29 - გატანილი გოლით ედინსონ კავანი გახდა "ნაპოლის" ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, ვინც სერია A-ს ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. პირველი იყო დიეგო მარადონა, თუმცა დიეგომ 1987/88 წლების სეზონში მხოლოდ 15 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ამაზე ცოტა გატანილი ბურთით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი არავინ გამხდარა. კავანი, მეორე მხრივ, ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი "კაპოკანონიერეა". უკანასკნელად ურუგვაელზე მეტი გოლი ლუკა ტონიმ 2005/06 წლების სეზონში გაიტანა - 31.
კავანისგან
29 - გოლი გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც და საფრანგეთში გატარებულ პირველივე სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო სნაიპერი გახდა. ჟან-პიერ პაპენის მიერ 1989/90 წლების სეზონში გატანილი 30 გოლის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში ამდენი გოლი არავის გაუტანია. შვედი ფეხბურთელი გახდა პირველი უცხოელი მოთამაშე ბოლო 31 წლის განმავლობაში, ვინც თავის გამოჩენა ამდენჯერ შეძლო - 1981/82 წლების სეზონში არგენტინელმა დელიო ონისმა "ტურში" საოცრად ითამაშა და 29 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელებს ბოლო 35 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ გაუკეთებიათ. უკანასკნელად იბრაზე მეტი გოლი პსჟ-ის მაისურით არგენტინელმა კარლოს ბიანკიმ გაიტანა, ვინც 1977/78 წლების სეზონში მეტოქეთა კარი 37-ჯერ აიღო.
18 - გაშვებული ბურთი ბუნდესლიგის ახალი რეკორდია. მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარი მიღწევა სამი გოლით გააუმჯობესა (2007/08 წლების სეზონში "ბაიერნმა" 21 გოლი გაუშვა). რეკორდი "რეკორდმაისტერმა" იმ შეხვედრაში დაამყარა, რომელიც მიუნხენელთა დაცვისთვის ყველაზე ცუდი გამოდგა. "ბაიერნი" ბოლო ტურში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" დაუპირისპირდა და 4:3 მოუგო. ამ სეზონში ერთ შეხვედრაში 3 გოლი იუპ ჰაინკესის გუნდს (ბუნდესლიგაში) გაშვებული არ ჰქონდა. მატჩის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ "ბორუსია" 3:1-ს იგებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად შეძლო ბუნდესლიგაში ორბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა და გამარჯვების მოპოვება.
გარდა ამისა, "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონატი 98 გატანილი გოლით დაასრულა და რეკორდამდე, რომელიც, რა თქმა უნდა, "ბაიერნსვე" ეკუთვნის, სულ 3 გოლი დააკლდა - 1971/72 წლების სეზონში მიუნხენელებმა 101 გოლი გაიტანეს.
5 - წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ დედაქალაქის გუნდები რუსეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ეს სერია კვირას მოსკოვის ცსკა-მ დაასრულა. არმიელებმა კრასნოდარის "ყუბანთან" 0:0 ითამაშეს და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტისთვის", რომელმაც ბოლო 5 ჩემპიონატიდან 3 მოიგო, მიუწვდომელნი გახდნენ.
2007 წლამდე მოსკოვურ გუნდებს, ერთის გარდა, ყველა ჩემპიონატი ჰქონდათ მოგებული (1995 წელს "ალანიამ" იმარჯვა). აი, 2008 წლიდან 2013-მდე 3-ჯერ ჩემპიონის ტიტული "ზენიტმა" მოიპოვა, ორჯერ კი ყაზანის "რუბინმა".
ცსკა-მ ისტორიაში რუსეთის მეოთხე ტიტული მოიგო და ოდნავ შეამცირა სხვაობა "სპარტაკთან", რომელიც 9-გზის ჩემპიონია და ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია.
3 - ევროტურნირი, სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად. რაფაელ ბენიტესმა ევროპული ტიტულები "ვალენსიასთან", "ლივერპულთან" და ახლა უკვე "ჩელსისთან" ერთად მოიგო. აქამდე "უეფას ჰეთ თრიქი" სამ კლუბში მხოლოდ უდო ლატეკს ჰქონდა შესრულებული. გერმანელმა წარმატებით მიუნხენის "ბაიერნში", მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" და "ბარსელონაში" იმუშავა.
"ბენფიკას" დამარცხების შემდეგ ჰეთ თრიქი "ჩელსიმაც" შეასრულა. ლონდონური კლუბი შეუერთდა "აიაქსს", "ბაიერნს", "იუვენტუსს" და "ბარსელონას" და გახდა ისტორიაში მეხუთე კლუბი, რომელმაც სამივე ევროტურნირის მოგება შეძლო. "ჩელსი" ასევე გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა ზედიზედ მოიგო და ორივე ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსი მიიღო, რომლითაც "არისტოკრატები" 25 მაისამდე ისარგებლებენ.
კარგი კვირა ჰქონდა "ჩელსიდან" იჯარით წასულ რომელუ ლუკაკუსაც. ახალგაზრდა ბელგიელმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და "ვესტ ბრომვიჩს" "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში ქულა მოუტანა. მატჩი 5:5 დასრულდა - ასეთი შედეგი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 1984 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ლუკაკუ ამ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა და სამი გოლი გაიტანა. ის გახდა მესამე ფეხბურთელი, დევიდ ბენტლის და დირკ კუიტის შემდეგ, ვინც პრემიერლიგაში "იუნაიტედთან" ჰეთ თრიქი შეასრულა.
გარდა ამისა, ლუკაკუ გახდა მეხუთე ფეხბურთელი, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა და სამი გოლი გაიტანა. სხვები არიან: ემანუელ ადებაიორი, რობერტ ერნშოუ, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი და ოლე გუნარ სოლსკიაერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: სწრაფი გოლები და გერმანული რეკორდები