ნიგერია-ესპანეთი 0:3 - ახალი მსოფლიო რეკორდი! [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ესპანელები ოფიციალურ მატჩებში უკვე 28 მატჩია, უძლეველნი არიან!

წინა რეკორდი საფრანგეთის ნაკრებს ეკუთვნოდა და 27 მატჩს ითვლიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, 22 ივნისს ესპანეთმა ნიგერიას მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. პირინეელებმა ჟორდი ალბას დუბლის და ფერნანდო ტორესის ერთი გოლის წყალობით იმარჯვეს.

ანგარიში მესამე წუთზე ალბამ გახსნა - "ბარსელონას" მარცხენა მცველმა გვერდი რამდენიმე ნიგერიელ ფეხბურთელს აუარა და საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა.

ალბა
გახდა მეშვიდე ესპანელი ფეხბურთელი, ვინც ამ კონფედერაციათა თასზე თავი გამოიჩინა. დღემდე საუკეთესო შედეგი საფრანგეთს (2001), გერმანიას (2005) და ბრაზილიას (2009) ეკუთვნით - ამ გუნდებიდან მინიმუმ ერთი გოლი 8 ფეხბურთელმა გაიტანა.

ნიგერიას, რომელმაც წინა ტურში ურუგვაისთან მარცხის შემდეგ 19-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (10 მოგება, 9 ფრე), ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება ჯონ ობი მიკელს შეეძლო, მაგრამ "ჩელსის" ნახევარმცველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმის დებიუტში კი ბრაუნ იდეიემ ვერ მოახერხა აჰმედ მუსას გადაცემის დაგვირგვინება. ამის გამო აფრიკელები დაისაჯნენ - ფერნანდო ტორესმა, რომელიც მოედანზე ორი წუთის შემოსული იყო, პედროს ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

"ელ ნინიომ" ამ ტურნირზე თავისი მეხუთე, სულ კი კონფედერაციათა თასზე მე-8 გოლი გაიტანა და ახლა ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს, კუატემოკ ბლანკოს და რონალდინიოს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება.

მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ყველაფერი გადაწყდა. მიუხედავად ამისა, სტივენ კეშის შეგირდებს ყურები არ ჩამოუყრიათ და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც შემოგვთავაზეს, თუმცა ანგარიშის "დასველება" ვერ შეძლეს.

შეხვედრას კი წერტილი ალბამ დაუსვა - დავიდ ვილიას პასის შემდეგ ვინსენტ ენიეამასთან პირისპირ დარჩენილმა ფეხბურთელმა მეკარეს გვერდი აუარა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა - 0:3.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საუკეთესო ფეხბურთელი
ჟორდი ალბა (ესპანეთი)
საუკეთესო მოთამაშედ დუბლის ავტორი დასახელდა. ალბამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ტექნიკური და გონიერი მოთამაშეა. პირველი გოლის დროს "ვალენსიას" ყოფილმა მცველმა რამდენიმე ნიგერიელი მოატყუა და საკმაოდ ჭკვიანურად დაარტყა.

24 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში მე-3 და მე-4 გოლები გაიტანა და კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა.

კონფედერაციათა თასი. B ჯგუფი. III ტური
ნიგერია-ესპანეთი 0:3
გოლები: 0:1 ალბა (3), 0:2 ფ. ტორესი (62), 0:3 ალბა (88)
ნიგერია (4-3-3): ენიეამა - ემბროუზი, ობოაბონა, ომერუო (11. ეგვუეკვე), ეჩიეჯილე - მბა (63. ოგუ), ობი მიკელი, ოგუდე - აკპალა (71. გამბო), იდეიე, მუსა
ესპანეთი (4-2-3-1): ვალდესი - არბელოა, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - პედრო (75. ვილია), ფაბრეგასი (54. სილვა) - სოლდადო (60. ფ. ტორესი)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 11-3; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 13-22 (8-17); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 51 263

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 0 15-1 9
2. ურუგვაი 3 2 0 1 11-3 6
3. ნიგერია 3 1 0 2 7-6 3
4. ტაიტი 3 0 0 3 1-24 0

ბომბარდირები: 5 - ფერნანდო ტორესი (ესპანეთი); 4 - აბელ ერნანდესი (ურუგვაი); 3 - ნეიმარი (ბრაზილია), ხავიერ ერნანდესი (მექსიკა), დავიდ ვილია (ესპანეთი), ნამდი ოდუამადი (ნიგერია), ლუის სუარესი (ურუგვაი).

1/2-ფინალი
ამრიგად, B ჯგუფში ესპანელთა მორიგი ტრიუმფის და ურუგვაელთა გამარჯვების შემდეგ გაირკვა ორივე ნახევარფინალური წყვილი. მაშ ასე, 1/2-ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:

26 ივნისი:
ბრაზილია-ურუგვაი 23:00

27 ივნისი:
ესპანეთი-იტალია 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ტაიტი 10:0 - განადგურება ასტრონომიული ანგარიშით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ.. ამისულაშვილს რომ ის შტანგა გაეტანა..
Georgi
00:26 25-06-2013
0

სიახლეები პოპულარული