აფრიკის ერთა თასი იწყება

AutoSharing Option
19 იანვარს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში, აფრიკის თასის რიგით 29-ე გათამაშება დაიწყება.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი სამხრეთ აფრიკა და აფრიკის თასის ფინალური ეტაპის დებიუტანტი კაბო ვერდე შეხვდებიან. მოგვიანებით კი ანგოლის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, ბოლო აფრიკის თასი 2012 წელს გაიმართა და ის, სენსაციურად, ზამბიის ნაკრებმა მოიგო. აფრიკის ერთა თასი, 1968 წლიდან მოყოლებული, ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, მაგრამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტურნირი კენტ წლებში ჩაეტარებინათ და ამის გამო, აფრიკის საუკეთესო ნაკრებები, კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტულს, ზედიზედ მეორედ
გაითამაშებენ.

შარშანდელი ტურნირის მსგავსად, ფინალურ ეტაპზე წელსაც ვერ მოხვდა ორი ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები: ეგვიპტე და კამერუნი. კამერუნმა შესარჩევში კაბო ვერდესთან წააგო, ეგვიპტე კი, ძალიან მოულოდნელად, პირველივე შესარჩევ ეტაპზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დამარცხდა, რომელმაც შემდეგ, თავის მხრივ, ბურკინა ფასოსთან წააგო.

16 საუკეთესო გუნდს შორის ასევე ვერ მოხვდა სენეგალის ნაკრები, რომელსაც კენჭისყრაში ძალიან არ გაუმართლა და საკვალიფიკაციო ეტაპზე კოტ დივუარს შეხვდა.

მიუხედავად ამ სამი დანაკლისისა, წლევანდელი ტურნირი გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2012 წლის გათამაშება. შარშან, ფინალურ ეტაპზე, ეგვიპტის და კამერუნის გარდა, ნიგერია, ალჟირი, სამხრეთ აფრიკა და ტოგო ვერ მოხვდნენ.

მონაწილეები

A ჯგუფი

სამხრეთ აფრიკა – მონაწილეობა: 8; ჩემპიონი: 1996.
ანგოლა – მონაწილეობა: 7.
მაროკო – მონაწილეობა: 15; ჩემპიონი: 1976.
კაბო ვერდე – მონაწილეობა: 1

B ჯგუფი

განა – მონაწილეობა: 19; ჩემპიონი: 1963, 1965, 1978, 1982.
მალი – მონაწილოება: 8.
ნიგერი – მონაწილეობა: 2
კონგოს დრ – მონაწილეობა: 16; ჩემპიონი: 1968, 1974.

C ჯგუფი

ზამბია – მონაწილეობა: 16; ჩემპიონი: 2012
ნიგერია – მონაწილეობა: 17; ჩემპიონი: 1980, 1994
ბურკინა ფასო – მონაწილეობა: 9
ეთიოპია – მონაწილეობა: 10; ჩემპიონი: 1962

D ჯგუფი

კოტ დივუარი – მონაწილეობა: 20; ჩემპიონი: 1992
ტუნისი – მონაწილეობა: 16; ჩემპიონი: 2004
ალჟირი – მონაწილეობა: 15; ჩემპიონი: 1990
ტოგო – მონაწილეობა: 7

ფავორიტები
აშკარა ფავორიტის გამოყოფა ძნელია, მაგრამ ფურცელზე ყველაზე ძლიერი შემადგენლობა მოქმედ ვიცე ჩემპიონს, კოტ დივუარს ჰყავს. სპილოს ძვლის სანაპიროს ნაკრებს, რომელსაც სათავეში საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, საბრი ლამუში უდგას, ბევრი გუნდისგან განსხვავებით, პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს შეკრებილი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის არყოფნაც შესაძლოა დანაკლისად მივიჩნიოთ, კადერ კეიტა გახლავთ, მაგრამ გადახედეთ კოტ დიავუარის ნახევარდაცვა/თავდამსხმას და მიხვდებით, რომ ვეტერანი ნაკრებს არ დააკლდება.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფავორიტია ტურნირის მასპინძელიც, რომელსაც ერთადერთი ტიტული სწორედ სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტურნირზე აქვს მოგებული.

ეგვიპტის არყოფნაში, არაბული ქვეყნების პრესტიჟი ტუნისმა, ალჟირმა და მაროკომ უნდა დაიცვან. სამივე ამ გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ტურნირს საკმაოდ სერიოზული დანაკლისით ხვდებიან. ასე მაგალითად: მაროკოს არ ეყოლება ჰუსეინ ხარჯა, მბარკ ბუსუფა და ადელ ტაარაბტი. ასევე არ არის მარუან შამახიც, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა რაშიდ ტაუსიმ, ეს უკანასკნელი განზრახ არ გამოიძახა.

სერიოზული დანაკლისი აქვს ალჟირის ნაკრებს. ყატარის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, ნაკრებში არც ერთი არ არის, არადა ეს ფეხბურთელები წლების განმავლობაში ნაკრების ლიდერები იყვნენ. საუბარი ნადირ ბელჰაჯზე, მაჯიდ ბუგერაზე, მურად მეგნიზე და ქარიმ ზიანიზე გვაქვს.

გარდა ამ მოთამაშეებისა, ნაკრებში არ არიან: "კაიზერსლაუტერნის" მცველი ანტარ იაია, "გრანადას" ნახევარმცველი ჰასან იებდა, "ოლიმპიაკოსის" ფორვარდი რაფიკ ჯებური, "ბარის" გამოცდილი თავდამსხმელი აბდელკადერ გეზალი და ბუნდესლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ერთ კვირაში ოჯერ გააძევეს, "აინტრახტის" შემტევი ქარიმ მატმური. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩს გუნდში საკმარისი რაოდენობის მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს (ფეგული, მესბა, ბუდებუზი, ლასენი, ფუედ კადირი, ფაუზი გულამი და ა.შ.)

ფეხბურთლები აკლია განასაც, მეტწილად ნახევარდაცვასა და თავდამსხმაში. აფრიკის თასზე არ ითამაშებენ: სულეი მუნტარი, კევინ პრინს ბოატენგი, ჯორდან აიუ და ანდრე აიუ.

ვარსკვლავები
აქამდე ძირითადად ნეგატიურ ინფორმაციას გაწვდიდით. მიუხედავად ამდენი ძლიერი ფეხბურთელის არყოფნისა, აფრიკის თასი მაინც ძალიან საინტერესოა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვარსკვლავები მაინც თავზე საყრელად არიან, მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გზა ახალგაზრდებს გაეხსნებათ და ბევრ ნიჭიერ მობურთალს ვნახავთ. სტატია ამომავალ ვარსკვლავებზე, "ლელომ" ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ, ახლა კი უკვე ამოსულ ვარსკვლავებს გადავხედოთ: იმ ფეხბურთელებს ვისაც საკუთარი ნაკრებისთვის თასის მოტანა შეუძლიათ.

როგორც აღვნიშნეთ, ასეთი ფეხბურთელი საკმაოდ ბევრია. გადავხედოთ, თუნდაც კოტ დიავუარის ნაკრებს, სადაც ყველა ლიდერი შეიკრიბა. ლამუშიმ ტურნირზე სათამაშოდ იაია ტურე, კოლო ტურე, არტურ ბოკა, ემანუელ ებუე, დიდიე ზოკორა, შეიკ ტიოტე, რომარიკი, სიაკა ტიენე, არუნა კონე, ვილფრედ ბონი, სალომონ კალუ, ჟერვინიო, დიდიე ია კონანი და რაც მთავარია, დიდიე დროგბა გამოიძახა.

კარგად არის დაკომპლექტებული სამხრეთ აფრიკაც, სადაც ამ გუნდის არაერთ ლიდერს ვხვდებით. განსაკუთრებულ ყურადღებას, მუნდიალზე თავგამოჩენილი სიფივე ჩაბალალას დავუთმობთ, მაგრამ ამ გუნდში სხვა არაერთი კარგი მოთამაშეა (მფელა, სერერო, მასილელა, დიკგაჩოი, ხუმალო, პარკერი). "ბაფანა ბაფანას" ერთადერთი ფეხბურთელი აკლია, თუმცა ეს მოთამაშე გუნდში ყველაზე გამორჩეულია. საუბარი, რა თქმა უნდა, სტივენ პიენაარზე გვაქვს, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
მაროკოს ნაკრებს დაცვაში მეჰდი ბენატიას, ნახევარდაცვაში ქარიმ ელ აჰმადის, იუნეს ბელჰანდას, აბდელაზიზ ბარადას, ხოლო შეტევაში იუსუფ ელ არაბის და მუნირ ელ ჰამდაუის იმედი ექნება.

გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს განის ნაკრებსაც: ჯონ პანტსილი, დერეკ ბოატენგი, ენტონი ანანი, კვადვო ასამოა, აგიემანდ-ბადუ, ასამოა გიანი...

მალის ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრს სეიდუ კეიტა, სამბა დიაკიტე და მოჰამედ სისოკო გაამაგრებენ, შეტევაში კი მოდიბო მაიგა და შეიკ დიაბატე გაირჯებიან.

ბოლო წლებთან შედარებით, აშკარად სუსტია ნიგერიის ნაკრები, მაგრამ ვარსკვლავები აქაც არიან: ჯონ ობი მიკელი, ჯოზეფ იობო, იკეჩუკვუ უჩე, ემანუელ ემენიკე, ვიქტორ მოზესი და ბრაუნ იდეიე.

არის რამდენიმე გუნდი, სადაც ერთ ან მაქსიმუმ ორ გამორჩეულ ფეხბურთელს ვხვდებით, ხოლო ზოგ ნაკრებში ასეთი საერთოდ არ გვეგულება. მაგალითად, ტოგოს ნაკრებში, ამ ტურნირზე ემანუელ ადებაიორი ითამაშებს, ბურკინა ფასოს ჯონათან პიტროიპას იმედი ექნება, ხოლო ანგოლას მთავარი ვარსკვლავი, "ვალიადოლიდის" ფორვარდი მანუჩო გახლავთ. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს დიუმერსი მბოკანი, ლომანა ლუა ლუა და იუსუფ მულუმბუ ჰყავს. კაბო ვერდეს ნაკრებიდან კი ყურადღებას რაიან მენდესი იმსახურებს.

ვერავის გამოვყოფთ ეთიოპიის ნაკრებიდან, რომელიც თითქმის მთლიანად ადგილობრივ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ლეგიონერები ჰყავს ნიგერს, მაგრამ ამ გუნდის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მუსა მააზუ გახლავთ, რომელსაც ვარსკვლავობამდე იმდენი უკლია, რამდენიც მთვარეს პლანეტობამდე.

არაფერი გვითქვამს მოქმედ ჩემპიონზე, ზამბიის ნაკრებზე. პრინციპში, სათქმელიც ბევრი არაფერია. გუნდის შემადგენლობა პრაქტიკულად უცვლელია და როგორც შარშან ითვლებოდა ეს გუნდი აუტსაიდერად, ისევე ითვლება წელსაც. ზამბიელთა რიგებში ორი, ასე თუ ისე ცნობილი ფეხბურთელია: "უტრეხტის" ფორვარდი ჯეიკობ მულენგა და "საუთჰემპტონის" სათადარიგო თავდამსხმელი ემანუელ მაიუკა. ჩვენ კი განსაკუთრებულ ყურადღებას ზუგდიდის "ბაიას" ყოფილ ფეხბურთელს, ჩისამბა ლუნგუს მივაქცევთ. ამჟამად რუსული "ურალის" ფეხბურთელი, ერთხელ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული, მაგრამ ლუნგუმ საბოლოოდ სამშობლოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა და არც უნანია.

აქვე გეტყვით, რომ 16 გუნდის განაცხადში 368 ფეხბურთელია. აქედან 54 საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, 25 სამხრეთ აფრიკაში, 20 კი ეთიოპიაში.

აფრიკის ყველა ჩემპიონი:

1957 – ეგვიპტე
1959 – არაბეთის გაერთიანებული ემირატები
1962 – ეთიოპია
1963 – განა
1965 – განა
1968 – კონგო კინშასა (კონგოს დრ)
1970 – სუდანი
1972 – კონგო
1974 – ზაირი (კონგოს დრ)
1976 – მაროკო
1978 – განა
1980 – ნიგერია
1982 – განა
1984 – კამერუნი
1986 – ეგვიპტე
1988 – კამერუნი
1990 – ალჟირი
1992 – კოტ დივუარი
1994 – ნიგერია
1996 – სამხრეთ აფრიკა
1998 – ეგვიპტე
2000 – კამერუნი
2002 – კამერუნი
2004 – ტუნისი
2006 – ეგვიპტე
2008 – ეგვიპტე
2010 – ეგვიპტე
2012 – ზამბია

სულ ტიტულები:

7 – ეგვიპტე;
4 – კამერუნი და განა;
2 – ნიგერია და კონგოს დრ.;
1 – კოტ დივუარი, ზამბია, ტუნისი, სუდანი, ალჟირი, მაროკო, ეთიოპია, სამხრეთ აფრიკა და კონგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შავი კონტინენტის ამომავალი ვარსკვლავები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული