კობი ბრაიანტი: ფეხბურთი უნიკალურია

AutoSharing Option
კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა კობი ბრაიანტი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. NBA-ს 5-გზის ჩემპიონმა ბავშვობის წლები იტალიაში გაატარა, სადაც მამამისი, ასევე კალათბურთელი ჯო ბრაიანტი თამაშობდა. ევროპაში გატარებული წლების გამო კობი გამოირჩევა როგორც უნიკალური სათამაშო სტილით, ასევე ფეხბურთის საკმაოდ კარგი ცოდნით.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, ბრაზილიაში ჩავიდა და ბრაზილია-იტალიის დაპირისპირებას დაესწრო. ფიფას ოფიციალური საიტი ასეთ სტუმარს ხელიდან ვერ გაუშვებდა და კობის მცირე ინტერვიუ ჩამოართვა...

- საკალათბურთო და საფეხბურთო მატჩების დროს ტრიბუნებზე განსხვავებული ატმოსფეროა. თქვენი აზრით, მთავარი განსხვავება რა არის?
- ფეხბურთის
მიმართ ადამიანები განსაკუთრებულ ვნებას განიცდიან. როდესაც გულშემატკივრები სტადიონზე მიდიან, ისინი გუნდის თუ ნაკრების მიმართ საკუთარ ერთგულებას და სიყვარულს გამოხატავენ. NBA-ში ასეთი განსაკუთრებული გარემო მხოლოდ პლეი ოფების და ფინალის დროს თუ არის. ფეხბურთი განსხვავებული მოვლენაა.

მე იტალიაში ვიზრდებოდი და საკუთარი თვალით ვუყურებდი, თუ რას ნიშნავს, იყო ფანი. გარანტიას გაძლევთ, რომ ასეთი რამ სპორტის არც ერთ სხვა სახეობაში არ ხდება. ფეხბურთი უნიკალურია.

- თქვენი აზრით, რომელი ფეხბურთელი გამოირჩევა "შავი მამბას" (კობის მეტსახელი) მსგავსი მკვლელის ინსტინქტით?
- მე ნეიმარის თამაში ცოცხლად ნანახი არ მქონდა, მაგრამ მასზე ბევრი კარგი რამ მსმენია. უკვე დიდი ხანია, ლიონელ მესის ვუყურებ და ის მართლაც გენიოსია. ასევე, აქ უნდა ვახსენო კრიშტიანო რონალდო - შესანიშნავი ფეხბურთელი. ვფიქრობ, ეს სამეული მართლაც გამორჩეულია.

- ფიქრობთ, რომ ფეხბურთს განსხვავებულად უყურებთ იმის გამო, რომ სპორტის სხვა სახეობას მისდევთ?
- როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი და ეს ყველაფერი კალათბურთში ძალიან გამომადგა. იმის გამო, რომ ფეხბურთს ვთამაშობდი, საკალათბურთო მატჩის დროს, ამა თუ იმ სიტუაციაში, განსხვავებულად ვიქცევი. ამ დროს თითოეულ ნაბიჯს, მოძრაობას თუ ფინტს აღიქვამ, როგორც მანევრს, რომელშიც სამი მოთამაშე მონაწილეობს და არა ორი, როგორც ამას საკალათბურთო მწვრთნელები ასწავლიან.

- ოღონდ ეს არ ეხება ფილ ჯექსონს...
- (იცინის) რა თქმა უნდა... ზოგადად, დაახლოებით ერთი სახის ფინტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც, ამავე დროს, საკმაოდ განსხვავებულია, რადგან საუბარი ორ სხვადასხვა სპორტის სახეობაზე გვაქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგივე საკალათბურთო ფინტების და ცრუმოძრაობების გადმოტანა ფეხბურთში თავისუფლად შეიძლება.

- როგორ ფიქრობთ, ფილ ჯექსონი კარგი საფეხბურთო მწვრთნელი იქნებოდა?
- უნდა ვთქვა არა, რადგან ის სპორტის ამ სახეობას დეტალურად და სიღრმისეულად არ იცნობს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მის ნიჭს და ტაქტიკურ განსწავლულობას, ეჭვიც არ მეპარება, რომ ფილი დიდებული მწვრთნელი იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტმა დაბრუნება გადაწია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული