- როგორი იყო იაპონიაში ახალგაზრდულ ასაკში სათამაშოდ წასვლა?
- როცა ჩავედი, ყველაფერი მეუცხოვებოდა. 18 წლისა ვიყავი. მეგონა, რომ ადაპტაცია ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ რეალურად ეს პროცესი ბევრად უფრო იოლი აღმოჩნდა. ქვეყანაში ყველაფერი მშვენივრად იყო მოწყობილი. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ბრაზილიელები ყველგან მხვდებოდნენ, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ.
-
- დიახ, პორტუგალიაში რომ ჩავედი, მაშინ 15 წლის გახლდით. გასინჯვაზე "კორინთიანსში" ვიყავი, მაგრამ აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ევროპაში უნდა გავფრენილიყავით. ჩავალაგე ჩანთა და გავფრინდი, სადაც ერთი წელიწადი გავატარე და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რადგან პროფესიონალ ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობდი.
- ის ფაქტი, რომ ბრაზილიაში პროფესიულ დონეზე ძალიან ცოტა გაქვთ ნათამაშები, სელესაოში მოხვედრას ართულებს?
- ცოტას ნამდვილად ართულებს. ახლა, როცა ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე მაქვს, შეკითხვები ამ მხრივ კიდევ ჩნდება. ყველამ ნამდვილად არ იცის, თუ რა შემიძლია. ბრაზილია ძალიან პატარამ დავტოვე. ჩემპიონატში სულ 70 წუთამდე დამიგროვდა. ვფიქრობ, ბუნებრივია, რომ ჩემს შესაძლებლობებში ვიღაცებს ეჭვი ჯერ კიდევ ეპარებათ.
- უკაცრავად, რამდენი გაქვთ ნათამაშები?
- დიახ, დიახ, დაახლოებით 70 წუთი. დებიუტი "ფლუმინენსესთან" მქონდა, სადაც შესვენების შემდეგ ჩავერთე შეხვედრაში. მეორედ "ინტერნასიონალთან" ვითამაშე.
- სამშობლოში პირველ თავდამსხმელად არასოდეს გითამაშიათ. ასეა?
- არ ცდებით. ბრაზილიაში ყოველთვის ფლანგებისკენ დახეულ ფორვარდად ვთამაშობდი. ევროპაში უკვე შეტევის მთელ ფრონტზე მიხდებოდა მოძრაობა. ახლა ყველაზე ხშირად სუფთა თავდამსხმელის ფუნქციას ვასრულებ.
- ყოველთვის მარჯვენა ფლანგს ირჩევდით, იმის მიუხედავად, რომ ცაცია ხართ.
- დიახ და ეს ბუნებრივად ხდებოდა ასე. ფლანგიდან შეტევის დაწყება მეხერხება. საბედნიეროდ, ევროპაში მწვრთნელების უმრავლესობა ამ მხრივ ხელს მიწყობდა. ჟეზუალდო ფერეირა ("პორტუს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი) ერთ-ერთი ის სპეციალისტი იყო, ვინც ყველაზე მეტი ამაგი დამდო. ის ყოველთვის ნახულობდა დროს ჩემთან სასაუბროდ. სწორედ მან მაგრძნობინა ამ ქვეყანაში თავი ისე, თითქოს შინ ვიყავი.
- ყველაზე რთული რა იყო აზიიდან ევროპაში გადასვლის შემდეგ?
- ევროპაში აღმოვაჩინე, რომ ბევრად მეტი ყურადღება ექცეოდა ტაქტიკას. ფეხბურთელები უფრო მეტად იყვნენ მიჯაჭვულნი იმ პოზიციებს, სადაც მწვრთნელი მათ ამწესებდა. ნელ-ნელა შევეჩვიე დაცვის დახმარებასაც. წლების მერე ჩემთვის ყველაფერი ბევრად მარტივია.
- ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ თქვენი ფეხბურთი ფიზიკურ ძალაზე უფროა დაყრდნობილი, ვიდრე სისწრაფესა და გონებაზე...
- ჰო, ასე ბევრი ფიქრობს, მაგრამ მათ არ იციან ჩემი თამაშის სტილი. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ბრძოლას ვანიჭებ უპირატესობას. არადა, ასეთი არასოდეს ვყოფილვარ. ძალიან მიყვარს ბურთთან ერთად წინ წასვლა და მეტოქეების მოტყუება.
- ჰალკი, სუპერგმირის მეტსახელი როგორ შეგერქვათ?
- ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი და ეს გმირი ძალიან მიყვარდა. მამას ყოველთვის იმას ვეუბნებოდი ხოლმე, შეხედე რა ძლიერი ვარ-მეთქი. ისიც მპასუხობდა, ჰო, ჰალკი ხარო. ხალხიც დღემდე ასე მიცნობს. კიდევ კარგი, ფიზიკურად ძლიერი ვარ და მეტსახელი შემეფერება.
- როცა "ზენიტთან" კონტრაქტს ხელი მოაწერეთ, რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ პეტერბურგში ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება იგეგმებოდა. ყველაზე მეტად ამ პროექტის რომელი ნაწილი მოგეწონათ?
- მთელი ზაფხულის განმავლობაში "პორტუმ" რამდენიმე წინადადება მიიღო ჩემს ტრანსფერზე, მაგრამ არც ერთი არ იყო იმდენად საინტერესო, რომ დიდი ყურადღება მიგვექცია.
კონტრაქტზე ხელმოწერამდე ლუჩანო სპალეტის ველაპარაკე. მან ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა და დამაინტერესა. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ "ზენიტი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება.
- მთავარი მიზანი რა არის?
- ცხადია, რუსეთის ჩემპიონატის მოგება, ასევე ჩემპიონთა ლიგაში მაქსიმალურად კარგად გამოსვლა. სტარტზე ორ შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს.
- "პორტუშიც" არაერთხელ გითამაშიათ ჩემპიონთა ლიგაში. კლუბებისთვის რამდენად განსაკუთრებული შეიძლება იყოს აქ მიღებული გამოცდილება?
- ლიგაში ყოველთვის ევროპის საუკეთესო კლუბებთან გიწევს დაპირისპირება. ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, როგორიც პორტუგალია და რუსეთია, რადგან ამ ქვეყნის ჩემპიონატებს ისე დაწვრილებით არავინ აშუქებს, როგორც, ვთქვათ, იტალიასა და ინგლისს.
- ადაპტაციასთან დაკავშირებული რა პრობლემები შეგხვდათ რუსეთში?
- სიმართლე გითხრათ, არანაირი. თანაც, პეტერბურგი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"