კლუბები პოზიციას იმყარებენ

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთი ამ საკითხზე უკვე წერდა და ახლა, როცა დოკუმენტი ოფიციალურად უკვე გაფორმებულია, მას ცოტა ხნით მივუბრუნდებით.

სტამბულში უეფას კონგრესზე მიშელ პლატინიმ და ევროპული საფეხბურთო კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელმა კარლ ჰაინც რუმენიგემ "ურთიერთგაგების მემორანდუმზე" მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა კიდევ უნდა გაღრმავდეს. უეფა მნიშვნელოვან ვალდებულებებს იღებს თავის თავზე. ეს ორგანიზაცია ივნისიდან სანაკრებო თამაშებისას ფეხბურთელების ჯანმრთელობის რისკებს დააზღვევს.

დაზღვევა იმოქმედებს აბსოლუტურად ყველა ოფიციალურ და ამხანაგურ თამაშზე, რომელიც საერთაშორისო კალენდრით იქნება გათვალისწინებული.

ამას გარდა, კლუბები ევროპის ჩემპიონატის შემოსავლებიდან დამატებით 100
მილიონ ევროს მიიღებენ. ევრო 2016-ის შემდეგ ეს თანხა 150 მილიონამდე გაიზრდება. შემუშავებულია ახალი საერთაშორისო კალენდარი, რომელიც დასამტკიცებლად მალე ფიფას აღმასრულებელ კომიტეტს გადაეცემა. გრაფიკი ითვალისწინებს ცხრა ორმატჩიან სანაკრებო დაპირისპირებას, რომელიც 2 წელიწადზეა გადანაწილებული.

სერიოზული "სეკვესტრი" ელოდება ამხანაგურ სანაკრებო შეხვედრებს. მაგალითად, აგვისტოში ასეთი ფანჯარა საერთოდ გაუქმდება. ამას გარდა, კლუბებს ამიერიდან უეფას გადაწყვეტილებებზე მეტი ზეგავლენის მოხდენის საშუალებაც მიეცემათ.

უეფას შესაბამისი კომიტეტი მომავალში მხოლოდ მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და უფლება მიეცემა, უეფას კლუბებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დაუბრუნოს ხელახლა განსახილველად.

"დღეს ევროპული საკლუბო ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა. ამ მემორანდუმში უეფა ცნობს კლუბების უდიდეს როლს, რომელიც ჩვენ სანაკრებო ფეხბურთის განვითარებაში შეგვაქვს. ამიერიდან კლუბებსა და ნაკრებებს შორის მეტი ბალანსი იქნება, რაც, ვფიქრობ, ზოგადად ევროპული ფეხბურთის დიდი გამარჯვებაა.

მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ პლატინის, რომელიც თავადაც იყო დაინტერესებული ამ შეთანხმებაზე ხელისმოწერით," - განაცხადა კარლ ჰაინც რუმენიგემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული