იტალია VS ბრაზილია - მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური შაბათ-კვირას გაიმართება. სამი ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია: ბრაზილია, იტალია და ესპანეთი უკვე მომდევნო ეტაპზე ფიქრობენ.

მართალია, ესპანეთს ოფიციალურად ჯგუფიდან გასვლა არ გაუფორმებია, მაგრამ გვეეჭვება "ფურია როხამ" ნიგერიასთან 4-ბურთიანი სხვაობით წააგოს.

ყველაზე საინტერესო მატჩი, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ინტრიგა მხოლოდ B ჯგუფშია, მაინც ბრაზილიის და იტალიის დაპირისპირებაა.

ბოლომდე უმოტივაციოდ არც ეს გუნდები არიან - გამარჯვებული ხომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, 1/2 ფინალში ესპანეთს აცდება და სავარაუდოდ ურუგვაის შეხვდება.

ევროპელები ურთულესი ამოცანის წინაშე არიან, რადგან ბრაზილიას
ოფიციალურ ტურნირზე შინ ბოლო 50 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული (1975 წლის კოპა ამერიკაზე, პერუსთან).

მსოფლიო ფეხბურთის კლასიკას "სკუადრა აძურა" დანაკლისით ხვდება: ჩეზარე პრანდელის დისკვალიფიცირებული დანიელე დე როსი და ტრავმირებული ანდრეა პირლო არ ეყოლება. პირლომ მცირე დაზიანება იაპონიასთან შეხვედრაში მიიღო, თუმცა ნახევარფინალში "იუვეს" ნახევარმცველი აუცილებლად ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებს დღევანდელი მეტოქე უკვე 31 წელია არ დაუმარცხებია.

ბოლოს "სკუარდა აძურამ" "სელესაოს" 1982 წლის მუნდიალზე, ლეგენდარულ შეხვედრაში სძლია, როდესაც პაოლო როსის ჰეთთრიქის წყალობით 3:2 მოიგო. იქიდან მოყოლებული, აპენინელები სამხრეთ ამერიკელებს ვერ ამარცხებენ.

ვერ მოიგო იტალიამ წელს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც, რომელსაც 0:2-ს აგებდა და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა (2:2).

კონფედერაციათა თასზე ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრაა. 2009 წელს, ასევე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ბრაზილიამ ლუიშ ფაბიანოს დუბლის და ანდრეა დოსენას ავტოგილის წყალობით 3:0 მოიგო და იტალია ჯგუფში ჩატოვა.

ბრაზილიელთა რიგებში რამდენიმე ცვლილებაა მოსალოდნელი. პაულინიომ მექსიკასთან მცირე დაზიანება მიიღო და ის ერნანესმა უნდა შეცვალოს. ასევე, ბრაზილიელი ჟურნალისტების აზრით, ძირითადში იქნება ლუკას მოურა, რომელიც ჰალკს შეცვლის, ვინც პირველ ორ შეხვედრაში თავი დიდად ვერ გამოიჩინა.

სავარაუდო შემადგენლობები:
იტალია (4-3-2-1): ბუფონი - აბატე, ბარძალი, კიელინი, დე შილიო - მარკიზიო, აკვილანი, მონტოლივო - ჯოვინკო, ელ შაარავი - ბალოტელი
ბრაზილია (4-3-3): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, ფილიპე ლუიში - ერნანესი, ლუის გუსტავო - ლუკას მოურა, ოსკარი, ნეიმარი - ფრედი.

* * *

იაპონია-მექსიკაზე სათქმელი ბევრი არაფერია. ორივე გუნდი პრესტიჟის დასაცავად იბრძოლებს.

გამარჯვება განსაკუთრებით მექსიკას და მის მთავარ მწვრთნელ ხოსე მანუელ დე ლა ტორეს სჭირდებათ. მოგეხსენებათ, "აცტეკები" მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე არც ისე დამაჯერებლად თამაშობენ (1 მოგება და 5 ფრე). ამას კონფედერაციათა თასზე განცდილი ორი მარცხი დაემატა, რის გამოც მექსიკელთა მწვრთნელის სკამი სერიოზულად შეირყა.

შესაძლოა, ეს თამაში დე ლა ტორესთვის მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკანასკნელიც კი გამოდგეს.

კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. A ჯგუფი. III ტური
22 ივნისი
იტალია-ბრაზილია 23:00
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 მატჩი: +5 =3 -7 (21-26)

იაპონია-მექსიკა 23:00
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +1 =0 -3 (5-7)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 2 2 0 0 5-0 6
2. იტალია 2 2 0 0 6-4 6
3. მექსიკა 2 0 0 2 1-4 0
4. იაპონია 2 0 0 2 3-7 0

ბომბარდირები: 4 - ფ. ტორესი (ესპანეთი); 3 - ვილია (ესპანეთი), ოდუამადი (ნიგერია); 2 - ბალოტელი (იტალია), ნეიმარი (ბრაზილია), ჟო (ბრაზილია), სილვა (ესპანეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია-მექსიკა 2:0 - ნეიმარმა მექსიკა დაძირა [VIDEO]
ბრაზილია-იაპონია 3:0 - ნეიმარი იწყებს, ბრაზილია იგებს [VIDEO]
იტალია-იაპონია 4:3 - "სკუადრა აძურამ" ნახევარფინალი მაინც გაინაღდა [VIDEO]
იტალია-მექსიკა 2:1 - სუპერპირლო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული