ჩინური სკანდალი: სამუდამო დისკვალიფიკაცია ოცდაცამეტ დამნაშავეს!

AutoSharing Option
იურისტები დაგვეთანხმებიან, რომ ჩინური სისხლის სამართლის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელია მთელ მსოფლიოში. როგორც ჩანს, ჰუმანურობით არც საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები გამოირჩევიან. ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნის 2003 წლის ჩემპიონატში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული გამოძიების დასრულების შესახებ.

სკანდალი ოთხი წლის წინ გასკდა და მას შემდეგ ზვავივით მოგორავს. ამ ხნის განმავლობაში ბინძურ გარიგებებში ჩართული სულ უფრო მეტი ადამიანის ვინაობა ხდებოდა ცნობილი. მათ შორის ფიგურირებენ ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირებიც, ექსპრეზიდენტები ნან იუნი და ქსი იალონგი. სასამართლომ გასული წლის ივნისში ორივეს 10,5-10,5 წლით მიუსაჯა
თავისუფლების აღკვეთა. გარდა უკანონო გარიგებებში მონაწილეობისა, მათ ქრთამის აღებაშიც დაედოთ მსჯავრი. პირველმა ამ გზით 237 ათასი დოლარი იშოვა, მეორემ ცოტა უფრო მეტი. იალონს თემიდამ დამატებით 3200 დოლარის ჯარიმის გადახდაც დააკისრა.

ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ საბოლოო ჯამში 58 ადამიანი დასაჯა, მათ შორის 33 ადამიანს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცა. მათგან უმრავლესობა "შანხაი შენხუასა" და "ტიანჯინ ტედასთან" არის დაკავშირებული. კლუბები 120 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.

ამას გარდა, ახალ სეზონს ისინი -6 ქულით დაიწყებენ. კლუბების წარმომადგენელთა გარდა, არიან ფედერაციის ფუნქციონერები, ნაკრების ფეხბურთელები (შენ ცი, ცი ჰუნი, ცზიან ცზინი, ლი მანი), მსაჯები (2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის არბიტრ ლი ცზიუნს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა).

ნიკოლა ანელკასა
და დიდიე დროგბას ყოფილ გუნდს 2003 წლის ჩემპიონის ტიტული უკვე ჩამოერთვა. საფეხბურთო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათ ქვეყანაში ბრძოლა გარიგებულ თამაშებთან ამით არ დასრულებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩაწყობილი თამაშები: როგორ მოქმედებს აზიური მაფია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული