დრიბლინგი ევროპაში: ეს ის იბრა აღარ არის...

AutoSharing Option
"მილანს" ოთხი ფანტაზისტა ჰყავს და უქმეებზე ოთხივემ, განსაკუთრებით კი ერთმა ჩაისვარა; ინგლისში ფერნანდო ტორესის ვარცხნილობაზე მიდის დისკუსია, რობერტ გრინმა კი კიდევ ერთხელ "გამოიჩინა თავი"; "ბარსა" ჰერკუსელესისგან მიღებული დარტყმის შემდეგ ტრავმატოლოგიურშია, გერმანიაში კი კატები ყეფენ.
თქვენ წინაშეა "ლელოს" დრიბლინგი ევროპაში, რომელიც აღვადგინეთ და სამშაბათობით ვიდრიბლიორებთ ხოლმე.

იტალია: სილვიო და კომუნისტები

"მილანის" ოთხივე "ფანტაზისტა" ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ - ჯერ რონალდინიო თამაშობდა იბრაჰიმოვიჩთან და პატოსთან ერთად, მერე კი რობინიო შევიდა რონალდინიოს ნაცვლად. მაგრამ "ჩეზენასთან" მოგებისთვის წესით, სამი "ფანტაზისტაც" საკმარისი უნდა ყოფილიყო. "გაძეტა
დელო სპორტი" წერდა, 0:2-ის დრამატიზირება აუცილებელი არ არის, "მილანის" "ატომურ წინა ხაზს" ერთად ერთი-ორჯერ თუ ჰქონდა ნავარჯიშებიო.

შესაძლოა, ასეთი მოსაზრება მართალიც იყოს, მაგრამ არც ისეა საქმე, მატჩის მერე ადრიანო გალიანიმ და სილვიო ბერლუსკონიმ რომ დახატეს. პირველმა წაგება მსაჯს დააბრალა და ტრიბუნაზე მსაჯების შეფ სტეფანო ბრასკის დიდხანს ურჩევდა საქმეს, სილვიომ კი თქვა, პრობლემა ისაა, რომ "მილანს" მემარცხენეების მსაჯებს უნიშნავენო. ანუ, "მილანმა" "ჩეზენასთან" რომ წააგო, ეს სულ კომუნისტების ინტრიგების ბრალი ყოფილა, რომლებიც ბერლუსკონის ებრძვიან. არადა "მილანმა" ისე ამაზრზენად ითამაშა (განსაკუთრებით დაცვაში და ფლანგებზე), რომ უპრიანი იქნებოდა, რობინიოს ყიდვის ნაცვლად, პრობლემური ზონებისთვის მიეხედათ. მაგრამ იქნებ სცადეს და ამაშიც კომუნისტებმა შეუშალეს ხელი?

იბრაჰიმოვიჩი ზოგადად ცალკე სალაპარაკო თემაა. სადებიუტო თამაშში ძალიან მოინდომებსო, ფიქრობდა ალბათ ალეგრი და ზლატანს თავიდან ბოლომდე ენდო, მაგრამ როგორც ჩანს, იბრასთვის მონდომება უნიჭო კლოუნობას ნიშნავს. ვინც თამაში ნახა, მიხვდება, რასაც ვგულისხმობთ და ვინც არ ნახა, ვურჩევთ, არც უყუროს, რადგან ერთ დროს ("აიაქსში" და მერე "იუვენტუსში", ოღონდ მარტო პირველ სეზონში) ზლატანი მართლა გენიალური ფეხბურთელი იყო და რომ ნახოთ, "ჩეზენასთან" როგორ "ითამაშა", მისი გვარის გაგონებაც არ მოგინდებათ და უმჯობესია, ცოტა სხვანაირი იბრა გახსოვდეთ.

პირადად ჩემთვის ყველაზე მიუღებელი და ნერვების მომშლელი მაინც ის იყო, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ზლატანს პენალტი დაარტყმევინეს - პენალტი, რომელიც ტრადიციული ილეთით მოიპოვა უბერებელმა პიპო ინძაგიმ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ 25 წუთი დაჰყო, ყველაზე პროდუქტიული მილანელი გახლდათ. ვინ არის იბრაჰიმოვიჩი, თანაც ასეთი ამაზრზენი თამაშის ფონზე და მიტ უმეტეს სადებიუტო შეხვედრაში, რომ მას პენალტს არტყმევინებენ? რატომ არ დარტყა "როსონერის" სტაჟიანმა პენალტისტმა პირლომ? რას წარმოადგენს ზლატანი "მილანისთვის"?

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ემანუელე ჯაკერინი იყო. ის 25 წლისაა, სიმაღლეში მხოლოდ 167 სანტიმეტრია და ამიტომაც ეძახიან "ფაჯოლინოს", რაც პატარა კანფეტს ნიშნავს. ამ ბიჭს ფეხბურთისთვის თავის დანებება უნდოდა, რადგან "ჩეზენაში" ფეხს ვერ იკიდებდა და სამჯერ იყო მეოთხე ლიგაში (!) განათხოვრებული, იქ კი, მოგეხსენებათ, ფული არ იშოვება. მაგრამ შაბათს ჯაკერინიმ იფრინა! იქნებ იმიტომ, რომ ჩეზარე პრანდელის მოსწონს? საფინალო სასტვენის შემდეგ მან იბრას გაუცვალა მაისურა. სხვათა შორის, "ჩეზენას" წლიური სახელფასო ფონდი 8.3 მილიონი ევროა, მარტო იბრაჰიმოვიჩი კი წელიწადში 9 მილიონს იღებს...

ინგლისი: მაპეტ შოუ

"It's not easy being green," - ასე მღეროდა ცნობილ "მაპეტ შოუში" მწვანე ბაყაყი Kermit the Frog და ასპროცენტიანი ყოფილა. მართლაც არაა იოლი, იყო გრინი - ინგლისის ნაკრების მუნდიალზე შერცხვენილი მეკარე "ჩელსისთან" მატჩშიც ისე მოიქცა, როგორც ზოგადად ინგლისელ კიპერებს შეეფერებათ, მაგრამ "ვესტ ჰემის" კარის დარაჯი მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა.

"რობერტი ძალიან კარგი მეკარეა და ეს ყველაფერი ისე უნდა გადაიტანოს, როგორც ნამდვილმა მამაკაცმა. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება," - თქვა "ვესტ ჰემის" თავკაცმა ავრამ გრანტმა, მაგრამ თვითონ ამ უკანასკნელსაც მოუწევს რაღაც-რაღაცების ვაჟკაცურად გადატანა - მისმა გუნდმა ოთხივე თამაში წააგო და ფაქტია, რომ "ვესტ ჰემის" ქომაგებს გრანტის ატანა დიდხანს ნაღდად აღარ მოუწევთ. სხვათა შორის, შეცდომა დაუშვა გრინის კონკურენტმა ჯო ჰარტმაც (მანჩესტერ სიტი) - ინგლისის ნაკრების ახალმა მეკარემ "ბლექბერნთან" სასაცილო გოლი გაუშვა და ახლა უკვე ისიც "მაპეტ შოუს" გმირია.

ინგლისში "სერიოზულად" დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვარცხნილობა ფეხბურთელის თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. ჯერ იყო და გარკვეულ წრეებში უეინ რუნის დასცინოდნენ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად იმიტომ ითამაშა, რომ აშშ-სთან მატჩის წინ მკერდი გაიპარსაო. ახლა კი, ამ თეორიის მიმდევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფერნანდო ტორესი მას მერე ვეღარ თამაშობს კარგად, რაც ქერა თმები მოიშორა. "ელ ნინიოს" თამაში "ბირმინგემთან" (0:0) "სქაის" ექსპერტმა ჯეიმი რედნაპმა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, "ამაზრზენად" და "გამაოგნებლად ცუდად" შეაფასა. "შეიძლება ფეხბურთელს ცუდი დღე გაუთენდეს, მაგრამ ფეხბურთელმა, როგორც მინიმუმ, უნდა მოინდომოს," - თქვა მან.

ესპანეთი: იოზილმა ბერნაბეუ დაიპყრო

"ბარსელონას" ტრავმატოლოგოურში წოლა დიდხანს არ მოუწევს, სამაგიეროდ, "ერკულესის" ფანებს ამ უქმეებზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება სიკვდილამდე ეხსომებათ. სტატისტიკას რომ შევხედოთ, "ბარსას" 1986 წლის მერე "ერკულესთან" პრიმერადივიზიონის ყველა თამაში წაგებული აქვს. თუ კარგად დავაკვირდებით, იმასაც დავინახავთ, რომ კატალონიელები მათთვის სადღეისოდ ავადსახსენებელ მეტოქეს სულ სამჯერ შეხვდნენ, რადგან "ერკულესი" უმეტესად ქვედა დივიზიონებში დაცურავდა, მაგრამ ჯუჯა კლუბი მაინც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

"ერკულესმა" "ბარსა" მანამდე ბოლოს 1997 წელს, მე-19 ტურში დაამარცხა და მაშინაც "კამპ ნოუზე": კატალონიელები მაშინ 2:0-ის იგებდნენ და 2:3 წააგეს. პატივისცემას იმსახურებს ნელსონ ვალდესიც, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიაში" აღარ სჭირდებოდათ, ახლა კი შურის თვალით უყურებენ, რადგან "ბარსას" კარში ორივე გოლი პარაგვაელმა გაიტანა.

მადრიდში მესუთ იოზილზე გააფანატეს. "ასი" წერდა, "რეალის" ქომაგებს ბედნიერების მიზეზი აქვთ, "სამეფო გუნდში" დიდი ფეხბურთელი გამოჩნდაო. "მარკაში" კი ვკითხულობთ, რომ თურქული წარმოშობის გერმანელმა ფეხბურთელმა "სანტიაგო ბერნაბეუს" გული მოიგო. დასკვნა კი ასეთი იყო: "გერმანელი მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნის მანქანაა". ფაქტია, ყოფილი ვერდერელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამაზე უკეთეს დებიუტს ვერ ინატრებდა.

ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი კი უდავოდ "ლა რომარედაზე" შედგა, სადაც მალაგელმა ბიჭებმა ადგილობრივი სარაგოსელები 35 წუთში გალახეს (5 გოლით). ყველაზე უბედური, რა თქმა უნდა, "სარაგოსას" კიპერი ლეო ფრანკოა - მის თანაგუნდელებს ცოტაოდენი ფეხბურთის თამაშის სურვილი მხოლოდ მას მერე გაუჩნდათ, როცა ტაბლოზე უკვე 0:5 ენთო.

გერმანია: სანამ ძაღლები უქეიფოდ არიან...

უძაღლო ლიგაში კატები ყეფენ. არიენ რობენი ტრავმირებულია, ფრანკ რიბერი ჯერ კიდევ არ არის ფეხბურთის თამაშის იშტაზე, დიეგო უქეიფოდ იყო, რაული საქეიფოდ, ჰუნტელაარი "პახმელიაზე", ვან ნისტელროი კი უბრალოდ მარცხენა ფეხზე ადგა - შესაბამისად, ბუნდესლიგის პირველ სამ ტურში ტურში ისეთმა სახეებმა გაიბრწყინეს, მანამდე მათ შესახებ ძალიან ცოტას რომ სმენია რამე.

ისააკ ვორსა, მოჰამედ (მოა) აბდელაუ, ბენჯამინ კიოლერი, პაპის დემბა სისე, სრდიან ლაკიჩი - პირველი "ჰოფენჰაიმის" მცველია და ბოლო ტურში ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა ("სოფლელები" ცხრილს სათავეში უდგანან), მეორე "ჰანოვერის" ახალი თავდამსხმელია, რომელსაც უკვე ორი გოლი აქვს გატანილი, მესამე "აინტრახტის" ნახევარმცველი გახლავთ, მკვდრეთით რომ აღსდგა, მეოთხე "ფრაიბურგის" აღვირახსნილი ფორვარდია (4 გოლი სამ თამაშში), მეხუთე კი "კაიზერსლაუტერნის" ბევრისგან დავიწყებული თავდამსხმელი.

სხვათა შორის, ლაკიჩს თბილისშიც უთამაშია - მაშინ "ჰერტას" ფორვარდი იყო და ბერლინურ კლუბს ჩვენს დედაქალაქში "ამერთან" სათამაშოდ (2:2) ჩამოჰყვა და გოლიც გაგვიტანა. დღეს არც "ჰერტაა" ელიტაში, "ამერიც" აღარ ამერობს, ლაკიჩი კი "კაიზერსლაუტერნის" მთავარი დამრტყმელი ძალაა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული