ინგლისი
ლონდონური ავტობუსი
ამ უქმეებზე ინგლისში ყველა საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ამბავი ფაბრის მუამბას სამწუხარო ამბავმა გადაფარა, მაგრამ თქვენს ყურადღებას ორ საინტერესო მოვლენაზე მაინც გავამახვილებთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფერნანდო ტორესის გოლზე... დიახ! ფ-ე-რ-ნ-ა-ნ-დ-ო ტ-ო-რ-ე-ს-ი-ს გ-ო-ლ-ზ-ე უნდა ვთქვათ.
"ელ ნინიომ" ასოციაციის თასზე, "ლესტერთან" 5:2 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა და ეს გახლდათ მისი პირველი გოლი 151 დღის და
"Fernando Scorres", - წერდა ტაბლოიდი "სანი" გემოვნებიანად. იმ დროს, როცა "ჩელსის" გულშემატკივრებმა ლონდონურ ავტობუსებთან დაკავშირებული უძველესი გამოთქმა ("საუკუნე უნდა ელოდო და მერე ორი ერთად მოდის") გაიხსენეს, თავად ესპანელმა თავდამსხმელმა დრო იხელთა და ყველაფერი ყოფილ მწვრთნელ ანდრე ვილაშ ბოაშს გადააბრალა. "ახლა მწვრთნელის მხრიდან ნდობას ვგრძნობ და ამიტომაც გავიტანე," - თქვა ტორესმა, რომელიც გუშინ 28 წლის გახდა.
ინგლისში, რა თქმა უნდა, ყველა იმაზე ალაპარაკდა, რომ "ელ ნინიო" ბოლოს და ბოლოს ძველებურად ათამაშდება და გოლების გატანას დაიწყებს, მაგრამ ბრიტანელებს ერთი რამ არ უნდა დაავიწყდეთ: როცა ტორესმა მანამდე ბოლო გოლი გაიტანა (ჩემპიონთა ლიგის "გენკთან" 5:0 მოგებულ მატჩში), რაც 2011 წლის ოქტომბერში მოხდა, ჩვენი ინგლისელი კოლეგები მაშინაც წერდნენ, ახლა მაინც გამოცოცხლდებაო, მაგრამ იმ გოლს ხუთთვიანი უგოლო სერია მოჰყვა.
გაიცანით, სოფლიდან ჩამოსული "სიგი"!
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის უმთავრესი აღმოჩენა, რა თქმა უნდა, "სუონსია". "გედებმა" ამ უქმეებზე "ფულჰემს" სტუმრად 3:0 მოუგეს და ახლა ჩემპიონთა ლიგასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე პრემიერლიგიდან გავარდნასთან. ეს ისე, მეტი სიმძაფრისთვის. სინამდვილეში კი, თუ ამ გუნდს "ფეარ პლეის" რეიტინგის წილისყრაში გაუმართლა, შესაძლოა, მართლაც მოხვდეს ევროპაში, ოღონდ - ევროპალიგაზე.
"ვერასდროს დავიჯერებდი, რომ პრემიერლიგაში ასე კარგად ვითამაშებდით," - თქვა "სუონსის" მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა. მოედანზე კვლავ საუკეთესო იყო ისლანდიელი ნახევარმცველი გილფი სიგურდსონი, რომელმაც "ფულჰემს" დუბლი შეუსრულა. მას მერე, რაც ეს უკანასკნელი "ჰოფენჰაიმიდან" "სუონსიში" გაანათხოვრეს (ეს იანვარში მოხდა), სიგურდსონმა ხუთი გოლის გატანა შეძლო, რაც ნახევარმცველისთვის ძალიან კარგი შედეგია.
სეზონის ბოლოს, "სიგის" "ჰოფენჰაიმში" დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში დადგება. "სუონსის" მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ "ჰოფენჰაიმის" ბოსები ამას აღარ დაუშვებენ. ისე, მართლაც საინტერესოა, "ჰოფენჰაიმის" რომელმა "გენიოსმა" შეფმა მოაწერა ხელი პირველად სიგურდსონის "სუონსიში" გაშვებას - ნუთუ თვით "იმან"?
იტალია
Wash and Go
იტალიის არცერთ სხვა ქალაქში არ ჟღერს სიტყვა "იუვენტუსი" ისე ცუდად, როგორც ფლორენციაში; იტალიის არცერთ სხვა ქალაქში არ იწვევს ტურინული კლუბი ისეთ ზიზღს, როგორც ფლორენციაში; შესაბამისი იყო "არტემიო ფრანკის" პუბლიკის რეაქციაც, როცა მოედანზე ტურინელმა ფეხბურთელებმა შეაბიჯეს... "იუვეს" ფეხბურთელებზე მეტად, ფლორენციელმა ფანებმა ტურინული კლუბის თავკაც ანტონიო კონტეს შეუტიეს. ისე, ეს უკანასკნელი იტალიაში მეტოქე გუნდების ქომაგთა რისხვის უპირველეს სამიზნედ იქცა - ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ემოციურია.
კონტეს თმა სცვივა და ეს იტალიაში შეუმჩნეველი არავის დარჩა - არც ფლორენციელებს. "ფიორენტინას" ქომაგებმა ანტონიოს ტრანსფარანტი გადმოუფინეს, რომელზეც ეწერა: "კონტე, თმას "ვიდალით" ხომ არ იბან?" "ვიდალი" შამპუნის ერთ-ერთი სახეობაცაა და "იუვენტუსის" ფეხბურთელიც. ტრანსფარანტის ავტორისთვის ცუდი ის იყო, რომ "ფიორენტინას" მეორე გოლი სწორედ არტურო ვიდალმა გაუტანა. ისე კი, "იუვემ" "არტემიო ფრანკიზე" 5:0 მოიგო.
ადგილობრივი ტიფოზების უდიდესმა ნაწილმა სტადიონი საფინალო სასტვენამდე დიდი ხნით ადრევე დატოვა. გასვლისას ფლორენციელი ქომაგები თმის მოგლეჯის იმიტაციას აკეთებდნენ (ზოგიერთი ალბათ მართლა იგლეჯდა) და ვითომ კონტეს ესროდნენ (ზოგიერთმა ალბათ მართლაც ესროლა). თავად ანტონიომ კი მატჩის შემდეგ თქვა, რამდენიმე დავიჭირე, იქნებ მომავალში მართლაც გამომადგესო.
კარგი ერთი, ფორლან...
ჯიჯი სიმონი, მირჩა ლუჩესკუ, ლუჩანო კასტენილი, როი ჰოჯსონი - აი, იმ ფანტასტიკური მწვრთნელების ჩამონათვალი, რომლებიც 1998/99 წლების სეზონში "ინტერის" სათადარიგოთა სკამზე რიგრიგობით იტანჯებოდნენ. "ნერაძურიმ" იმ სეზონში საბოლოოდ მერვე ადგილი დაიკავა, რაც მაშინ იმას ნიშნავდა, რომ "ინტერი" 12 წლის შემდეგ პირველად დარჩა ევროტურნირებს მიღმა. მილანურ გრანდს წელსაც ევროპული ვაკუუმის საფრთხე ემუქრება - მართალია, ამ სეზონში ამისათვის (ჯერჯერობით) მხოლოდ ორი მწვრთნელი იკმარა, მაგრამ ესეც საქმეა.
გარდა იმისა, რომ "ატალანტასთან" 0:0 (თანაც საკუთარ მოედანზე), რბილად რომ ვთქვათ, მორიგი ცუდი შედეგია, რომელსაც კლუბის პატრონი მასიმო მორატი ჯერ კიდევ შესვენებისას გაექცა, ყურადღების ცენტრში ამჯერად დიეგო ფორლანი მოექცა. "ინტერის" ტანჯულმა თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ 65-ე წუთზე გადაწყვიტა, ურუგვაელი თავდამსხმელი მარცხენა ფლანგზე გადაეწია, ფორლანმა კი გაბედა და რანიერის უთხრა, მირჩევნია, სადაც ვარ, იქ დამტოვო, თუნდაც უკან დამხიო, ოღონდ ცენტრში მათამაშო, ფლანგზე თამაში არ მიყვარსო. რანიერის რეაქცია შესაბამისი გახლდათ: მან ურუგვაელი მოედნიდან საერთოდ გაიყვანა და მის ნაცვლად 20 წლის დავიდე ფარაონი შეუშვა - ამ უკანასკნელმა ოღონდ ითამაშოს და ნებისმიერ პოზიციაზე დადგება.
"დიეგო გულახდილი ბიჭია და ლოიალურადაც მოიქცა, - რაც უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი გახლდათ რანიერის კომენტარი ფორლანის საქციელზე. გულახდილობა გასაგებია, მაგრამ ლოიალურობა? თამამად ვიტყვით, ეს ამბავი დღევანდელი "ინტერის" სარკეა. რანიერის ადგილზე ჯოვანი ტრაპატონი რომ ყოფილიყო, უკვე ვიცით, რა პასუხიც ექნებოდა ფორლანის საქციელზე. მატჩის შემდეგ ჩვენი იტალიელი კოლეგები ამ თემაზე საუბარს რომ ამთავრებდნენ, მაყურებლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ფორლანს "ინტერში" სამუელ ეტო’ო უნდა შეეცვალა. ერთ-ერთმა ენამახვილმა ექსპერტმა კი მაშინვე გაიხსენა ის, რომ ეტო’ოს ჟოზე მოურინიოს ხელში მარჯვენა მცველის ფუნქციებიც არაერთხელ შეუსრულებია.
ფაქტია, რომ ეს სეზონი "ინტერისთვის" უკვე ჩაგდებულია, ფორლანს კი, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, ზაფხულში ურუგვაიში გადაბარგების უფლება დართეს. ცხადია, დიეგოს სამშობლოში ბევრი სირბილი არ მოუწევს და პოზიციასაც ყოველთვის თვითონ შეირჩევს.
რა თქმა უნდა, იბრაც, ოღონდ უდანაშაულო
ცხადია, იბრას გარეშე არც ამჯერად დაგტოვებთ - რა იქნებოდა კალჩოს უიქენდი ორაზროვანი განცხადებების გარეშე? ალალად ვთქვათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამჯერად დამნაშავე ნაღდად არ ყოფილა, უბრალოდ, მასზე იხალისეს. იბრა თამაშგარე მდგომარეობაში გახლდათ, როცა ფეხები განზე გაშალა და ბურთი გაიტარა, რითაც ურბი ემანუელსონს "პარმას" კარში მეორე გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა.
"როცა ზლატანი ფეხებს შლის, ყოველთვის ამტკიცებს, რომ ინტელიგენტია," - თქვა ერთ-ერთმა ენაკვიმატმა ანალიტიკოსმა პირდაპირ ეთერში და ამ სიტყვებს, რა თქმა უნდა, იტალიური სიცილ-ხარხარი და ხორხოცი მოჰყვა. გადაცემის წამყვანმა ილარია დ’ამიკომ კი, არც აცია, არც აცხელა და, დაამატა: "მოიცათ, როცა ფეხებს შლის, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ აქტიურიდან პასიურ მდგომარეობაში გადადის?.."
გააჩნია, სინიორა დ’ამიკო... გააჩნია! ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრნაირი მოსაზრება არსებობს...
ესპანეთი
პეპის ბოდიში
რა საერთო აქვს "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას "ჰამბურგის" პერუელ თავდამსხმელ პაოლო გერეროსთან? ცოტას დაგეხმარებით: ვარცხნილობა ნაღდად არ არის სწორი პასუხი; არც წარმატებულობა. გეთანხმებით, რთული გამოსაცნობია და აი, სწორი პასუხიც: ორივეს ბოთლების სროლა უყვარს!
შაბათს, "სევილიასთან" მატჩის დროს, პეპი ერთ მომენტში ისე გაბრაზდა, რომ აღარ იცოდა, რაზე გადაეტანა რისხვა და ბოლოს ბოთლს მისდგა - ჯერ ერთი ყლუპი წყალი მოსვა და მერე ისე მოისროლა, უკან არც გაუხედია. გერეროსა და გვარდიოლას შორის განსხვავება ის არის, რომ პეპი მაშინვე მიხვდა, სისულელე რომ ჩაიდინა; მიტრიალდა და სანიტარს, რომელსაც ბოთლი მოარტყა, სასწრაფოდ მოუბოდიშა.
ბარსას მძღოლმა ავტობუსის გასაღები დაკარგა
თუ ამ ამბავს არ ჩავთვლით, სხვამხრივ ლეო მესის და კომპანიას საქმეები აშკარად კარგად მისდით. "სევილიასთან" 2:0-ით "ბარსამ" "რეალთან" ჩამორჩენის შემცირებაც კი მოახერხა. მიუხედავად ამისა, ბარსელონელებს ამ უქმეებზე მაინც შეექმნათ მცირე და ერთობ სასაცილო პრობლემა: ანდალუსიიდან კატალონიაში გამგზავრებამდე "ბარსას" ავტობუსის მძღოლმა უცებ აღმოაჩინა, რომ გასაღები აღარ ჰქონდა - ვერაფრით დადგინდა, დაკარგა თუ მოპარეს.
სევილიელები მოედანზეც კარგ მასპინძლებად წარმოჩინდნენ და ცხადია, ბარსელონელებს არც ავტობუსის თხოვებაზე უთხრეს უარი. მართალია, კატალონიელებს აეროპორტში ცოტათი დააგვიანდათ და შესაბამისად, ლეო მესი სახლში დაგეგმილზე გვიან ჩავიდა, მაგრამ მეორე დღეს ვარჯიშზე მაინც არ დაუგვიანია. ჩვენს ესპანელ კოლეგას კი უთხრა, მშვენივრად მეძინა და ანდრეს პალოპის კარში გატანილი გოლი რამდენჯერმე დამესიზმრაო...
იძირება ნავი...
ისინი ევროპაში თამაშზე ოცნებობდნენ და მწარე რეალობაში აღმოჩნდნენ: დიდი შანსია, "ვილიარეალი" გაისად პრიმერადივიზიონში ვეღარ ვნახოთ, რადგან ამ გუნდს გასავარდნ ზონამდე მხოლოდ სამი ქულაღა აშორებს.
თუკი შემოდგომაზე "ვილიარეალს" "ბაიერნთან", "მანჩესტერ სიტისა" და "ნაპოლისთან" ჰქონდა საქმე, ახლა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" უშუალო კონკურენტები "გრანადა", "ხიხონი" და "რასინგი" არიან. კვირას "ვილიარეალის" მეტოქე "ლევანტე" გახლდათ და მორიგ წარუმატებლობას (0:1) მწვრთნელი ხოსე მოლინა შეეწირა. სხვათა შორის, ამ სპეციალისტმა "ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვე იმუშავა...
გერმანია
შნიკ, შნაკ, შნუკ!
ყველასათვის კარგად ნაცნობ საბავშვო თამაშ "ჯეირანს" (ვისთვის "ჯეირანი", ვისთვის "ჩინგოჩანგო") გერმანიაში შნიკ-შნაკ-შნუკს უწოდებენ. ჰო, რთული მისახვედრი არ იყო, რომ გერმანიიდან სადრიბლინგე თემა სწორედ ეს იქნებოდა. მოკლედ, გაგახსენებთ, რომ "ჰერტასთან" მატჩის დროს "ბაიერნის" ფეხბურთელები ფრანკ რიბერი და ტონი კროოსი "შნიკ-შნაკ-შნუკით" დაკავდნენ, რომელიც ფრანგმა დრიბლიორმა მოიგო და ჯარიმის დარტყმის უფლება სწორედ ასე მოიპოვა.
გერმანელები კონსერვატიული ხალხია და ამიტომაც იყო, ეს ამბავი კროოსისა და რიბერის, ბევრისთვის კი მთლიანად "ბაიერნის" გაკრიტიკების მიზეზი რომ გახდა. ამ თემას თვით შტეფან ეფენბერგიც გამოეხმაურა და რეკორდმაისტერის მოთამაშეებს მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდა.
გერმანელებმა, როგორც ყოველთვის, გადააჭარბეს, რადგან ეს ნამდვილად არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ბუნდესლიგაში "შნიკ-შნაკ-შნუკი" ვნახეთ. იგივე გააკეთეს "გლადბახის" ფეხბურთელებმა მაიკ ჰანკემ და მარკო როისმა "კიოლნთან" მატჩშიც (3:0 მიონხენგლადბახელთა სასარგებლოდ) და თანაც, ამავე სეზონში! მაგრამ "გლადბახის" შემთხვევაში ამ მოვლენის აფიშირება აზრადაც კი არავის მოსვლია. ჰო, რა თქმა უნდა, "ბაიერნი" წითელი კვერცხია...
ისე, იცოდით, რომ ამერიკაში ეს "ჯეირანი", "ჩინგოჩანგო", თუ გნებავთ "შნიკ-შნაკ-შნუკი" - სპორტის ოფიციალური სახეობაა?..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"