სუპერთასი 31 აგვისტოს გაიმართება

AutoSharing Option
ევროპის სუპერთასის მატჩს "ჩელსისა" და "ატლეტიკოს" შორის 31 აგვისტოს მონაკოს "ლუი II" უკანასკნელად უმასპინძლებს.

გუნდებს აქვთ შანსი, რომ "იუვენტუსის", "ანდერლეხტისა" და "ვალენსიის" დარად ეს ტიტული მეორედ მოიპოვონ. 2013 წელს ტიტულის მფლობელი კი უკვე პრაღის "ედენზე" გაირკვევა. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა შარშან ივნისში მიიღო.

აზარი ეშმაკებისკენ იხრება
"ლილისა" და ბელგიის ნაკრების 21 წლის სუპერვარსკვლავმა ედენ აზარმა დიდი ხნის წინ განაცხადა, სეზონის დასრულების შემდეგ სათამაშოდ პრემიერლიგაში წასვლას ვაპირებო.

მისით პრაქტიკულად ყველა შეძლებული ინგლისური კლუბი დაინტერესდა. ფეხბურთელმა მერე დააზუსტა, რომ საცხოვრებლად მანჩესტერში
მიდის. შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ ის ან "იუნაიტედს" ეტყოდა "ჰოს", ან "სიტის".

"დეილი მეილის" მტკიცებით, ფეხბურთელის სიმპათიები სერ ალექს ფერგიუსონის გუნდისკენ უფრო იხრება, რადგან ის "ქალაქელთა" შემადგენლობაში არსებულ ჯოჯოხეთურ კონკურენციას გაურბის.

უკან ტოტენჰემში
ემანუელ ადებაიორს სეზონის დასრულებისთანავე ჩამოერთვა ტოტენჰემელის სტატუსი და ისევ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელად გადაიქცა.

ემანუელისთვის ცხადია, რომ "ეტიჰადზე" მას დიდი მომავალი არ აქვს, ამიტომაც "ტოტენჰემში" დაბრუნებას ლამობს. ტოგოელის აგენტმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები, რათა "სიტი" ფეხბურთელის ჩრდილო ლონდონში გაშვებაზე დაითანხმოს და თანაც არა იჯარით, არამედ სრულფასოვანი კონტრაქტით.

ინფორმაცია მოლაპარაკებათა პროცესის დაწყების თაობაზე ადებაიორმა თავად გაავრცელა "ტვიტერის" წყალობით.

"მომეწონა ის დრო, რაც "უაით ჰარტ ლეინზე" გავატარე. კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად უკვე ჩავერთეთ მოლაპარაკებებში," - დაწერა ადებაიორმა. "სიტისთან" ადებაიორის ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის ივნისში გასდის.

დეშამი: მარსელში ვრჩები
"მარსელმა" საშინელი სეზონი ჩაატარა. ლიგა 1-ის საბოლოო ცხრილში ზღვისპირელებმა მე-10 ადგილი დაიკავეს. სიტუაციას ვერც ის აფერადებს, რომ დიდიე დეშამის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გააღწიეს და საფრანგეთის ლიგის თასზე იმარჯვეს.

სეზონის განმავლობაში 43 წლის სპეციალისტის გათავისუფლებაზე ბევრს წერდნენ. პოპულარულია თემა ლიგა 1-ის დასრულების შემდეგაც.

"მომდევნო სეზონში "მარსელის" მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით ისევ მე ვიქნები. ახლა ისღა დამრჩენია კუთვნილი შვებულებით ვისარგებლო. "ველოდრომზე" 2 ივლისს დავბრუნდები," - განუცხადა დეშამმა ჟურნალისტებს.

სოშოს ლიდერები ტოვებენ
ლიგა 1-დან გავარდნას ძლივს გადარჩენილი "სოშოდან" ლიდერები გარბიან. მარვენ მარტენს ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე სურდა ამბიციურ კლუბში წასვლა, მაგრამ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლაკომბმა არც მას და არც მოდიბო მაიგას ამის უფლება არ მისცა.

მათ გარდა სოშოელთაგან დიდი მოთხოვნით სარგებლობს რიად ბუდებუზიც. სად განაგრძობენ ფეხბურთის თამაშს ფეხბურთელები, ჯერჯერობით უცნობია. მარტენს თავის დროზე პსჟ, "მარსელი" და "არსენალი" იწვევდნენ.

საა რჩება
33 წლის თავდამსხმელმა ლუის საამ "ევერტონიდან" "ტოტენჰემს" იანვარში იჯარით მიაშურა და საკუთარი გადაწყვეტილებით უაღრესად კმაყოფილი დარჩა - ამის შესახებ ფეხბურთელმა თავად განაცხადა. ის "უაით ჰართ ლეინზე" დარჩენას აპირებს.

"ჰარი რედნაპი ძალიან დამეხმარა. რითია ის ასეთი კარგი? თავისი ხასიათით, ტაქტიკით და ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულებით," - განაცხადა საამ "ფრანს ფუტბოლთან" საუბრისას.

ბოლტონმა ტანსაცმელი გამოიცვალა
პრემიერლიგიდან დაქვეითებულმა "ბოლტონმა" ტექნიკური სპონსორი შეიცვალა. აწ უკვე ჩემპიონშიპის გუნდს "რიბოკის" ნაცვლად "ადიდასი" შემოსავს. აღსანიშნავია, რომ ამით წერტილი დაესვა ყველაზე ხანგრძლივ თანამშრომლობას ბრიტანულ კლუბსა და სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ ფორმას შორის.

"ბოლტონს" ბრიტანული ფირმის პროდუქცია 1990 წლიდან ეცვა. გაყრის მიზეზი საფეხბურთო კლუბი არ ყოფილა. "რიბოკმა" თავად გადაწყვიტა, გაეცალოს საფეხბურთო სამყაროს და აქცენტი ფიტნესზე გადაიტანოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული