ოლიმპიადაზე ესპანეთის ნაკრები იაპონიასთან სენსაციურად დამარცხდა

AutoSharing Option
ვიდეო
ოლიმპიადის კაცთა საფეხბურთო ტურნირიც დაიწყო და ფეხბურთის გულშემატკივრებიც ლონდონურ ბატალიებში უკვე სრულად ჩაერთვნენ.

ჯგუფური ეტაპის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა და რაც ყველაზე მთავარია, არც სენსაციების გარეშე ჩაიარა.

უპირველესად, რასაკვირველია, ესპანელთა მარცხი უნდა ვახსენოთ. 23-წლამდელთა “ფურია როხა”, ცხადია, ლონდონშიც ჩემპიონობისთვის ჩავიდა, მაგრამ პირველივე მეტოქისგან იმხელა უსიამოვნებას გადააწყდა, რომ უკვე ცოტა გაგვიძნელდება, ამ გუნდს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ.

იაპონელთა გამარჯვება, რა თქმა უნდა, სენსაციაა, მაგრამ ვინც ეს შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ ამომავალიმზისქვეყნელებმა არა იღბლის, არამედ ხარისხიანი ფეხბურთის ხარჯზე მოიგეს.

მართალია,
ინიგო მარტინესის გაძევებამ ესპანეთის ნაკრები მძიმე დღეში ჩააგდო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იაპონიამ ანგარიში ამ ეპიზოდამდე გახსნა და მეტოქეზე გაცილებით მეტი სახიფათო მომენტიც შექმნა, რომლის ნაწილის გამოყენების შემთხვევაშიც კი პირინეელები სამარცხვინო ანგარიშით დამარცხდებოდნენ.

ესპანელებს ჯგუფიდან გასვლის შანსები არ გადაუწურავთ და მდგომარეობის გამოსწორება მეორე ტურში, ჰონდურასთან დაპირისპირებაში მართებთ.

ყველა დიდი ინტერესით ელოდა დიდი ბრიტანეთის ახლად შექმნილი ნაკრების ოფიციალურ დებიუტს, თუმცა რაიან გიგზმა და კომპანიამ დიდი ვერაფერი ფეხბურთი შემოგვთავაზეს და თამაშის ასეთი ხარისხით არათუ მედლებისთვის ბრძოლა, არამედ ჯგუფიდან გასვლაც გაუჭირდებათ.

ვერ მოიგო ევროპის ვიცე-ჩემპიონმა შვეიცარიამ. მისმა მეტოქე გაბონმა საკმაოდ სიმპათიური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და ქულა სავსებით დამსახურებულად მოიპოვა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ თბილისის “დინამოს” ყოფილი მეკარე დიდიე ოვონო, რომელმაც საკუთარი გუნდის კარი დამაჯერებლად დაიცვა.

რვა სასტარტო მატჩიდან ოთხი ფრედ დასრულდა, გამარჯვება კი იაპონიის მსგავსად, ოლიმპიადაზე სენსაციურად მოხვედრილმა ბელარუსმა და სამხრეთამერიკელებმა შეძლეს. მართალია, ურუგვაელთა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს არ გაუტანიათ, მაგრამ სუარესი-კავანის დუეტის მონდომებამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო და არაბეთის გაერთიანებული საემიროების გუნდთან დაპირისპირება ურუგვაელებმა სათავისოდ შემოატრიალეს.

ბრაზილიამ კი კინაღამ სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა. ამის მიუხედავად, ოლიმპიადის ყველაზე ვარსკვლავურმა გუნდმა წინა ხაზზე მაინც გვაჩვენა მაღალი კლასი. ბრაზილიელებმა იმაშიც დაგვარწმუნეს, რომ ნავსის გატეხვისა და ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქროს მოპოვების არცთუ ურიგო შანსი აქვთ.

ლონდონი 2012. ფეხბურთი. კაცები
ჯგუფური ეტაპი. I ტური

A ჯგუფი
მანჩესტერი. ოლდ ტრაფორდი
სამიროები-ურუგვაი 1:2
გოლები: 1:0 მატარი (23), 1:1 რამირესი (42), 1:2 ლოდეირო (56)
საემიროები: ელ ხასეიფი, ღარიბი, ალ ქამალი, სანქური, აბდულრაჰმანი, ესა (73. ალ აბრი), ჰუსაინი, ა. ალ ჰამადი, ისმაელი, მატარი (59. ი. ალ ჰამადი), ხალილი.
ურუგვაი: კამპანია, კოატესი, აგირეგარაი (47. ლოდეირო), ალბინი, არიასი, როლინი, არევალო, კალსადა (69. როდრიგესი), სუარესი, კავანი, რამირესი (81. ურეტავისკაია).
გაფრთხილება: ღარიბი - როლინი
არბიტრი: პ. ოლირი (ახალი ზელანდია)

მანჩესტერი. ოლდ ტრაფორდი
დიდი ბრიტანეთი-სენეგალი 1:1
გოლები: 1:0 ბელამი (20), 1:1 კონატე (82)
დიდი ბრიტანეთი: ბატლენდი, რიჩარდსი, ბერტრანი, ტეილორი, სოლკერი, გიგზი, როსი, ალენი (63. რემსი), კლევერლი, ბელამი (79. კორკი), სტარიჯი (46. სორდელი).
სენეგალი: მანე, პ. გუეიე, სუარე (87. იერო), სისი, ბა, ზ. ტურე, დიამე, ი. გუეიე (42. კუიატე), კონატე, ბალდე (65. მ. გუეიე), მანე.
გაფრთხილება: ბელამი - პ. გუეიე, სუარე, მანე
არბიტრი: რ. ირმატოვი (უზბეკეთი)

1 აგვისტო
სენეგალი-საემიროები
დიდი ბრიტანეთი-ურუგვაი


B ჯგუფი
ნიუკასლი. სენტ ჯეიმს პარკი
მექსიკა-ს. კორეა 0:0
მექსიკა: კორონა, სალსიდო, ვიდრიო, ჩავესი, მიერი, პონსე, რეიესი, ფაბიანი (85. ხიმენესი), აკინო, ერერა (71. ენრიკესი), პერალტა (85. ჯოვანი დოს სანტოსი).
ს. კორეა: იუნგი, ჩ. კიმი, იუნი, ი. კიმი, ჰვანგი, კი, ნამი (86. ჯი), კოო, ბ. კიმი, ჯ. პარკი, ჩ. პარკი (76. ბაეკი).
გაფრთხილება: ერერა
არბიტრი: ს. ჯედიდი (ტუნისი)

ნიუკასლი. სენტ ჯეიმს პარკი
გაბონი-შვეიცარია 1:1
გოლები: 0:1 მეჰმედი (5. პენ.), 1:1 აუბამეიანგი (45)
გაბონი: ოვონო, ნდონგი, დინდა, ნდუმბუ, ტანჯიგორა, მადინდა, ბუსუგუ, ენგონგა, ობიანგ ობიანგი, აუბამეიანგი, ნონო (74. ნდონგი).
შვეიცარია: ბენალიო, მორგანელა, კლოზე, როდრიგესი, შერი, ჰოხშტრასერი, ფრაი, ცუბერი (68. ქასამი), ბუფი, მეჰმედი, ემეგარა (84. აბრაში).
გაფრთხილება: ტანჯიგორა, ნონო - კლოზე, ბუფი
გაძევება: ბუფი (78)
არბიტრი: ვ. როლდანი (კოლუმბია)

1 აგვისტო
მექსიკა-შვეიცარია
ს. კორეა-გაბონი

C ჯგუფი
ქოვენთრი. ქოვენთრი სთედიუმი
ბელარუსი-ახალი ზელანდია 1:0
გოლი: 1:0 ბაგა (45)
ბელარუსი: გუტორი, პოლიტევიჩი, პოლიაკოვი, კუზმიანოკი, ბაგა, რენანი (80. ვორონკოვი), დრაგუნი, სოლოვეი (54. ალეკსევიჩი), კოზლოვი, გორდეიჩუკი, კორნილენკო (90. ზუბოვიჩი).
ახალი ზელანდია: ოკეფე, ნელსენი, ჰოგი, სმიტი, ტომასი (77. მაკჯორჯი), მაკგლინჩი, როხასი (73. ჰოვიესონი), ბარბარუსესი, სმელტცი, ვუდი, ფეინი.
გაფრთხილება: პოლიტევიჩი - სმიტი, ბარბარუსესი
არბიტრი: ბ. გასამა (გამბია)

კარდიფი. მილენიუმი
ბრაზილია-ეგვიპტე 3:2
გოლები: 1:0 რაფაელი (16), 2:0 ლეანდრო დამიაო (26), 3:0 ნეიმარი (30), 3:1 აბო ტრიკა (52), სალაჰი (76)
ბრაზილია: ნეტო, ტიაგო სილვა, მარსელო, რაფაელი, ჟუანი, ოსკარი, სანდრო (78. დანილო), რომულო, ჰალკი (72. განსო), ნეიმარი, ლეანდრო დამიაო (77. პატო).
ეგვიპტე: ალ შენავი, ფათჰი, რამადანი, ჰეგაზი, ელდინი, აბო ტრიკა, ჰასანი, მოჰსენი (46. სალაჰი), ელ ნენი (89. მაგდი), გომაა (74. აჰმედი), მოთეაბი.
გაფრთხილება: ჰალკი - გომაა, ელდინი, რამადანი
არბიტრი: ჯ. როკი (იტალია)

1 აგვისტო
ბრაზილია-ახალი ზელანდია
ეგვიპტე-ბელარუსი

D ჯგუფი
გლაზგო. ჰემპდენ პარკი
ჰონდურასი-მაროკო 2:2
გოლები: 0:1 ბარადა (39), 1:0 ბენგტსონი (56), 2:1 ბენგტსონი (65. პენ.), 2:2 ლაბიადი (67)
ჰონდურასი: მენდოსა, ფიგეროა, ლევერონი, ლოპესი (57. ერნანდესი), ველასკესი, ესპინოზა, მარტინესი (88. ო. პერალტა), მეხია, ა. პერალტა, ნახარი, ბენგტსონი (80. ლოსანო).
მაროკო: ამსიფი, ელ ქაუთარი, ჯებური, ბერგდიჩი, აბერჰუნი, ხარჯა, ფეტუი, ბარადა (89. ნაჯაჰი), ლაბიადი, ამრაბათი (90. ელ კადური), ბიდაუი (75. ნუსირი).
გაფრთხილება: ველასკესი, ესპინოსა, პერალტა - ხარჯა, ბიდაუი
გაძევება: ბერგდიჩი (72)
არბიტრი: პ. კრალოვეცი (ჩეხეთი)

გლაზგო. ჰემპდენ პარკი
ესპანეთი-იაპონია 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 ოცუ (34)
ესპანეთი: დე ხეა, ხორდი ალბა, დომინგესი, მონტოია, ინიგო მარტინესი, ხავი მარტინესი, ისკო (63. რომეუ), კოკე (81. ტელიო), ადრიან ლოპესი (56. ანდერ ერერა), მატა, როდრიგო.
იაპონია: გონდა, ტოკუნაგა, იოშიდა, ჰ. საკაი (74. გ. საკაი), სუზუკი, ოგიჰარა (86. იამამურა), კიოტაკე, ოცუ (46. საიტო), ჰიგაში, იამაგუჩი, ნაგაი.
გაფრთხილება: ხორდი ალბა, დომინგესი - საიტო
გაძევება: ინიგო მარტინესი (42)
არბიტრი: მ. გეიგერი (აშშ)

1 აგვისტო
იაპონია-ჰონდურასი
ესპანეთი-მაროკო


სამხრეთ ამერიკა იმარჯვებს, აფრიკა არ მარცხდება, ევროპა მხოლოდ ბელარუსმა ასახელა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანეთი სენსაციურად კიარ დამარცხდა იაპონიამ ბურთი დაახია თავზე,ესპანეთ ერთი მომენტი არ შეუქმნიათ,და რამოდენიმეჯერ გადარჩნენ გოლის გაშვებას
ილია
17:16 27-07-2012
0

სიახლეები პოპულარული