დრიბლინგი ევროპაში: ბებერი მელა

AutoSharing Option
"ინტერის" ფანები სტადიონზე მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ გაზაფხულია; ალესანდრო დელ პიერო ღირსეულად ბერდება; ინგლისში მარტო დალგლიში კი არა, მოსამართლეებიც ბოდავენ; ესპანეთი უკვე მოსაწყენი ხდება - ეს ყველაფერი და რამდენიმე გერმანული აბსურდი "დრიბლინგში":

იტალია

იუვენტუსის ასპროცენტიანი საღამო
სუფთა საფეხბურთო შესაძლებლობებს და (მანდილოსნებს გულს ნუ დავწყვეტთ) გარეგნობასაც რომ თავი დავანებოთ, მას სახელი და გვარიც კი ხელს უწყობს იმაში, რომ ძალიან პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი იყოს - აბა, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რაოდენ მუსიკალურად ჟღერს: ალესანდრო დელ პიერო. დაგვეთანხმეთ, სულ რომ არაფერი იყოს,
ჯერ მარტო სახელი და გვარი აქვს ისეთი, გინდა, ხშირად იმეორო.

ამ ყველაფერთან ერთად, მისი ხასიათის (მელანქოლიური, ცოტათი სენტიმენტალური, თავმდაბალი, უმეტესად ჩუმი, თავის საქმეზე შეყვარებული, ერთგული...) დამსახურებაცაა ის, რომ ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც არავის სძულს - ასეთები კი, მოგეხსენებათ, ძალიან ცოტანი არიან...

ტურინული გრანდის თავკაც ანტონიო კონტეს კარგი ყნოსვა ჰქონია: დელ პიეროს მთელი სეზონის მანძილზე უმეტესად სათადარიგოთა სკამზე აყურყუტებს, "ინტერთან" კი მოედანზე საოცრად ადრე, 53-ე წუთზე შეუშვა და "ბებერმა მელამაც" მაინცდამაინც "იუვეს" ქომაგებისთვის ყველაზე საძულველ მეტოქეს, "ინტერს" გაუტანა გოლი, რაც "იუვეს" "ტიფოზერიისთვის" ბედნიერების პიკი გახლდათ. ამიტომაც ქუხდა "ბებერი ქალბატონის" სტადიონი სულ სხვანაირად: ალესსსანდროოო - ყვიროდა გამომცხადებელი; დელ პიერო - პირდაპირ გულიდან აღმოხდებოდათ "იუვეს" ტიფოზებს.

"იუვენტუსის" 37 წლის "კაპიტანომ" 317-ე გოლი გაიტანა და ტურინული გრანდის ტიფოზერიას არ უნდა, რომ დელ პიერო დაბერდეს. დაბერებას ვინ ჩივის, უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ეს სეზონი მისთვის "იუვენტუსში" უკანასკნელი იქნება - არადა, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება არ უნდა და არც ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ითხოვს.

მართალია, "იუვეს" გადაბმულწარბებიან პატრონ ანდრეა ანიელის ისეთი გამომეტყველება აქვს, რომ დიდი ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ ისეთი უჭკუო როგორ იქნება, თუნდაც ერთი წამით რომ არ გაეფიქრა, ეს კაცი "იუვენტუსში" უნდა დარჩესო...

ჟუსტ შტატისტიც
"ინტერთან" გამარჯვებამ "იუვენტუსი" ბრწყინვალე ხასიათზე კი დააყენა, მაგრამ ტურინელები "მილანს" ისევ 4 ქულით ჩამორჩებიან.

"სკუდეტოსთან" ერთად, მილანელები ტურინელებს წვრილმანი სტატისტიკების გამოც ებრძვიან. კერძოდ, "მილანმა" იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ არა მარტო "ლეგა კალჩოს", არამედ "უეფასაც" მიმართა, ტურინში გამართული მატჩის ძირითადი დრო 2:1 რომ მოვიგეთ, ვფიქრობთ, ეს "იუვენტუსს" ამ სეზონში პირველ წაგებად უნდა ჩაეთვალოსო.

მილანელებმა ზემდგომი ინსტანციებიდან დამცინავი პასუხი მიიღეს: უეფასთან ყოველი შემთხვევისთვის გავლილი კონსულტაციის შემდეგ "ლეგა კალჩომ" მილანელები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ როცა საფეხბურთი მატჩში დამატებითი ტაიმები ინიშნება, ძირითად 90 წუთში დაფიქსირებულ შედეგს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც, მაგალითად, კალენდარული შეხვედრის დროს პირველ 45 წუთში დაფიქსირებულს.

როგორც ხედავთ, ეს ზედმეტად ჩახლართული, ტიპური იტალიური პასუხია და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მილანელებს უთხრეს, ნეტაი თქვენ, საქმე გამოგლევიათო...

ის ურჩევნია მორატის...
"ინტერმა" კი იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში მე-12 თამაში წააგო, რასაც "ნერაძურის" ტიფოზები უკვე იუმორით უყურებენ. ერთ-ერთმა "ინტერისტმა" "იუვენტუს არენაზე" ასეთი შინაარსის ტრანსფარანტი გამოჭიმა: "სტადიონზე უკვე მხოლოდ გოგოების შესაბმელად მოვდივართ!"

"ინტერის" პატრონ მასიმო მორატის კი ეს უკვე აღარ სჭირდება და შესაბამისად, სტადიონზე არ ყოფილა - მასიმო ლონდონში იმყოფებოდა, სადაც პატარა "ინტერისტებმა" ეგრეთ წოდებული ჭაბუკების ჩემპიონთა ლიგა, ოფიციალურად კი "Next Generation Series" მოიგეს (ფინალში "აიაქსი" დაამარცხეს)...

ინგლისი
რა მოხდება, თუ პულისს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ? აპოკალიფსი!
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ "სტოკ სიტის" დამრიგებელ ტონი პულისს საფინალო სასტვენის შემდეგ (1:1, მეომარმა ჟირაფმა პიტერ კრაუჩმა მაგარი გოლი გაიტანა) ხელი არ ჩამოართვა. იტალიელი უკიდურესად განრისხებული გახლდათ, პულისი კი მის უზრდელობას გაგებით მოეკიდა - მანჩინი უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული და ჩემთვის გასაგებია, რატომაცაა ხასიათწამხდარიო. პულისს მართლაც არაფერი აქვს საწუწუნო, რადგან წინა კვირაში საოცარი რამ მოახერხა.

იმ ზონაში, სადაც მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 100 კმ/სთ გახლდათ, ტონიმ 160-ით გაიქროლა და ცხადია, სახლში ფოსტით "სამახსოვრო ფოტოც" მიუტანეს, მაგრამ რაც  უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მან მართვის მოწმობის შენარჩუნება მოახერხა. როგორ? აი, ასე:

პულისის ადვოკატმა მოსამართლეს რამდენიმე გენიალური არგუმენტი მოუყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ ტონისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა უდიდესი დანაშაული იქნებოდა.

პირველი არგუმენტი: "პულისს არ შეუძლია მძღოლის აყვანა, რადგან მერე ამ უკანასკნელს შეეძლება, მისი ტაქტიკური ჩანაფიქრები გაიგოს და ყველაფერი მეტოქეებს ჩაუკაკლოს, რაც იმას გამოიწვევს, რომ "სტოკ სიტის" პრემიერლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრება".

მეორე არგუმენტი: "სტოკ სიტის" გავარდნას კი ის მოჰყვება, რომ მთელი ქალაქი მოიწყენს".

მესამე არგუმენტი: "პულისი ხშირად სტუმრობს ხოლმე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, რასაც მართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში იშვიათად, ან საერთოდ ვეღარ მოახერხებს და შესაბამისად, ბავშვები ძალიან მოიწყენენ".

ამ არგუმენტებმა შედეგი გამოიღო! მართალია, მტყუან-მართალის გარჩევის დღეს "სტოკს" გასავარდნ ზონამდე 14 ქულა აშორებდა, მაგრამ მოსამართლე მაინც "დაგოიმდა".

მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ, ტონი!

რას ბოდავს დალგლიში?
"შესანიშნავი ფეხბურთის თამაშს უნდა შევეშვათ!" - მოითხოვა გასულ უქმეებზე კენი დალგლიშმა. არ ვხუმრობთ, მართლა ასე თქვა! ჰო, შესანიშნავმა, უფრო სწორად, ისეთმა ზეციურმა ფეხბურთმა, როგორიც მისმა გუნდმა "უიგანთან" 1:2-ზე წაგებულ მატჩში ითამაშა, მართალია, "ლივერპული" ლიგის თასისა და ასოციაციის თასის ფინალებში გაიყვანა, სამაგიეროდ, დალგლიშის სამწყსო პრემიერლიგაში ზედიზედ ორი წაგების (ორივე გავარდნის კანდიდატებთან) შემდეგ მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მეოთხე ადგილს 13 ქულით ჩამორჩება. კენიმ წაგება გადაღლილობას დააბრალა და ისიც თქვა, იქნებ საჭიროა, რომ ფილოსოფია შევცვალოთო. ოღონდ რის შეცვლას გულისხმობდა, აღარ დაუკონკრეტებია.

ფილოსოფიისა რა გითხრათ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, "ლივერპულის" ამერიკელი მფლობელები მწვრთნელის შეცვლაზე კი ნამდვილად ფიქრობენ.

ესპანეთი
ნამეტანია, ნამეტანი!
თითქოს ის არ ეყოფოდა, რომ პრიმერადივიზიონი მხოლოდ "ბარსელონას" და "რეალის" ხანგრძლივი დუელია, ესპანეთის სანაქებო ჩემპიონატი ახლა ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს პირად დაპირისპირებადაც გადაიქცა.

პორტუგალიელი და არგენტინელი რეკორდების დამხობას აგრძელებენ და ისტორიას ქმნიან. თუკი მესი წინა ტურში "გრანადასთან" ჰეთ-თრიკით "ბარსას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, შაბათს "მალიორკას" კარში გატანილი გოლით კატალონიური გრანდის კიდევ ერთი ლეგენდარული თავდამსხმელის, ბრაზილიელი რონალდოს რეკორდი "შემოემყარა".

ლეო ბომბარდირთა დავას კვლავაც კრიშტიანოსთან ერთად ლიდერობს და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სეზონის ფინიშამდე 9 ტურია დარჩენილი, ცხადია, ისინი 40-გოლიან ზღვარსაც გადააბიჯებენ, რაც კიდევ ერთი, ვინ მოთვლის, მერამდენე რეკორდი იქნება.

ეს ყველაფერი უკვე მოსაწყენი ხდება, არა?


გერმანია
აბსურდი, სახელწოდებით ჰამბურგი
"ჰამბურგი" ავარიასავითაა - არ გინდა, რომ შეხედო, მაგრამ შინაგანი ძალა მაინც გიბიძგებს და გაყურებინებს. სანახაობა კი მართლაც საზარელია: "ჩელსის" ბალასტით დატვირთული "ბუნდესლიგის უკანასკნელი დინოზავრი" სულს ღაფავს.

ჩრდილოგერმანულ კლუბს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, დღეისათვის კი ყველაზე მთავარი სტანდარტული სიტუაციების დროს მცველების უკიდურესი ქალაჩუნობაა. ეს მთავარმა მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმაც შენიშნა და აი, რა მოიგონა: კუთხურიდან ან ჯარიმიდან გაშვებული თითოეული გოლის გამო ფეხბურთელები ჯარიმებს იხდიან, მაგრამ თუ თავად გაიტანენ ასეთ გოლს, გაღებულ თანხას იბრუნებენ. "ჰამბურგის" ბოსების მოტივაცია გასაგებია: "წარუმატებლობა წარუმატებლობად და ფული მაინც დავზოგოთ!"

იქნებ ჰამბურგელები ყველაფერს სწორად აკეთებენ? აბსურდების თეორიაზე გსმენიათ რაიმე? თუ არა, მარტივად ვთქვათ: ჯოკერში ხომ არსებობს "ხიშტების პრემია"?

იქნებ ჰამბურგელებმა სწორედ მათ კართან შესრულებული სტანდარტულების შედეგად დაადგინეს, რომ ბუნდესლიგა უაზრო ტურნირია? ან სამყარო, სადაც მონარქიულად მართული სოფლის გუნდები იმდენს ახერხებენ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ინტრიგა შეიტანონ? ("ჰოფენჰაიმმა", რომელიც "ბაიერნთან" 1:7 განადგურდა, ხომ მოუგო "გლადბახს", რომელმაც "ბაიერნი" შინაც გაამწარა და სტუმრადაც) განა აბსურდი არ არის ისიც, რომ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "ლევერკუზენი" ჯერ კიდევ მეხუთე ადგილზეა?

აბსურდების თეორიას თუ განვავრცობთ და სერიოზულად ვიფიქრებთ, რომ "ჰამბურგს" "ხიშტების პრემიაზე" გასვლა უნდა, იმასაც მივხვდებით, რატომ არის ამ გუნდში პაოლო გერერო ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი; ან იმას, თუ რატომ ათამაშა ფინკმა ამას წინათ რობერტ ტეშე გამთამაშებლად...

90-იანებში ჩარჩენილი ბალაკოვი
იდეაში, "კაიზერსლაუტერნი" ამ სეზონში "ჰამბურგზე" დიდი აბსურდია; უბრალოდ, "ჰამბურგი" უფრო ჩანს. "ლაუტერნის" ახალმა თავკაცმა კრასიმირ ბალაკოვმა ჩამწარებული დებიუტის (0:2 ფრაიბურგში) შემდეგ თქვა, ოცნება ამიხდა, აქ რომ დავინიშნეო. საინტერესოა, იცის თუ არა ბულგარელმა, რომ ახლა 2012 წელია და ის "კაიზერსლაუტერნის" მთავარი მწვრთნელია?

ეჰ, რუდი, რუდი...
"ლევერკუზენი" ერთხელ უკვე ვახსენეთ ცუდ კონტექსტში, მაგრამ მეორეც უნდა ვთქვათ. "ბაიერის" სპორტულ დირექტორ რუდი ფიოლერს "სქაის" ექსპერტი ფიორტოფტი შემოელანძღა - მაინტერესებს, ვინ აიყვანა ექსპერტად ეგ ჯამბაზიო. შეურაცხყოფის მიზეზი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, ადრესატმა კი ფიოლერს "თვითერიდან" კარგი პასუხი გასცა: "ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, როცა ფიოლერი სიტყვა ჯამბაზს უარყოფით კონტექსტში იყენებს - ჯამბაზები უმეტესად კარგი ტიპები არიან და თანაც, ყველა ჯამბაზი ხელოვანია!"

რაც მთავარია, ახლა უკვე მთელმა გერმანიამ იცის, რომ ჰაინრიხ ბიოლი ნაღდად არ არის ფიოლერის საყვარელი მწერალი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული