დრიბლინგი ევროპაში: ოტო ასე უბერავს...

AutoSharing Option
ჩვენში კარგად ნაცნობი სიმღერის ტექსტში დიდი ფილოსოფიაა ჩადებული: ყველა უბერავს - უბრალოდ, ზოგი ასე და ზოგიც ისე.

მანჩესტერული დერბის წინ კარლოს ტევესმა თავისებურად შეუბერა და ისეთები თქვა, თავი მარსზე გვეგონა; კენი დალგლიშმა უფრო დალაგებულად ილაპარაკა, მაგრამ მაინც ვერაფერი გაგვაგებინა; მირკო ვუჩინიჩის ინტერვიუების მოსმენა, ნახვა ან წაკითხვა, წინასწარ გაფრთხილებთ, დროის უაზრო კარგვაა; "ბარსელონა" თურმე სტუმრად ტკბილეულობას მიირთმევს და მერე მასპინძელს სახეში აშარდავს; ოტო რეჰაგელს კი ასაკი დაეტყო...

თქვენ წინაშეა "ლელოს" მართლა დიდი და მართლა საინტერესო დრიბლინგი ევროპაში.

ong>ინგლისი
The right person on the right place?
ინგლისელებს ყოველთვის შეუძლიათ რაღაც ისეთის გაკეთება, რითაც მთელ მსოფლიოს გააოცებენ და საფეხბურთო საზოგადოებას თმას ყალყზე დაუყენებენ: რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული სენსაციაა ის, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არა ჰარი რედნაპი, არამედ "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" თავკაცი როი ჰოჯსონი გახდა.

64 წლის როისთვის ასეთი, ასევე რბილად რომ ვთქვათ, საპასუხისმგებლო პოსტის ჩაბარება გადაწყვეტილია, "ტოტენჰემის" დამრიგებელი და ინგლისური მედიის ფავორიტი რედნაპი კი გასაუბრებაზეც არ დაუბარებიათ. შესაბამისი იყო პრესის რეაქციაც: ჰოჯსონი იაფფასიანი, საშუალო დონის მწვრთნელია. როგორც ჩანს, ჩვენმა საფეხბურთო ასოციაციამ ფულის დაზოგვა გადაწყვიტაო, - წერდა "დეილი მეილი".

გეკადრებათ, კოლეგებო?! ჰოჯსონი შვეიცარიის, ემირატებისა და ფინეთის ნაკრები გუნდების ყოფილი მწვრთნელია და საკმარისი გამოცდილება აქვს. ჰოჯსონმა იცის, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას საფეხბურთო თვალსაზრისით ლიმიტირებულმა ქვეყანამ. ავი ხუმრობა იქით იყოს და, როი ჰოჯსონი თეორიულად ნამდვილად არ არის The right person on the right place.

ტევესის ლოგიკა
მანჩესტერული დერბის წინ "სიტის" "არგენტინელმა პრობლემამ" კარლოს ტევესმა ხმა ამოიღო. "მანჩესტერ ივნინგ ნიუსს" მან ერთობ საოცარი ინტერვიუ მისცა, რომლის კითხვის დროს ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ხსენებული გამოცემის ჟურნალისტმა კარლოსის განცხადებები არასწორად თარგმნა. ჩვენ შევეცდებით, სწორად მოგაწოდოთ მისი მოსაზრებები.

ციტატა პირველი: "თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ შემიძლია".

რა იგულისხმა ტევესმა: "გოლფი მშვენიერი თამაშია, მაგრამ ყოველდღე გოლფის თამაში მოსაწყენია და ამას მირჩევნია, ისევ ფეხბურთი ვითამაშო".

ციტატა მეორე: "რობერტო მანჩინისთან ნორმალურზე ნორმალური ურთიერთობა მაქვს. კარგად მომექცა, მასთან პრობლემები არ მქონია".

რა იგულისხმა ტევესმა: "ეს იდიოტი, წესით, მაგრად უნდა გამელახა, მაგრამ ჩემმა მრჩეველმა კიამ მითხრა, ჭკვიანი ადამიანი ასეთ სიტუაციაში ყოველთვის დათმობაზე მიდისო და მე მას დავუჯერე".

ციტატა მესამე: "სიტიში" იმიტომ გადმოვედი, რომ ამ პროექტის მჯერა. აბსოლუტურად ვიზიარებ შეიხ მანსურის ხედვას და მინდა, რომ მას ამ ნდობისთვის სამაგიერო კარგი ფეხბურთით გადავუხადო. აქ იმდენ ხანს დავრჩები, სანამ ეს პროექტი არ გაამართლებს".

რა იგულისხმა ტევესმა: "ჩემმა მრჩეველმა კიამ ისიც მითხრა, მსოფლიოში არ არსებობს მეორე გუნდი, რომელსაც იმდენად იდიოტი შეფი ეყოლება, რომ შენ წელიწადში 15.5 მილიონ ევროს გადაგიხდისო. კია ყოველთვის ჭკვიანურ რაღაცებს მეუბნება ხოლმე".

დალგლიში დამწყებთათვის
"ლივერპულმა" "ნორვიჩთან" 3:0 მოიგო, მატჩის გმირი კი ლუის სუარესი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. სამიდან ერთი გოლი განსაკუთრებით თვალსასეირო გამოუვიდა - "ნორვიჩის" კიპერ ჯონ რადის ბურთი თავზე 50 მეტრიდან გადაუგდო და შანსი აქვს, ეს გოლი წლის საუკეთესოდ აღიარონ.

"როცა დაარტყა, მინდოდა, მასთან მივსულიყავი და თავში წამეთაქებინა, მაგრამ მერე დავინახე, რაც მოხდა და გადავიფიქრე," - როგორც შეეძლო, ისე იხუმრა მატჩის შემდეგ სტივ ჯერარდმა.

ყველანი კმაყოფილები იყვნენ. მარტო "ლივერპულის" თავკაცი კენი დალგლიში გახლდათ უხასიათოდ. ჯერ იყო და, სუარესის შესახებ არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა და მხოლოდ ეს თქვა, ერთი ის ვიცი, რომ დღეს კარგად ითამაშაო. მერე კი მისთვის დამახასიათებელ სტილში აურია:

"უდიდესი უსამართლობაა ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე ითამაშებს და ამით "ჩელსისთან" უდიდესი უპირატესობა ექნება," - თქვა დალგლიშმა, რომელმაც 1984 წელს "ლივერპულთან" ერთად რომში, "ოლიმპიკოზე", "რომა" დაამარცხა, - ეს "ბაიერნისთვის" აუტანლად დიდი უპირატესობაა, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, ეს უპირატესობა "ბაიერნისთვის" კარგი იქნება თუ ცუდი". რამე გაიგეთ?

იტალია
მანდ ვინ უსტვენს?
თამაში მაშინ მთავრდება, როცა მსაჯი მისცემს საფინალო სასტვენს - ეს ამიერიდან "ლაციოს" ფეხბურთელებმაც იციან. "უდინეზესა" და "ლაციალეს" უპრინციპულესი მატჩის 94-ე წუთზე მასპინძელთა ერთ-ერთ ფანს თავში გენიალური იდეა მოუვიდა: საღეჭი რეზინების ავტომატიდან აღებულ სასტვენში სამჯერ ჩაბერა... რომაელმა ფეხბურთელებმა ხელები თავში წაიშინეს და გაჩერდნენ, მსაჯმა მაურო ბერგონციმ კი ყველას ანიშნა, თამაში ჯერ არ დამთავრებულაო.

შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგად რობერტო პერეირა გაერკვა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან არგენტინელს მანამდე თავის კარიერაში გოლი არასდროს გაეტანა - მარჯვენა ფლანგზე გაისეირნა და ცარიელ კარში გაიტანა.

ამ ამბავს ისეთი სცენები მოჰყვა, კვენტინ ტარანტინომ რომ უყუროს, ბოლოს და ბოლოს, აისრულებს უკანასკნელ ოცნებას და იდეალურ "სპაგეტი-ვესტერნს" გადაიღებს. "ლაციოს" მეკარე მარკეტიმ მსაჯს ხელი ჰკრა, მცველმა ანდრე დიასმაც თავი გაიგიჟა და წითელი ბარათი აიკიდა, ფუნქციონერები და ფეხბურთელები ერთმანეთს დაერივნენ და ერთმანეთში აირივნენ, "ლაციოს" სპორტულ დირექტორ იგლი ტარესაც მაგრად მოხვდა, ტრიბუნებზე კი რომაელთა პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ჭმუნავდა.

რეგლამენტის თანახმად, მსაჯმა ასეთ დროს თამაში უნდა გააჩეროს, მაგრამ "ლაციო" ანგარიშის გამთანაბრებელს აღარ ჰგავდა - ოფიციალურ სასტვენამდე ათი წამიღა იყო დარჩენილი, ბურთს კი "უდინეზეს" ფეხბურთელები ფლობდნენ. სულ ბოლოს უდინელთა დამრიგებელმა ფრანჩესკო გვიდოლინმა თქვა, კაცურად უნდა მოვქცეულიყავით და ეს გოლი აღარ უნდა გაგვეტანაო.

აბა, პერეირას ჰკითხოს! ვინ იცის, როდის და მოახერხებდა თუ არა საერთოდ ეს უკანასკნელი ოდესმე გოლის ჩვეულებრივად გატანას...

ვუჩინიჩი: რა უნდა გელაპარაკოთ?
"ლაციოს" ბოსებმა ამ ამბის შემდეგ გენიალური გადაწყვეტილება მიიღეს - მედიას ბოიკოტი გამოუცხადეს. თუმცა სხვებმა რომ ილაპარაკეს, რა ხეირი?

"ყველა მატჩი 0:0-იდან იწყება და საფინალო სასტვენამდე გრძელდება," - თქვა მაგალითად "ფიორენტინას" თავკაცმა დელიო როსიმ ბერგამოში გამგზავრებამდე. აჰა! სხვათა შორის, ფლორენციელებმა "ატალანტასთან" 0:0-ს ხელი ვერ გამოჰკრეს, 0:2 დამარცხდნენ.

"ნეაპოლში ჩვენი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც "პალერმოს" შეეფერება," - მოითხოვა კვირას ფაბრიციო მიკოლიმ. ნეტა, როგორ შეეფერება "პალერმოს"?

განსაკუთრებით ენაწყლიანი კი "იუვენტუსის" ჩერნოგორიელი თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი გახლდათ, რომელიც ინტერვიუმდე "სქაის" რეპორტიორმა ერთ-ერთ ყველაზე არაბანალურ ფეხბურთელად მოიხსენია.

კითხვა: "მარკო ბორიელოს, ალბათ, არაერთი რჩევა მიეცით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეეწყვიტა უგოლო სერია. მაინც რა ურჩიეთ მას?"

ვუჩინიჩი: "არა, მისთვის არაფერი მითქვამს".

ირონიული კითხვა: "რჩევა თუ არა, საგოლე პასი ხომ მიეცით?"

ვუჩინიჩი: "რა უნდა გელაპარაკოთ?!"

სერიოზული კითხვა: "იუვენტუსი" უკვე იტალიის ჩემპიონია. თქვენ ასე არ ფიქრობთ?"

ვუჩინიჩი: "ვერაფერს გეტყვით, წინ კიდევ სამი თამაშია."

მიკოლისგან განსხვავებით, ვუჩინიჩს არ უთქვამს, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც "იუვენტუსს" შეეფერებაო. არადა, ასეთი განცხადება მისი მხრიდან გაცილებით ლოგიკური და ლეგიტიმური იქნებოდა.

იბრამ ვან ბასტენს ჩაუარა
"მილანმა" კი მართლა ისე ითამაშა, როგორც "მილანს" შეეფერება და "სიენას" 4:1 მოუგო. ყველაზე მნიშვნელოვანი ანტონიო კასანოს დაბრუნება გახლდათ, რომელმაც ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში და 15 ნოემბრის მერე პირველი გოლი გაიტანა.

რომ არა "ფანტანტონიოს" გულის პრობლემები, დიდი შანსია, "მილანს" ახლა რამდენიმე ქულით მეტი ჰქონოდა და პირველ ადგილზე ყოფილიყო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბობს, კასანო ჩემი საყვარელი მეწყვილეაო. ამასობაში შვედის ანგარიშზე 33 გოლია, რითაც მან მარკო ვან ბასტენს (32 გოლი 1988/89 წლების სეზონში) აჯობა.

თუ იბრა გოლების გატანას გააგრძელებს, დარჩენილ სამ ტურში თვით ანდრეი შევჩენკოს (34 გოლი 2000/01 წლების სეზონში) და გუნარ ნორდალის (38 გოლი 1950/51 წლების სეზონში) დაჯაბვნაც კი შეუძლია.

ესპანეთი
რა გაცეკვებთ, რა?!
"ბარსელონამ" უმძიმესი კვირა გადაიტანა: კატალონიელებმა ჯერ "ელ კლასიკო" წააგეს, მერე "ჩელსის" ვერ მოუგეს და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ. ბოლოს კი პეპ გვარდიოლამ თქვა, ეს სეზონი ჩემთვის "ბარსას" თავკაცის რანგში უკანასკნელიაო. შესაბამისად, "რაიო ვალეკანოსთან" 7:0 ნამდვილად დიდი გათავისუფლება გახლდათ - "ბარსამ" "რაიოს" იოლად გადაურბინა, მაგრამ ერთ ფეხბურთელს სულ არ ეზეიმებოდა, რადგან მიხვდა, რომ "რაიო ვალეკანოს" განადგურება "ბარსას" ფანებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია.

დანი ალვეშმა და ტიაგო ალკანტარამ მეხუთე გოლის შემდეგ ცეკვა რომ გააჩაღეს, კარლეს პუიოლი მათთან მიიჭრა და ქორეოგრაფიული წარმოდგენა შეაწყვეტინა.

"რაიოს" მწვრთნელმა ხოსე რამონ სანდოვალმა კი ჩვეულ სტილში "აფრები აუშვა": "მაგრები არიან, არა? რა მაგრები არიან! შენს სახლში ტკბილეულობას მიირთმევენ და თან სახეში გაშარდავენ, - შეურაცხყოფილი იყო სანდოვალი, - იცით, რა მაინტერესებს? რატომ არ იცეკვეს ალვეშმა და ტიაგომ იმ მომენტში, როცა ფერნანდო ტორესმა "ნოუ კამპზე" გოლი გაიტანა?"

ოღონდ ბილბაოში არა...
ასეა თუ ისე, ამ გამარჯვებით "ბარსელონამ" "რეალის" ჩემპიონობა, მინიმუმ, ერთი ტურით, ანუ 2 მაისამდე გადადო. ამ დღეს კი მადრიდელები ბილბაოში, "სან მამესზე" ითამაშებენ და თუ მოიგეს, ჩემპიონები გახდებიან. ეს ბასკური სიამაყის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება, "რეალისთვის" კი უაღრესად გემრიელი მოვლენა.

ბასკები "კბილებით და ფრჩხილებით" იბრძოლებენ იმისათვის, რომ "რეალმა" ჩემპიონობა "სან მამესზე" ვერ იზეიმოს და ეს "პატივი" წილად "გრანადას" ხვდეს - გუნდს, რომელსაც "რეალი" შაბათს სტუმრობს.

გერმანია
გერმანელი მესი და ჩეხი ჩავი
შაბათს ბუნდესლიგის კლუბების ქომაგები არაერთ ფეხბურთელს დაემშვიდობნენ. რაულის, მიხაელ ბალაკის, ჰანს-იორგ ბუტის და მლადენ პეტრიჩის ცრემლებზე ლაპარაკს არ ვაპირებთ.

სხვებთან ერთად, თავის ფანებს დავიდ იაროლიმიც გამოეთხოვა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას უკიდურესად მოუქნელი, მაგრამ მეომარი ჩეხი საყრდენი ნახევარმცველი. თვითონ თქვა, "ზანკტ პაულიში" ან ეგეთ გუნდში გადასვლა არ მინდაო, რაზეც "ზანკტ პაულის" მრისხანე ფანებისგან მაშინვე საკადრისი პასუხი მიიღო - ნეტა ვის რაში სჭირდებიო.

იაროლიმს შეუძლია, "ჰამბურგის" სპორტულ დირექტორ ფრანკ არნესენს "ჩელსიში" საქმის ჩაწყობა სთხოვოს - ეს უკანასკნელი ხომ ლონდონური კლუბის ყოფილი მენეჯერია და რომან აბრამოვიჩთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს. თანაც, სადაც "ჩელსი" "ვერდერის" მიერ დაწუნებულ მარკო მარინში 7 მილიონს იხდის, ინგლისური პრესა კი ამ უკანასკნელს "გერმანელ მესის" უწოდებს (გაზეთ Independent on Sunday-ს ჰედლაინი), იქ იაროლიმი ნაღდად გაქაჩავს იმდენს, რომ "ჩეხი ჩავის" სტატუსი დაიმსახუროს.

გერმანელი ჩავი
შევეშვათ იაროლიმს - მას თავისი გაჭირვება ეყოფა და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლის მეტი მართლა არაფერი ეხერხება. ფაქტია, ახლა "ჰერტას" ფანები ნაღდად ინატრებდნენ ისეთ მეომარ ტიპს, როგორიც იაროლიმია, მაგრამ არ ჰყავთ - ასე არ არის, ჰერ რეჰაგელ?

"ოტლი მებრძოლი არ არის! ანდრეასი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მებრძოლი არ არის!" - ასე ახსნა ოტო რეჰაგელმა ანდრეას ოტლის შეცვლა გელზენკირხენში და თამამად ვიტყვით, რომ ეს საუკუნის ფრაზაა.

ანდრეას ოტლი - შესანიშნავი ფეხბურთელი, მაგრამ არა მებრძოლი! შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი ფეხბურთელი... ოტლი!..

გამოდის, ანდი "გერმანელი ჩავი" ყოფილა. მოდი ახლა და მოსთხოვე რეჰაგელს "ჰერტას" გადარჩენა. რა-რა და, ერთადერთი, რაც ანდრეას ოტლს მართლა შეუძლია, ბრძოლაა - აბა, მაგის გემრიელი პასი, დრიბლინგი ან ტექნიკური დარტყმა ვინმეს სადმე უნახავს?

როგორც ჩანს, რეჰაგელს უნახავს ან დასიზმრებია. ნეტა, რა უნდა იყოს ბერლინიდან მომდევნო აღმოჩენა? იქნებ ის, რომ "ჰერტას" მენეჯერ მიხაელ პრეეტცს მკაფიო კონცეფცია და გარკვეული საფეხბურთო ფილოსოფია აქვს?

ეჰ, არ თამაშობდეს ლევან კობიაშვილი "ჰერტაში", ვიტყოდით რაღაცას...

გერმანელი რონალდინიო
"კაიზერსლაუტერნი"-"დორტმუნდი" მაგარი თამაში იყო. ბოლოადგილოსანმა, როგორც იქნა, შეძლო და ერთ თამაშში ორი გოლი გაიტანა - თანაც, გაუტანა ჩემპიონს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელ კრასიმირ ბალაკოვს ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის იმედი და იმაშიც დარწმუნებულია, რომ მის გუნდში რონალდინიო თამაშობს. მერე რა, რომ ის მეკარეა - "ლაუტერნს" კარში ჩამდგარი რონალდინიოც გამოადგება.

...არა იმიტომ, რომ მზე აწუხებდა, არამედ იმისათვის, რომ არავის ეცნო, ტობიას ზიპელმა თეთრი კეპი დაიხურა, მაგრამ, როგორც ჩანს, 55-ე წუთზე მზის დარტყმა მაინც მიიღო, რადგან "მკვლელი დრიბლინგი" წამოიწყო: ორჯერ სცადა ივან პერიშიჩის მოტყუება, არაფერი გამოუვიდა და ყველაფერი მის კარში გატანილი გოლით დამთავრდა.

ცხადია, ანდრეას ოტლს ასეთი რამ არასდროს დაემართება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული