ბრაზილია-ურუგვაი 2:1 - უფრო ძლიერი ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ბელუ ორიზონტეში გამართული ბრაზილიის და ურუგვაის ნახევარფინალი ისეთი გამოდგა, როგორიც სამხრეთამერიკული დერბი უნდა ყოფილიყო.

ურუგვაიმ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მასპინძლებმა უფრო ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი მოვლენა შეხვედრის დებიუტში მოხდა - მატჩის ჩილელმა არბიტრმა, ენრიკე ოსესმა კუთხურის დროს დავიდ ლუისი დააჯარიმა და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანის შესასრულებლად ბურთთან დიეგო ფორლანი მივიდა და "ინტერნასიონალის" ფორვარდის დარტყმა ჟულიო სეზარმა მოიგერია. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ვეტერან თავდამსხმელს პენალტი რომ გაეტანა.

"სელესაო" მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბურთს
კი ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტს ვერ ქმნიდა. თითქოს, პირველი ნახევარი გოლის გარეშე უნდა დასრულებულიყო, როდესაც პაულინიომ შესანიშნავი გადაცემით ნეიმარი მოძებნა. "ბარსელონას" ფორვარდმა ბურთი ურთულეს სიტუაციაში გააჩერა და კარში დარტყმაც მოახერხა; მართალია, მისი დარტყმა მუსლერამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ფრედმა დაასწრო და შორეულ კუთხეში გაიტანა - 1:0.

მეორე ტაიმი უკვე ოსკარ ტაბარესის შეგირდების შეტევებით დაიწყო და 48-ე წუთზე კავანიმ ბრაზილიელი მცველების შეცდომით ისარგებლა და ჟულიო სეზარს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ზოგადად, მატჩი სახიფათო მომენტებით დატვირთული არ ყოფილა და მეორე ტაიმში ბრძოლა უფრო მეტი იყო, ვიდრე გააზრებული მოქმედებები. ყველაფერი 64-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც ჰალკის ნაცვლად მინდორზე "ატლეტიკო მინეიროს" შემტევი ბერნარდი გავიდა.

20 წლის ფეხბურთელი ბელუ ორიზონტეშია დაბადებული და გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ პუბლიკა მას ძალიან თბილად შეხვდა. ბერნარდმაც ქომაგებს იმედები არ გაუცრუა და თამაშში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო.

აქედან მოყოლებული, უპირატესობა მთლიანად ბრაზილიელთა მხარეს გადავიდა, ხოლო ურუგვაის დაღლა დაეტყო.

ტაბარესის შეგირდები გაძლებაზე თამაშობდნენ, მაგრამ "სელესტემ" ასე სასურველ დამატებით დრომდე ვერ მიაღწია - 86-ე წუთზე, ნეიმარის მორიგი კუთხურის შემდეგ სტუმართა დაცვა შეცდა და პაულინიომ გამარჯვების მომტანი გაიტანა.

ამის შემდეგ ტრადიციული სურათი ვიხილეთ: ურუგვაი მთელი გუნდით შეტევაში გადავიდა, რამდენიმე კუთხური მოაწოდა, ბრაზილიელი ქომაგი ცოტათი ანერვიულა კიდეც, მაგრამ ეს იყო და ეს, რეალური მომენტი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონებმა ვერ შექმნეს.

საბოლოოდ, 2:1 და კონფედერაციათა თასის მასპინძლები ფინალში გავიდნენ, სადაც მათ მეტოქეს 27 ივნისს, ესპანეთის და იტალიის ნაკრები გუნდები გაარკვევენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
ჟულიო სეზარი (ბრაზილია)
ბრაზილიელთა მეკარეს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონდა და ვერც იმას ვიტყვით, რომ გუნდი ბევრჯერ იხსნა. პრაქტიკულად, ორი საგოლე პასი გააკეთა ნეიმარმა, პაულინიომ კი გოლის გარდა, პირველი საგოლე იერიში შესანიშნავი გადაცემით წამოიწყო, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც ჟულიო სეზარი დაასახელეს.

ყველაფერი იმ ერთმა მოგერიებულმა პენალტმა გადაწყვიტა, რომელმაც ურუგვაელები მცირე შოკში ჩააგდო, ბრაზილიას კი დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

კონფედერაციათა თასი. 1/2-ფინალი
ბრაზილია-ურუგვაი 2:1
გოლები: 1:0 ფრედი (41), 1:1 კავანი (48), 2:1 პაულინიო (86)

ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო, ლუის გუსტავო - ჰალკი (64. ბერნარდი), ოსკარი (73. ერნანესი), ნეიმარი (90. დანტე) - ფრედი
ურუგვაი (4-3-2-1): მუსლერა - მაქსი პერეირა, გოდინი, ლუგანო, მ. კასერესი - არევალო რიოსი, ა. გონსალესი, კ. როდრიგესი - სუარესი (83. გარგანო), კავანი - ფორლანი

გამოუყენებელი პენალტი: ფორლანი (14. ურუგვაი)
გაფრთხილება: დავიდ ლუისი, მარსელო, ლუის გუსტავო - კავანი, ა. გონსალესი
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 12-24; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 19-7 (10-3); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 57 483

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიეგო ლუგანო: ნეიმარი სიმულანტია
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენი გაზეთის დიდი ხნის მკითხველი ვარ და მიმაჩნია რომ ერთერთი საუკეთესოა ქართული გამოცემებიდან, მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე დამეწერა კომენტარი.
კითხვა მაქვს ავტორთან: თქვენ მატჩს უყურეთ საერთოდ გუშინ?
რომელი გუნდი ჯობდა თამაშთ კიდევ შეიძლება თქვენი აზრი მოგვახვიოთ თუნდაც მცირედით მაგრამ ფაქტებს რატომ ამახინჯებთ? თუნდაც პირველი გოლის აღწერისას ჩართეთ გამეორება და ნახეთ რა როგორ იყო და მერე გადაიკითხეთ ეს სტატია. მატჩი რომ არ მენახა და ამ სტატიას გავცნობოდი აშკარად არასწორი შთაბეჭდილება შემექმნებოდა ამ მატჩზე.
თორნიკე
11:21 27-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული