ბაიერნი VS ჩელსი - სუპერდუელი ევროპის სუპერთასისთვის

AutoSharing Option
30 აგვისტოს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, "ედენ არენაზე", ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართება.

1998 წლიდან მოყოლებული, ამ თასისთვის გუნდები ერთმანეთს მონაკოში, "ლუი II"-ზე ხვდებოდნენ, მაგრამ უეფას გადაწყვეტილებით, ამიერიდან ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის გამარჯვებულები ერთმანეთს სხვადასხვა ქალაქში შეხვდებიან.

წელს ჩეხეთის ულამაზესი დედაქალაქის ჯერია, მომავალ წელს თამაში კარდიფში შედგება, 2015 წელს კი - თბილისში.

"ბაიერნი"-"ჩელსის" შეხვედრას ინტრიგა და ინტერესი ისედაც არ მოაკლდებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გვარდიოლა უნდა დაუპირისპირდნენ, ამ მატჩს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.

30 აგვისტოს შეხვედრისთვის გუნდები, პრაქტიკულად,
იდეალური შემადგენლობებით ემზადებიან. "ბაიერნს" ტიაგო ალკანტარა არ ეყოლება, რომელიც დაახლოებით 2 თვე ვერ ითამაშებს; "ჩელსის" კი სერიოზული დანაკლისი არ აქვს.

"ჩელსიმაც" და "ბაიერნმაც" მორიგი ტურის მატჩები შუა კვირაში ჩაატარეს. ორივე გუნდმა ძალები დაზოგა და ფრეს მიაღწია. სხვაობა ის იყო, რომ ლონდონელებს "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდათ, რასაც ვერ ვიტყვით "ბაიერნის" მოწინააღმდეგეზე - "ფრაიბურგს" მიუნხენელებთან ისტორიულად ძალიან უჭირს, მაგრამ სამშაბათს ქულის აღება მოახერხა.

მწვრთნელთა დუელი
გვარდიოლას და მოურინიოს დაპირისპირება სათავეს 2009 წლიდან იღებს. ორივე მწვრთნელი იმჟამინდელ კლუბში მეორე სეზონს ატარებდა - გვარდიოლას "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო, მოურინიოს "ინტერი" კი ევროპის საუკეთესო კლუბი სწორედ იმ წელს გახდა.

"ინტერი" და "ბარსა" ერთმანეთს ჯგუფში შეხვდნენ. მილანში გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა, "კამპ ნოუზე" კი გამარჯება მასპინძლებს დარჩათ და საბოლოოდ, ჯგუფში პირველი ადგილი "ბარსელონამ" დაიკავა, მეორეზე კი "ინტერი" გავიდა.

ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, 1/2-ფინალური დაპირისპირება იყო, სადაც ჟოზეს გუნდმა პირველი მატჩი 3:1 მოიგო, საპასუხო შეხვედრაში კი 10 კაცით გაძლო და მხოლოდ 0:1 წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე "ბარსელონაში" მუშაობდა (ბობი რობსონის ერთ-ერთი თანაშემწე იყო და სხვათა შორის, გვარდიოლა მაშინ "ბარსას" ფეხბურთელი გახლდათ), პორტუგალიელს კატალონიურ კლუბთან კარგი დამოკიდებულება არც ამ თამაშამდე ჰქონდა, ამ გამარჯვების შემდეგ კი ის კატალონიაში, პრაქტიკულად, "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადდა.

მთავარი მოვლენები კი მომდევნო წლიდან განვითარდა, როდესაც მოურინიო მადრიდის "რეალის" მწვრთნელად დაინიშნა. საინტერესო სიტუაციების მომსწრენი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ პრესკონფერენციებზეც ვიყავით. ჟოზეს გამოსვლებს მუდამ მშვიდმა გვარდიოლამაც ვერ გაუძლო და ერთხელ პეპიც აფეთქდა:

"ის აქ, ამ ოთახში, F***ინგ ბოსია; ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერზე ყველაფერი იცის. მასთან შეჯიბრს და ამ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ, რადგან უბრალოდ, არ ვიცი, როგორ უნდა ვითამაშო".

ესპანეთში მოღვაწეობისას მოურინიო გვარდიოლას 11-ჯერ დაუპირისპირდა: 5 შეხვედრა პეპმა მოიგო, 4 მატჩი ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი ჟოზემ იმარჯვა. სულ მათი ურთიერთშეხვედრების ანგარიში ასეთია: გვარდიოლა - 7 მოგება, მოურინიო - 3 მოგება და 5 ფრე.

არცერთი გერმანული
საინტერესოა, რომ სუპერთასის ისტორიაში ეს ტიტული ჯერ გერმანულ გუნდს არ მოუპოვებია. "ბაიერნს" სუპერთასის მოგების შანსი 3-ჯერ ჰქონდა, მაგრამ სამივეჯერ დამარცხდა - 1975 წელს კიევის "დინამოსთან", 1976 წელს "ანდერლეხტთან" და 2001 წელს "ლივერპულთან".

ორჯერ იყო მიზანთან ახლოს "ჰამბურგი", თუმცა ისიც დამარცხდა (1977 და 1983 წლებში); ასევე თითოჯერ წააგეს დორტმუნდის "ბორუსიამ" (1997) და ბრემენის "ვერდერმა" (1992) - ორივემ "ბარსელონასთან". 0 მოგება და 7 წაგება - აი, ასეთი შედეგი აქვთ გერმანელებს ევროპის სუპერთასზე.

ინგლისური კლუბები ამ ტიტულის მფლობელები 7-ჯერ გახდნენ (7 წაგება) და მათ შორის ერთხელ "ჩელსიმაც" მოიგო. "არისტოკრატებმა" 1998 წელს იმარჯვეს, როდესაც თასების თასის გამარჯვებულის რანგში მადრიდის "რეალს" (1:0) სძლიეს.

მეორედ "ჩელსიმ" სუპერთასზე 2012 წელს ითამაშა და მადრიდის "ატლეტიკოსთან" განადგურდა - 1:4. ეს იყო ბოლო ფინალი, რომელიც მონაკოში გაიმართა.

ევროპის სუპერთასი
30 აგვისტო
ბაიერნი-ჩელსი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი - რობენი, მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ე. კოული - რამირესი, ლემპარდი - შიურლე, ოსკარი, აზარი - ფ. ტორესი
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ევროპის სუპერთასის ყველა მატჩი
1972 აიაქსი-რეინჯერსი 3:1, 3:2
1973 აიაქსი-მილანი 1:0, 6:0
1974 ბაიერნი-მაგდებურგი არ გამართულა
1975 დინამო კიევი-ბაიერნი 1:0, 2:0
1976 ანდერლეხტი-ბაიერნი 1:2, 4:1
1977 ლივერპული-ჰამბურგი 1:1, 6:0
1978 ანდერლეხტი-ლივერპული 3:1, 1:2
1979 ნოტინგემი-ბარსელონა 1:0, 1:1
1980 ვალენსია-ნოტინგემი 1:2, 1:0
1981 ლივერპული-დინამო თბ. არ გამართულა
1982 ასტონ ვილა-ბარსელონა 0:1, 3:0 დ.დ.
1983 აბერდინი-ჰამბურგი 0:0, 2:0
1984 იუვენტუსი-ლივერპული 2:0
1985 იუვენტუსი-ევერტონი არ გამართულა
1986 სტიაუა-დინამო კიევი 1:0
1987 პორტუ-აიაქსი 1:0, 1:0
1988 მეხელენი-პსვ 3:0, 0:1
1989 მილანი-ბარსელონა 1:1, 1:0
1990 მილანი-სამპდორია 1:1, 2:0
1991 მანჩესტერ იუნ.-ცრვენა ზვეზდა 1:0
1992 ბარსელონა-ვერდერი 1:1, 2:1
1993 პარმა-მილანი 0:1, 2:0 დ.დ.
1994 მილანი-არსენალი 0:0, 2:0
1995 აიაქსი-სარაგოსა 1:1, 4:0
1996 იუვენტუსი-პსჟ 6:1, 3:1
1997 ბარსელონა-ბორუსია დ. 2:0, 1:1
1998 ჩელსი-რეალი 1:0
1999 ლაციო-მანჩესტერ იუნ. 1:0
2000 გალათასარაი-რეალი 2:1 დ.დ.
2001 ლივერპული-ბაიერნი 3:2
2002 რეალი-ფეიენოორდი 3:1
2003 მილანი-პორტუ 1:0
2004 ვალენსია-პორტუ 2:1
2005 ლივერპული-ცსკა 3:1
2006 სევილია-ბარსელონა 3:0
2007 მილანი-სევილია 3:1
2008 ზენიტი-მანჩესტერ იუნ. 2:1
2009 ბარსელონა-შახტარი 1:0 დ.დ.
2010 ატლეტიკო-ინტერი 2:0
2011 ბარსელონა-პორტუ 2:0
2012 ატლეტიკო-ჩელსი 4:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისტორიაში ერთადერთხელ მოვხვდით სუპერთასზე და ისიც არ გაიმართა ))
dato
16:18 30-08-2013
0
საინტერესოა ვინ მოიგებს... ეხ ეთამაშა რა მაშინ ლივერპულს დინამოსთან ...
jaguar
14:07 30-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული