ხორვატი მეკარე გარდაცვლილი იპოვნეს

AutoSharing Option
შვედური გამოცემა Aftonbladet-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ აიკ-ის 32 წლის ხორვატი მეკარე ივან ტურინა სტოკჰოლმში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

"ვადასტურებ, ნამდვილად არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე ძალადობას. ადგილზე მაშინვე გავჩნდით, როცა შეტყობინება მივიღეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო," - განუცხადა გაზეთის წარმომადგენელს გამომძიებელმა.

წინასწარი ვარაუდით, ფეხბურთელს გული გაუჩერდა. აიკ-ის პრეზიდენტის იოჰან სეგუის ინფორმაციით, ტურინას გულის პრობლემები ბავშვობიდანვე აწუხებდა, მაგრამ ის ექიმების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

"დღეს ბაზაზე ყველანი შევიკრიბებით, მაგრამ ვარჯიში არ გვექნება. ყველანი ივანთან მივალთ და მის ოჯახს
თანადგომას გამოვუცხადებთ,"
- განაცხადა პრეზიდენტმა. ზაგრების "დინამოს" ვებგვერდზე უკვე გაჩნდა სამძიმრის განცხადება. კლუბი ყოფილი ფეხბურთელის ოჯახს ყოველმხრივ თანადგომას ჰპირდება. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

გეტყვით, რომ ტურინა აიკ-ში 2010 წლიდან თამაშობდა და გუნდის ძირითად მეკარედ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ აიკ-მა მას თებერვალში ახალი ხელშეკრულება გაუფორმა. 2006 წელს ის ზაგრების "დინამოს" შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა და იმავე წელს ჰონკონგთან პირველი და უკანასკნელი თამაში (4:0) ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში. ამას გარდა მას უთამაშია ბერძნული "ქსანტისა" და პოლონური "ლეხის" რიგებშიც.

2007 წელს ტურინა ხორვატიის წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. მას ფეხმძიმე მეუღლე და წელიწადზე უფროსი ტყუპი გოგონები დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული