მური შეიძლება ბევრი წლით ჩასვან

AutoSharing Option
როგორც შაბათს მოგახსენებდით, გლაზგოს "რეინჯერსისა" და ავსტრალიის ნაკრების ექსკაპიტან კრეიგ მურს დუბაიში მოგზაურობა დიდ პრობლემად ექცა.

მსოფლიოს 2006 და 2010 წლის ჩემპიონატების მონაწილემ სანაკრებო კარიერის დასრულება სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ გადაწყვიტა, ხოლო მერე დაფიქრდა და ფეხბურთიდან საბოლოოდ წავიდა. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კი 34 წლის მური უბრალოდ ისვენებდა, მაგრამ ავსტრალიელს ეტყობა დაავიწყდა, რომ არაბულ სამყაროში ალკოჰოლიზმი ერთ-ერთ უმთავრეს ცოდვად და კანონის დარღვევად მიიჩნევა, თორემ ისე არ დათვრებოდა, რომ დუბაელი ტაქსის მძღოლი 50 დირჰემის, იგივე არასრული 14 დოლარის გამო ეცემა.

უგონოდ
მთვრალმა ექსფეხბურთელმა ხსენებული ტაქსისტის ავტოთი კომფორტულად იმგზავრა, მაგრამ არავინ იცის, რომელმა ბუზმა უკბინა – მგზავრობის საფასურის გადახდა მთვრალი კატეგორიულობით იუარა. საბრალო ტაქსისტი ბევრს ეხვეწა, მაგრამ ამაოდ – მურმა აბეზარა მძღოლს ცხვირ-პირი ლამის გაუერთიანა. ტაქსისტის საბედნიეროდ და კრეიგის საუბედუროდ, დუბაის პოლიციამ ინციდენტი ძალზე ოპერატიულად აღკვეთა, თორემ არავინ იცის, რა დღეს დააყრიდა დაკუნთული ავსტრალიელი მძღოლს. მაგრამ მური არც პოლიციელებს დანებდა - ერთ-ერთ მათგანს სახეში მუშტიც კი უთავაზა. ეს ერთი დარტყმა მას შეიძლება დამატებით რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდეს.

ცხადია, მურის ბედის არავის შეშურდება – ავსტრალიელს ბრალად ალკოჰოლის მოხმარება, ჩხუბის წამოწყება და დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

მართალია, კრეიგ მური შესაბამისი თანხის სანაცვლოდ დილეგიდან გამოუშვეს, მაგრამ საემიროების დატოვება აეკრძალა და ამ კვირაში სასამართლოში მისვლაც მოუწევს. მის ადვოკატებს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა მოუწევთ, რათა ცნობილი ფეხბურთელი ადგილობრივ ციხეში არაერთი წლის გატარებისგან იხსნან.

ეს კი არა, საქმეს იმდენად სერიოზული პირი უჩანს, რომ საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მდებარე ავსტრალიის საელჩოშიც დაფაცურდნენ – აქაოდა, სახელოვანი ფეხბურთელის პრობლემებმა ჩირქი მთელ მწვანე კონტინენტს არ მოსცხოსო. ამისთვის ელჩები ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ და შველა ითხოვეს, ანუ საქმის გარჩევამ უკვე სახელმწიფოთაშორისო ხასიათი მიიღო. ჩვენი მხრივ, ვეცდებით, მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მოგაწოდოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული