არნახული ქაოსი "აიბროქსზე"

AutoSharing Option
14 თებერვალს ლონდონურმა კომპანია "დაფ ენდ ფელპსმა" "რეინჯერსის" ადმინისტრირება გადაიბარა, თუმცა თვეზე მეტი ხნის შემდეგ ირკვევა, რომ "ტექნიკური" მიზეზით გარიგება კლუბის პრეზიდენტ კრეიგ უაიტსა და ლონდონელებს შორის შეუმდგარად უნდა ჩაითვალოს.

რა გამოდის? რა და, არ გადაუბარებია. უფრო სწორად, ის უფლებამოსილებებს არაკანონიერად ახორციელებდა. "ტექნიკური" მიზეზი კი მეტისმეტად მარტივია: "დაფ ენდ ფელპსს" დაავიწყდა, კლუბში შესვლის შესახებ ფინანსური მართვის სააგენტოსთვის ეცნობებინა.

რას ნიშნავს ეს იურიდიულად, უკვე გაცნობეთ. "წარმოდგენა არ მაქვს, რანაირად შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. რომ მკითხოთ, მე თქვენ კლუბის ამჟამინდელ იურიდიულ სტატუსსაც კი
ვერ მოგახსენებთ. ვვარაუდობ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება მიგვიჩნიოთ ადმინისტრატორებად," - განაცხადა "დაფ ენდ ფელპსის" წარმომადგენელმა პოლ კლარკმა.

ამ საკითხს ნათელი მხოლოდ მას მერე მოეფინება, რაც ორშაბათს, 19 მარტს, სასამართლოს სხდომა გაიმართება. იქამდე კი ისმის ლოგიკური შეკითხვა: შოტლანდიის საფეხბურთო ლიგამ ადმინისტრაციის შესვლის შემდეგ კლუბს 10 ქულა დააკლო (ეს წესი იმპერატიულადაა განსაზღვრული ლიგის წესდებაში) და რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მას მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე? თუკი სკურპულოზურად მივუდგებით, გამოდის, რომ "რეინჯერსს" ორშაბათის სხდომამდე ქულები უნდა დაუბრუნოს და შემდეგ ხელახლა დააკლოს.

აი, რა უთხრა "სკოტიშ სანს" შოტლანდიის საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა: "როგორც ჩანს, ეს წმინდა ტექნიკური საკითხია. ვვარაუდობთ, რომ ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს საკითხს, რომ "რეინჯერსის" წინააღმდეგ გაკოტრების საქმის წარმოება მიმდინარეობს. ასე რომ, კლუბისთვის დადებული სანქცია ძალაში დარჩება".

"იდეა, რომ "რეინჯერსს" ქულები დაუბრუნონ და მერე ისევ წაართვან, სრული აბსურდია. ეს ინგლისში რომ მომხდარიყო, საკითხი 5 წუთში გადაწყდებოდა, მაგრამ შოტლანდიაში მსგავსი პრობლემის მოგვარება სასამართლოს პრეროგატივაა. გარწმუნებთ, ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია და არავითარი გართულება ამას არ მოჰყვება. ორშაბათს კლუბში შიდა ადმინისტრირება იურიდიულად გამართულად აღდგება," - აცხადებს პოლ კლარკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული