გორის "დილა": "ანორთოსისთან" სიფრთხილე გვჭირდება

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილას" ჩვენთვის კარგად ნაცნობი კვიპროსული "ანორთოსისი" შეხვდება.

ეს ის გუნდია, სადაც გორის "დილაში" ჩარიცხვამდე დავით კვირკველია თამაშობდა.

"მიმაჩნია, რომ ჩემი ყოფილი გუნდი "ორჰუსზე" არანაკლებ ძლიერია. "ანორთოსისში" ნახევარი სეზონი ვითამაშე და საკმაოდ კარგად ვიცი მის შესაძლებლობები. "ანორთოსისი" შეტევაში საკმაოდ კარგად თამაშობს, 3-4 ინდივიდუალური ძლიერი მოთამაშე ჰყავთ და ისეთი გუნდია, შეცდომას რომ არ გაპატიებს. ამიტომ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული მობილიზება დაგვჭირდება", - ამბობს კვირკველია.

ცნობილია, რომ საბერძნეთი და კვიპროსი ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ცხადია, კრიზისს
თავი ვერც საფეხბურთო კლუბებმა დააღწიეს. ხომ არ აისახა ეს "ანორთოსისზე"?

"ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად ბერძნული კლუბებივით გაუჭირდათ. დავალიანება ჰქონდათ, მაგრამ ეს ჩვეული ამბავია, მთავარია, რომ ფეხბურთელებს ხელფას-პრემიებს დროულად უხდიან და გუნდი არეული ნამდვილად არ არის".

აქვე გეტყვით, რომ "ანორთოსისში" თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში თამაშობდა გორელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი გოჩა ხოჯავა, მაგრამ საეჭვოა, 27 წლის პლეიმეიკერმა ევროპის ლიგის მატჩში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშოს - მენისკის ოპერაციის შემდეგ, გოჩა რეაბილიტაციას გადის.

რა იცის მეტოქეზე "დილას" თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ?

"მათზე მხოლოდ ზოგადი წარმოადგენა მაქვს, "ანორთოსისი" ძალიან კარგად დაკომპლექტებული კლუბია და ჩემი აზრით, "ორჰუსზე" ძლიერიც უნდა იყოს. მაგრამ კვიპროსული ბარიერის გადალახვა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. მთავარია, მოვინდომოთ და კონცენტრირებულები ვიყოთ", - ამბობს ვაწაძე.

დანიური შემადგენლობიდან "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ცენტრალური მცველი გულვერდ თომაშვილი შეცვალა, რომელიც განმეორებით შეხვედრაში განაცხადშიც არ იყო. ბუნებრივია, ეს საკმაოდ უცნაურად ჩანდა.

შევიტყვეთ, რომ თომაშვილი ტრავმირებულია და შესაძლოა, შემდეგი შეხვედრაც ვერ ითამაშოს. თუმცა, გორელებს მისი შემცვლელის მოძებნა არ გასჭირვებიათ და "ზესტაფონიდან" დამატებული გიორგი ონიანი ჩართეს საქმეში, რომელმაც მეორე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ამბობს, რომ "ანორთოსისთან" განმეორებითი შეხვედრის შეცდომა არ უნდა დაუშვან:

"დანიელებს პირველ ტაიმში ძალიან უკნიდან ვეთამაშეთ და საჯარიმოსთან ძალიან ახლოს ვუშვებდით. ეს ჩვენი შეცდომა იყო. მეორე ტაიმში დანიელებს აქტიური პრესინგით ვეთამაშეთ და ზონები შევუზღუდეთ. ასე მეტოქეს რიგებში შეცდომის დაშვების ალბათობა იზრდება.

ასეც მოხდა და ვფიქრობ, მეორე ტაიმში გამარჯვება დავიმსახურეთ. იმედია, "ანორთოსისთანაც" ასე მოხდება და ფლეი ოფში ვითამაშებთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული