ბრაზილია შეუჩერებელია, ესპანეთის მაგივრად კი იაპონია დაფრინავს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტურში იაპონიასთან მარცხი იწვნია, რამაც ჯგუფში პირველობის შანსი დააკარგვინა და ძალიან გაიზარდა იმის ალბათობა, რომ მეოთხედფინალში ერთმანეთს ტურნირის ორი ფავორიტი, ესპანეთი და ბრაზილია გადაჰყროდა, მაგრამ...

თუ ვინმეს იაპონიასთან მარცხი შემთხვევითობა ეგონა, ესპანეთის ჰონდურასთან წაგებამ ყველა დაარწმუნა, რომ პირინეელებს ლონდონში სულაც არ ჰყოლიათ ჩაყვანილი განსაკუთრებული ძალის გუნდი.

არადა, ამ ნაკრებმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ისე ეფექტურად მოიგო, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მოკლე დროში ასეთ რეგრესს განიცდი
და, თუმცა ფაქტია, რომ ევრო 2012-ის სამი ჩემპიონით - ხუან მატათი, ხორდი ალბათი და ხავი მარტინესით გაძლიერებული გუნდი ოლიმპიადას ნაადრევად დაემშვიდობა.

ჰონდურასმა სწრაფი გოლი გაიტანა და უპირატესობა გმირულად შეინარჩუნა, იაპონიამ კი მეორე გამარჯვებით - მეოთხედფინალის საგზური. ჰონდურასელებს ამომავალიმზისქვეყნელებთან ხვალინდელ შეხვედრაში ჯგუფიდან გასასვლელად ფრე ჰყოფნით, ხოლო ბრაზილიასთან დაპირისპირების ასაცილებლად გამარჯვება სჭირდებათ.

ესპანეთისგან განსხვავებით, ტიაგო სილვას, მარსელოს, პატოს, ნეიმარისა და სხვა ვარსკვლავების ბრაზილიამ ფავორიტის სტატუსი ჩინებულად მოირგო და უკვე გაინაღდა არათუ პლეი ოფის საგზური, არამედ ჯგუფში პირველობაც.

მეოთხედფინალთან ახლოსაა ოლიმპიადაზე სენსაციურად მოხვედრილი ბელარუსი, რომელსაც მიზნის მისაღწევად ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ეგვიპტესთან ფრე ჰყოფნის.

როგორც იქნა, ფხა დიდი ბრიტანეთის ნაკრებმაც გამოაჩინა და მართალია, საკუთარი ქომაგი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთან მატჩშიც ანერვიულა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოიგო და ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეშიც მოექცა.

ამის მიუხედავად, რაიან გიგზსა და კომპანიას თავი ქუდში ნამდვილად არ აქვთ - ლუის სუარესითა და ედინსონ კავანით გაძლიერებულმა ურუგვაის 23-წლამდელთა ნაკრებმა სენეგალთან სენსაციური მარცხი იწვნია და ხვალ სამხრეთამერიკელებს მხოლოდ ბრიტანელებთან გამარჯვება აძლევთ ხელს. მასპინძლებს კი ჯგუფიდან გასასვლელად, მინიმუმ, ფრე სჭირდებათ.

ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა შვეიცარიამ კი მორიგი უსუსური შეხვედრა ჩაატარა და სამხრეთკორეელებთან მარცხით მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმა. ყოფილმა დინამოელმა, გაბონელმა დიდიე ოვონომ და მისმა თანაგუნდელებმა მექსიკასთან ვერაფერი გააწყვეს, თუმცა ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსს მაინც ინარჩუნებენ.

B და C ჯგუფიდან მეოთხედფინალში გასვლა ყველას შეუძლია, იქ თამაშის უფლება კი ნაადრევად მხოლოდ ბრაზილიამ და იაპონიამ დაიბევეს.

A ჯგუფი

სენეგალი-ურუგვაი 2:0
დიდი ბრიტანეთი-საემიროები 3:1

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრიტანეთი 2 1 1 0 4-2 4
2. სენეგალი 2 1 1 0 3-1 4
3. ურუგვაი 2 1 0 1 2-3 3
4. საემიროები 2 0 0 2 2-5 0

1 აგვისტო
სენეგალი-საემიროები
დიდი ბრიტანეთი-ურუგვაი

B ჯგუფი
მექსიკა-გაბონი 2:0
ს. კორეა-შვეიცარია 2:1

თ მ ფ წ ბ ქ
1. მექსიკა 2 1 1 0 2-0 4
2. ს. კორეა 2 1 1 0 2-1 4
3. შვეიცარია 2 0 1 1 2-3 1
4. გაბონი 2 0 1 1 1-3 1

1 აგვისტო
მექსიკა-შვეიცარია
ს. კორეა-გაბონი

C ჯგუფი
ეგვიპტე-ახალი ზელანდია 1:1
ბრაზილია-ბელარუსი 3:1

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 2 2 0 0 6-3 6
2. ბელარუსი 2 1 0 1 2-3 3
3. ეგვიპტე 2 0 1 1 3-4 1
4. ზელანდია 2 0 1 1 1-2 1

1 აგვისტო
ბრაზილია-ახალი ზელანდია
ეგვიპტე-ბელარუსი

D ჯგუფი
იაპონია-მაროკო 1:0
ესპანეთი-ჰონდურასი 0:1

თ მ ფ წ ბ ქ
1. იაპონია 2 2 0 0 2-0 6
2. ჰონდურასი 2 1 1 0 3-2 4
3. მაროკო 2 0 1 1 2-3 1
4. ესპანეთი 2 0 0 2 0-2 0

1 აგვისტო
იაპონია-ჰონდურასი
ესპანეთი-მაროკო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული