ტიაგო და ძმანი მისნი - ისრაელიდან დანახული მომავლის ნაკრები

AutoSharing Option
ისრაელში ახლახან დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით. ამჯერად შემოგთავაზებთ ტურნირის ჩვენეულ სიმბოლურ ნაკრებს და არც სტატისტიკას მოგაკლებთ.

ტიაგო ალკანტარამ და კომპანიამ ტრიუმფით გაიარეს ტურნირი და დამსახურებულად გახდნენ ჩემპიონები. "ბარსელონას" ნახევარმცველი, რა თქმა უნდა, მოხვდა ჩვენს რჩეულთა შორის, ისევე, როგორც მისი რამდენიმე თანაგუნდელი.

მეკარე: ორიან ნილანდი (ნორვეგია), 22 წლის
ევროპის ჩემპიონატამდე ამ ბიჭის შესახებ სპეციალისტებს თუ გაეგოთ, მაგრამ მან ისრაელში ბრწყინვალედ ითამაშა და საფეხბურთო ევროპას თავი გააცნო. ევროპის ჩემპიონატის წყალობით, ნილანდი ალბათ კარიერას აიწყობს. აი, მის ამჟამინდელ კლუბ "მიოლდეს"
კი ტალანტის შეკავება ძალიან გაუჭირდება.

ნილანდი განსაკუთრებით ესპანეთთან ნახევარფინალური მატჩიდან გვახსოვს, რომელშიც ნორვეგიელმა მეკარემ დიდებული რეაქცია და ლიდერის თვისებები გამოავლინა.

მარჯვენა მცველი: მარტინ მონტოია (ესპანეთი), 22
ფინალამდე ტურნირის საუკეთესო მარჯვენა მცველად იტალიელი ჯულიო დონატი მიგვაჩნდა, მაგრამ ესპანეთთან მატჩში მისი შეცდომის გამო ტელიომ პენალტი მოინადირა. მხოლოდ ესეც არ არის, დონატის სისუსტით სარგებლობდნენ ისკო და კოკე და მის ფლანგს აწიოკებდნენ.

აი, მარტინი კი ყველა თამაშში კარგი იყო, მისი დაჩაგვრა ვერავინ მოახერხა და შეტევაშიც დამაჯერებელი იყო. მწვრთნელმა მონტოია დანი კარვახალს ამჯობინა, რომელსაც ბუნდესლიგაში დიდებული სეზონი ჰქონდა.

ცენტრალური მცველი: მატეო ბიანკეტი (იტალია), 20
ფინალამდე იტალიის ნაკრებს ღია თამაშში გოლი არ ჰქონდა გაშვებული. ეს კი იტალიის ნაკრების დაცვის ხაზის დამსახურებაა, ბიანკეტი ლუკა კალდიროლასთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნიდა. რომ შეგვეძლოს, სიმბოლურ ნაკრებში ორივეს შევიყვანდით.

ფინალში მისმა ბრწყინვალე, 50-მეტრიანმა პასმა ჩირო იმობილეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა და 2:4 მარცხშიც დაცვის ხაზიდან ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე. არ დაგვავიწყდეს, რომ ბიანკეტი ტურნირზე მონაწილეებზე 1-2 წლით უმცროსი იყო.

ცენტრალური მცველი: მარკ ბარტრა (ესპანეთი), 22
მას მერე, რაც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კოლაფსი მოუვიდა, ბარტრას პერსპექტივის შესახებ სერიოზულად დაფიქრდნენ. თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მან შესანიშნავად უდირიჟორა "როხიტას" უკანა ხაზს, რომელმაც ფინალამდე ბურთი არ გაუშვა.

მარცხენა მცველი: ალბერტო მორენო (ესპანეთი), 20
ამ ჩემპიონატმა ესპანელთა კიდევ ერთი მომავლის ვარსკვლავი დაბადა - "სევილიას" 20 წლის მარცხენა მცველი ალბერტო მორენო. სპეციალისტები უფრო შორს მიდიან - მათი აზრით, მორენო უკვე მზადაა, ჟორდი ალბას დიდ გუნდში კონკურენცია გაუწიოს. ვისენტე დელ ბოსკეს მარცხენა ფლანგზე ისეთი არჩევანი აქვს, როგორიც არ ჰქონია მის ბოლო წინამორბედებს.

მორენო შეტევაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდიოდა, როცა ეს საჭირო იყო. კარგად აბალანსებდა მოპირდაპირე ფლანგზე მოქმედ მონტოიასთან ერთად ნაკრების დაცვასა და შეტევას. ამიტომაც ერთიც და მეორეც ჩვენს ნაკრებში მოხვდნენ.

საყრდენი ნახევარმცველი: ასიერ ილიარამენდი (ესპანეთი), 23
ბასკი ისეთი ეფექტური არ არის, როგორც ისკო და ტიაგო. ამიტომ ჰედლაინებში ხშირად ვერ მოხვდება, მაგრამ სპეციალისტთა დიდი ნაწილის აზრით, სწორედ ის იყო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი.

ილიარამენდი იოლად უგებდა დაცვაში მოთამაშეებს, ქმნიდა მომენტებს მოედნის სიღრმიდან, კარგად თამაშობდა ართმევაზე და მოედნის ხედვის დიდებულ თვისებებს ავლენდა, თითქოს 23 წლის კი არა, ვეტერანი ფეხბურთელი თამაშობდა.
"რეალ სოსიედადმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და ამ საინტერესო ფეხბურთელს მაყურებელი კიდევ უფრო კარგად გაიცნობს მალე.

ცენტრალური ნახევარმცველი: ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი), 22
საკლუბო დონეზე მისი მომავალი ჯერ გარკვეული არ არის, მაგრამ ერთის თქმა უკვე შეიძლება - ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიო დონის მომავლის ვარსკვლავთან. იტალიაში დაბადებულმა ჭაბუკმა ფინალში სწორედ იტალიის ნაკრები გაამწარა - ჰეთ თრიკი შეუსრულა.

კაპიტანმა ლიდერის ფუნქციებიც გამოავლინა. ტიაგოს უნიკალური ნიჭი აქვს: მას შეუძლია შემტევი ნახევარმცველის, თუნდაც ფორვარდის ფუნქციები შეასრულოს და შეუძლია იყოს სიღრმიდან შემტევი ნახევარმცველიც.

ცენტრალური ნახევარმცველი: ლუის ჰოლტბი (გერმანია), 22
გერმანიის ნაკრებისთვის ყველაფერი მალე დასრულდა, მაგრამ მისმა კაპიტანმა მოკლე დროშიც გამოიჩინა თავი.

საკლუბო დონეზე ის უკვე გამოცდილი ფეხბურთელია, ჰოლანდიასთან 2:3 მარცხში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ჰოლტბი დაასახელეს.

მარჯვენა გარემარბი: ჟორჟინიო ვეინალდუმი (ჰოლანდია), 22
შემტევი ნატურა, ტექნიკა, სისწრაფე, კარზე დაგეშილი - ეს ყველაფერი ვეინალდუმს ახასიათებდა ამ ტურნირზე. ყველა ამ თვისებასთან ერთად, ის ფიზიკურად ძლიერია. ჰოლანდიურ ფეხბურთში ვეინალდუმი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

მარცხენა გარემარბი: ისკო (ესპანეთი), 21
ფაქტია, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიძლიერეზე მეტყველებს, გუნდშია ფეხბურთელი, რომელიც მალე 35-40 მილიონ ევროდ გაიყიდება.

მისმა ოსტატურმა თამაშმა ისრაელში მსოფლიოში ბევრი ფანი შესძინა. სწრაფი - როგორც ფიზიკურად, ისევე საფეხბურთო აზროვნებით.

ცენტრფორვარდი: ალვარო მორატა (ესპანეთი), 20
მწვრთნელი მას ხშირად როდრიგოს ამჯობინებდა, მაგრამ "რეალის" ახალგაზრდამ ხელები არ ჩამოუშვა და იმ დროში, რაც მას გამოუყვეს, 4 გოლის გატანა და "ოქროს ბუცის" მოპოვება შეძლო. 4-დან 3 მან შეცვლაზე შესულმა გაიტანა. მაგრამ მარტო გოლებიც არ არის, ალვაროს ტერორში ჰყავდა მეტოქის მცველები.

გუნდური სტატისტიკა
* ყველაზე მეტი გოლი: ესპანეთი - 12.
* ყველაზე ნაკლები გოლი: ინგლისი - 1.
* კარში ყველაზე მეტჯერ ესპანელებმა დაარტყეს - 32.
* კარში ყველაზე ცოტა დარტყმა ისრაელის ნაკრებს აქვს - 6.
* ყველაზე მეტი კუთხური ესპანეთმა ჩამოაწოდა - 26; ნაკლები რუსეთმა - 6.
* ყველაზე მეტჯერ რუსები გააძევეს - 2.
* ყველაზე მეტჯერ იტალიელები გააფრთხილეს - 14.
* ყველაზე მეტი ჯარიმაც იტალიელებზე მოდის - 80.
* ყველაზე მეტჯერ ესპანელებს ეუხეშნენ - 82.

ინდივიდუალური სტატისტიკა
* გოლი+პასი რეიტინგითაც ალვარო მორატამ იმარჯვა: 4 გოლი + 1 პასი.
* 2-ზე მეტი საგოლე პასი არავის გაუკეთებია. 2-2 6 ფეხბურთელს აქვს
* თამაშგარეში ყველაზე მეტჯერ ჩირო იმობილე (იტალია) მოხვდა - 5.
* კარში ზუსტად ყველაზე მეტჯერ ალვარო მორატამ დაარტყა - 8.
* ყველაზე ხშირადაც ის აცილებდა - 8.
* ყველაზე მეტი გაფრთხილება მარკო ვერატიმ (იტალია) მიიღო - 3.
* ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა ჯულიო დონატი (იტალია) - 14.
* ყველაზე მეტჯერ ტიაგო ალკანტარას ეუხეშნენ - 13.
* ყველა შესაძლებელი წუთი (450) მხოლოდ მინდვრის სამმა ფეხბურთელმა ითამაშა: ჯულიო დონატიმ, ინიგო მარტინესმა (ესპანეთი) და ლუკა კალდიროლამ (იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყველაფერი ესპანეთს: ოქროს ფეხბურთელი - ისკო, ოქროს ბუცი - მორატას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული