ კუნ-კუნ-კუნის სკანდირება მე-2 წუთიდან დაეწყოთ...
ასეა თუ ისე, პორტუგალიელებს მაინც აღმოაჩნდათ ჭკუა და პირველებმა იჩივლეს, "სიტის" ფანები არასპორტულ სიმღერებს მღეროდნენო. ამაში კი ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, რადგან მანჩესტერელთა "აგრესია" ჰალკისკენ იყო მიმართული, მათი სიმღერის შინაარსი კი სულ ესაა: "შენ არ ხარ დაუჯერებელი და გაუნმეორებელი... სპაიდერმენი მართალი იყო, როცა თქვა, რომ შენ განავალი ხარ!"
პრინციპში, მართლაც არასპორტული ტექსტია, მაგრამ სიმართლესთან ახლოსაა: ჰალკი იმ საღამოს არაფრად ვარგოდა...
რასისტობაში დადანაშაულების რომ არ მეშინოდეს, აქ საინტერესო პარალელს გავავლებდი, მაგრამ მეშინია და მხოლოდ ამასღა დავძენ: რას ერჩის ეს ხალხი მაიმუნების მოდგმას? საყვარელი მაიმუნი არ გინახავთ?..
...გასაგებია, მაგრამ კარგი და ცუდი ნებისმიერ ჯიშშია, ძმებო, პორტუგალიელებო. მაიმუნი კი ცოდოცაა!
ისე, ეს ბალოტელი ყველას როგორ აღიზიანებს...
* * *
საწყალი სტივ კინის უბედურება გრძელდება. "სიტისთან" 0:3-ის შემდეგ, "ბლექბერნის" ფანებმა მის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს და ორიოდ დღის წინ, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობისას, მთვრალი ფანი მოკვლითაც კი ემუქრებოდა. სტივმა კლუბის შეფების რჩევა ყურად იღო და პირადი მცველი აიყვანა, რომლის შესახებაც "თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "კაცი, რომელიც მე მიცავს, შესანიშნავი კარატისტია და მეშვიდე ხარისხის ქამარი აქვს. სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანი პიროვნებაა და საინტერესო საუბრები გვაქვს ხოლმე."
ცუდია, რომ კარატისტ "ბოდიგარდს" ფეხბურთის თამაშისა არაფერი გაეგება, თორემ სტივი დაცვაში ათამაშებდა. "ბლექბერნს" სამბას წასვლის შემდეგ (პარასკევს მახაჩკალის "ანჟიში" გადავიდა) დაცვაში ხომ კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა...
ესპანეთი
მიუხედავად "ატლეტიკოსთან" გამარჯვებისა (2:1), შეხედა რა "რეალის" სერიას და სატურნირო ცხრილს, "ბარსელონას" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თქვა, ესპანეთის ჩემპიონები ვეღარ გავხდებით, ამხელა ჩამორჩენის ამოქაჩვა შეუძლებელიაო. მერე მიხვდა, რომ ზედმეტად რადიკალური განცხადება გამოუვიდა და დასძინა, ცდას მაინც არ დავაკლებთო.
ლიონელ მესიმ მეხუთე გაფრთხილება მიიღო და მომდევნო ტურში, "ხიხონთან" ვერ ითამაშებს. გვარდიოლამ თქვა: "სამწუხაროდ, მესი მომდევნო ტურში დისკვალიფიცირებული იქნება - როგორც "რეალში" პეპე."
პეპ, ეს პეპეს შექებად უნდა მივიღოთ, თუ მესის კრიტიკაა?
* * *
ჟოზე მოურინიოს და "რეალს" საქმეები იდეალურად მისდით. იმდენად იდეალურად, რომ "მარკა" უკვე ანგარიშობს, რამდენი თამაშის მოგება დარჩა მადრიდულ გრანდს პრიმერადივიზიონის აბსოლუტურ რეკორდამდე. მხოლოდ 12, ფინიშამდე კი 14 ტურია! და მერე რა, რომ "რეალმა" "რაიო ვალეკანოს" მხოლოდ 1:0 მოუგო, ჟოზეს სასაყვედურო მართლა არაფერი ჰქონდა.
მაგრამ მოურინიო არ იქნებოდა მოურინიო, რაღაც მაინც რომ არ გამოეჩხრილა.
"მხოლოდ ის მწყინს, რომ მადრიდში ვთამაშობდით და სტადიონზე "რეალის" მხოლოდ 300 ფანი მოვიდა. "ხეტაფესთან" სულაც მხოლოდ 30-ნი იყვნენ. მესმის, კარგად მესმის, რომ ბილბაოში და მალაგაში არ დაგვყვებიან, მაგრამ აქ, ასე ახლოს ვთამაშობდით და მეტნი უნდა ყოფილიყვნენ," - ეს ჟოზეა, მოურინიო.
გერმანია
"შტუტგარტი" "ბაიერნზე" ძლიერია? პრინციპში, არა! "შტუტგარტის" ნახევარმცველი მარტინ ჰარნიკი არიენ რობენზე უკეთესი ფეხბურთელია? რა სისულელეა! "შტუტგარტის" მწვრთნელი ბრუნო ლაბადია "ბაიერნის" მწვრთნელ იუპ ჰაინკესზე ჭკვიანია? არა, რა თქმა უნდა, არა!
არადა, იმ "ფრაიბურგს", რომელსაც "ბაიერნმა" ვერაფერი მოუხერხა (0:0), შტუტგარტელებმა თავბედი აწყევლინეს (4:1), ჰარნიკმა დუბლი შეასრულა, ლაბადია ჰაინკესზე ჭკვიან მწვრთნელად წარმოჩინდა, "შტუტგარტი" კი "ბაიერნზე" უკეთეს გუნდად. რეკორდმაისტერი უბედურ დღეშია..."
ამას წერდა "ბილდის" კოლუმნისტი თავის სატირულ სვეტში კვირას.
საღამოს, "ბაიერნმა" "შალკე" 2:0 რომ დაამარცხა, ეს სვეტი "ბილდის" ვებ-გვერდიდან დედაბუდიანად აორთქლდა - ეტყობა, დაკომპლექსებულმა რედაქტორმა პირდაპირ შჰიფტ-Dელეტე-ს დააჭირა.
ისე, გერმანულ იუმორზე მარტო ჰოლანდიელებს ეცინებათ ხოლმე და ისიც ნიშნის მოგებით...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"