დენი უელბეკის ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
"სპორტსმეილის" ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დენი უელბეკთან, როგორც იქნა, მიაღწია შეთანხმებას და სეზონის დასრულებისთანავე 21 წლის თავდამსხმელს ახალ, ხანგრძლივ კონტრაქტს გაუფორმებს.

ფეხბურთელის წლიური ხელფასი 2,5 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება, რაც კვირაში 50 ათასს უდრის. ეს თითქმის სამჯერ მეტია იმაზე, რასაც ფეხბურთელი აქამდე იღებდა.

ამრიგად, უელბეკის ხელფასი გაუტოლდება "იუნაიტედის" სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავების ანაზღაურებას. ლაპარაკია ფილ ჯონსზე, ტომ კლევერლისა და კრის სმოლინგზე.

უელბეკმა სულ სეზონის განმავლობაში 38 თამაში გამართა და მასში, 12 გოლის გარდა, 7 შედეგიანი გადაცემითაც ისახელა თავი. წარმოიდგინეთ, რომ მიუხედავად ვარსკვლავური სტატუსისა,
მან ხავიერ ერნანდესის სკამზე დასმაც კი შეძლო. დენიმ პრემიერლიგაში მექსიკელზე მეტჯერ დაიწყო თამაში ძირითად შემადგენლობაში.

ახალი კონტრაქტი ფეიენოორდში
"ფეიენოორდმა" ძირითად მეკარეს, 23 წლის ერვინ მიულდერს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გაუფორმა. ძველ ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ივნისში ეწურებოდა.

ახლა ის 2015 წლამდე იქნება ძალაში. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე თამაშობს და, როგორც პრესა იუწყება, ის ერთ-ერთი იქნება იმ ფეხბურთელებს შორის, ვისაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ გუნდში უხმობენ. ამ ეტაპზე კი ფეხბურთელი მაარტენ სტეკელენბურგის, ტიმ კრულისა და მიხელ ვორმის კონკურენციას ვერ უძლებს.

სანდერლენდის დანაკლისი
"სანდერლენდს" პრემიერლიგის დარჩენილ 3 თამაშში "ბოლტონის", "ფულჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ სერიოზული დანაკლისი ექნება. "შავი კატების" 26 წლის მარჯვენა ნახევარმცველ სებასტიან ლარსონს საზარდულის ოპერაცია გაუკეთეს და აღდგენითი პროცესი, მინიმუმ, 14-16 დღეს წაიღებს. ამასობაში კი პრემიერლიგაც დამთავრდება.

ფეხბურთელმა ნებართვა, რომ გეგმიური ოპერაცია გაეკეთებინა, კლუბისგან მიიღო. თუკი რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლარსონი მოახერხებს შვედეთის ნაკრების შეკრებაზე გამგზავრებას. სებასტიანი ერიკ ჰამრენის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევა და თუკი ის ფორმაში იქნება, ევროპის ჩემპიონატზე მისი გამგზავრების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

"საზარდული ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მაწუხებდა. მადლობელი ვარ კლუბის, რომელმაც ოპერაციის ჩატარების უფლება სეზონის დასრულებამდე მომცა," - აცხადებს ფეხბურთელი.

ალან პარდიუ ბაიერნის მხარეს
"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნის" გულშემატკივარი იქნება და ამას ის ხმამაღლა აცხადებს. თანამემამულეთა მიმართ, ერთი შეხედვით, ამ ცოტა უცნაურ დამოკიდებულებას რაციონალური ახსნა აქვს. მოგეხსენებათ, 2012/13 წლების სეზონში ინგლისი ჩემპიონთა ლიგაში 4 გუნდს გაიყვანს.

თუკი "ლურჯებმა" "ალიანს არენაზე" წარმატებას მიაღწიეს, 4-იდან 1 ადგილს ისინი ავტომატურად მიიღებენ და ასეთ შემთხვევაში "ტოტენჰემი" და "ნიუკასლი", რომლებიც მე-4 ადგილისთვის თავდაუზოგავად იბრძვიან, თამაშგარეში დარჩებიან.

"ჩელსის" ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაში ჩვენთვის ნოკაუტი იქნება, რადგან "ტოტენჰემისა" და "არსენალის" მსგავსად, ჩვენც ძალიან გვინდა ლიგის მომდევნო გათამაშებაში მონაწილეობა. თუკი მე-4 ადგილს დავიკავებთ, მაგრამ მაინც ამ ტურნირის მიღმა დავრჩებით, ჩვენთვის ეს დიდი დარტყმა იქნება," - განაცხადა 50 წლის სპეციალისტმა.

"ნიუკასლი" ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ "სპორტს დირექტ არენაზე" (ყოფილი "სენტ ჯეიმს პარკი") კლუბი ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელ სერ ბობი რობსონს ძეგლს დაუდგამს. ღონისძიება 6 მაისს არის დანიშნული. რობსონი "ნიუკასლს" 1999-იდან 2004 წლამდე ედგა სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული