ზენიტი რუსეთის ჩემპიონია!

AutoSharing Option
სანკტ პეტერბურგის „ზენიტი“ რუსეთის ჩემპიონია - ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ტიტული ნაადრევად, ორი ტურით ადრე გაინაღდეს. „ზენიტმა“ „როსტოვს“ 5:0 მოუგო და 28-ე ტურის შემდეგ, 8 ქულით გაასწრო მოსკოვის ცსკა-ს, რომელმაც ნალჩიკის „სპარტაკთან“ 1:1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „ზენიტი“ რუსეთის ჩემპიონი ბოლოს 2007 წელს იყო.
ფაქტია, რომ სპალეტის ამ სეზონში ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავდა და „ზენიტის“ ჩემპიონობა აბსოლუტურად ლოგიკურია. მართალია, პეტერბურგელებმა ბოლოს ცოტათი აურიეს, რადგან მახაჩკალაში ფრე ითამაშეს, ხოლო მერე კი „სპარტაკთან“ და ცსკა-სთან დამარცხდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, „ზენიტისთვის“ სერიოზული კონკურენციის გაწევა ვერავინ
შეძლო.

ლიპი უკრაინის ნაკრებში?

მარჩელო ლიპი შესაძლოა უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში ძალიან უნდათ, რომ მათი ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა სპეციალისტმა ჩაიბაროს. მოგეხსენებათ, უკრაინა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს. უკრაინელები ლიპის იური კალიტვინცევის შემცვლელად ამზადებენ - ეს ინფორმაცია გუშინ იტალიურმა „გაძეტა დელო სპორტმა“ გაავრცელა.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, „მაესტრო“ ოთხშაბათს ჟენევაში ჩავა, სადაც შვეიცარიისა და უკრაინის მატჩს დაესწრება, რის შემდეგაც, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გრიგორი სურკისს შეხვდება და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს. შეგახსენებთ, ლიპიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალი თავგადასავლების ძიებაშია. „მზად ვარ, დიდ ფეხბურთში დავბრუნდე. თავს პენსიონერად ნამდვილად არ ვგრძნობ,“ - თქვა ლიპიმ.


გერმანია პოდოლსკის გარეშე
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი შვედეთთან ამხანაგურ მატჩში თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკის ვერ გამოიყენებს. „კიოლნის“ ფორვარდმა შაბათს, მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ მატჩში (0:4 გლადბახის სასარგებლოდ) დაშავდა.

სიტიმ ჯეკო დააკონკრეტა

ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, ზამთრის სანტრანსფერო სეზონზე „მანჩესტერ სიტისთვის“ ყველაზე პრიორიტეტული „ვოლფსბურგის“ ბოსნიელი გოლეადორის, ედინ ჯეკოს შეძენა იქნება. როგორც ირკვევა, „სიტის“ მფლობელმა შეიხებმა კლუბს იანვარში განსახორციელებელი ტრანსფერებისთვის 118 მილიონი ევრო (!) გამოუყვეს. ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერელები „ვოლფსბურგს“ ჯეკოს სანაცვლოდ მინიმუმ 42 მილიონ ევროს შესთავაზებენ და დიდი შანსია, რომ თანხას რომელიმე ფეხბურთელიც წაამატონ. შეგახსენებთ, რომ ჯეკოს გადაბირებისთვის ტურინის „იუვენტუსიც“ იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული