გერმანულმა სუპერკლუბმა ლიდერის პოზიციაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაანაცვლა (837 მილიონი). რეიტინგი ბრიტანულმა საკონსალტინგო კომპანია Brand Finance-მა შეადგინა.
გერმანიისა და ინგლისის მოქმედ ჩემპიონებს კვალში უდგანან "რეალი" (621 მილიონი) და "ბარსელონა" (572). რეკორდმაისტერის ღირებულებამ, შარშანდელთან შედარებით, 51 მილიონით მოიმატა (9%-იანი მატება), "იუნაიტედის" ფასმა კი 20 მილიონით დაიკლო (2%-იანი კლება). ეს მაშინ, როცა "წითელი ეშმაკების" საბაზრო ღირებულება 2,9 მილიარდ დოლარს აღწევს.
მიუხედავად "იუნაიტედის" მცირე უკან დახევისა,
სწორედ მათ უკავიათ პირველი 8-დან 5 ადგილი. მეოთხეადგილოსან "ბარსელონას" მიჰყვებიან: "ჩელსი", "არსენალი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი". სულ კი 50 ყველაზე წარმატებულ ორგანიზაციას შორის 14 ბრიტანული საფეხბურთო კლუბია: "ტოტენჰემი" (12), "ვესტ ჰემი" (29), "ნიუკასლი" (30), "ასტონ ვილა" (31), "ევერტონი" (33), "ფულჰემი" (34), "სანდერლენდი" (35), "სტოკ სიტი" (41), "სელტიკი" (44), "ვესტ ბრომვიჩი" (47).
50-ეულშია გერმანიის 8 წარმომადგენელიც: "დორტმუნდი" (10), "შალკე" (11), "ჰამბურგი" (16), "ლევერკუზენი" (23), "ვოლფსბურგი" (27), "ვერდერი" (32). აღნიშნულ სიაში ბრიტანელთა ბრენდების საერთო ღირებულება 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, გერმანელებისა - 1,9-ს. სერიოზულად დაიხიეს უკან იტალიურმა გრანდებმა: "მილანმა" (10%) და "ინტერმა" (30%).
როგორც მოსალოდნელი იყო, სარეკორდოდ გაიზარდა "პარი სენ-ჟერმენის" ბრენდის ღირებულება (34%). პარიზელები რეიტინგში ერთბაშად 12 ადგილით დაწინაურდნენ.
"ამ ეტაპზე გერმანული კლუბებისა და ზოგადად, ლიგის უმთავრესი მიზანია, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ეკონომიკური პოტენციალი არა მხოლოდ შიდა ასპარეზზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით," - განაცხადა Brand Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰეიმ. აღნიშნული კვლევის ავტორებმა "ბაიერნს" "კომერციული გენერატორი" უწოდეს.
კიდევ ერთხელ ბაიერნზე
მსოფლიოში "ბაიერნის" მიმართ ინტერესის ზრდას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, რაც თავის მხრივ, საკლუბო სიმბოლიკიანი პროდუქციის გაყიდვაზეც აისახა. "რეკორდმაისტერის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ანდრეას იუნგის განცხადებით, კლუბმა 2012 წელს 600 ათასი მაისურა გაყიდა, 2013-ის ბოლოს კი 1 მილიონზე ასვლა იგეგმება. შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშან "დორტმუნდის" 350 ათასი მაისურა გაიყიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"