კვირა ციფრებში: ვინ დაამარცხებს რიბერის

AutoSharing Option
კვირის დღევანდელ მიმოხილვაში ფრანკ რიბერის, კრიშტიანო რონალდოს და რობინ ვან პერსის მიღწევებზე ვისაუბრებთ. ასევე, თქვენ ყურადღებას ლიეჟის "სტანდარდის" ფეხბურთელების უხეშობასა და მშვენიერ სტილში მოგებულ ტიტულზე გავამახვილებთ...

127 - გოლი აქვს პრემიერლიგაში გატანილი რობინ ვარ პერსის და ამ შედეგით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ჰოლანდიელ ბომბარდირს, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკს გაუთანაბრდა. "სტოკთან" მოგებულ შეხვედრაში (3:2) ვან პერსიმ თავი ერთი გოლით გამოიჩინა და პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიის ათეულში შევიდა, რომელსაც ალან შირერი 260 გოლით ლიდერობს. "სტოკი" ჰოლანდიელის საყვარელი
მეტოქეა - ვან პერსიმ "მეთიხეების" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

გამარჯვების გოლი კი ხავიერ ერნანდესის ანგარიშზე იყო, რომელმაც ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ თავისი მე-12 ბურთი გაიტანა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში, ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ უფრო მეტი გოლი მხოლოდ ლეგენდარულ ოლე გუნარ სოლსკიაერს აქვს გატანილი.

57 - გოლი ევროთასებზე - კრიშტიანო რონალდო თანამემამულე ეუსებიოს გაუთანაბრა და საერთაშორისო არენაზე გატანილი ბურთების მიხედვით, საუკეთესო პორტუგალიელი გახდა. "რეალის" ფეხბურთელმა ყველა, 57-ივე გოლი ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა. "იუვენტუსთან" შესრულებული დუბლის წყალობით, რონალდომ რუუდ ვან ნისტელროი ჩამოიტოვა და ამ ტურნირის ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ მხოლოდ ლიონელ მესი (63 გოლი) და რაული (71 გოლი) არიან.

გარდა ამისა, კრიშტიანო გახდა სულ მეორე ფეხბურთელი ფილიპო ინძაგის შემდეგ (2002/03 სეზონი), ვინც ჩემპიონთა ლიგის პირველ სამ ტურში 7 გოლის გატანა შეძლო.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ბომბარდირების სიაში დაწინაურდა, დიდიე დროგბა გახლავთ. ივუარელმა ფორვარდმა თავი "კოპენჰაგენთან" გამოიჩინა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში თავისი 42-ე გოლი გაიტანა. დროგბა ალესანდრო დელ პიეროს წამოეწია და ახლა მასთან ერთად მერვე ადგილს იყოფს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი გახდა მეათე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში პოკერი შეასრულა. გარდა ამისა, იბრა არის პირველი შვედი ბოლო 40 წლის განმავლობაში, ვინც ევროთასებზე გამართულ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ზლატანამდე ასეთი რამ "მალმიოს" წევრმა ტორე სერვინმა (1973 წელს) გააკეთა.

50 - ოფიციალური მატჩი წაგების გარეშე - ფრანკ რიბერის "ბაიერნის" რიგებში მარცხი წელიწადზე მეტია, არ განუცდია. ბოლოს, მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში, ფრანგმა ფეხბურთელმა მოედანი დამარცხებულმა 2012 წლის 2 ოქტომბერს, "ბატესთან" სენსაციურად წაგებული მატჩის შემდეგ (1:3) დატოვა. ბუნდესლიგაში ეს სერია უკვე 39 მატჩია გრძელდება, რაც ამ ტურნირის ახალი რეკორდია.

ისტორია რიბერის მწვრთნელმაც გადაწერა - პეპ გვარდიოლამ გერმანიის ჩემპიონატის პირველ 10 შეხვედრაში მარცხი არ განიცადა, რაც დებიუტანტი მწვრთნელისთვის საუკეთესო შედეგია. გვარდიოლამ 45 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაიმეორა, რომელიც ბრანკო ზებეცს ეკუთვნის.

"შალკეს" მაქს მაიერი კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (18 წლის, ერთი თვის და რვა დღის), რომელმაც ბუნდესლიგაში სამი გოლის გატანა მოასწრო.
უარყოფითი რეკორდი დაამყარა "ჰანოვერის" ფორვარდმა მამე ბირამ დიუფმა, ვინც "ჰოფენჰაიმთან" გამართული მატჩის პირველ 12 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა.

31 - მატჩი და 0 წაგება. "ბურირამ იუნაიტედმა" ტაილანდის ჩემპიონატი მესამედ მოიგო და ქვეყნის რეკორდიც დაამყარა. ალეხანდრო მენენდესის შეგირდებს წინ კიდევ ერთი მატჩი აქვთ და თუ ისიც არ წააგეს, სეზონს დაუმარცხებლად დაასრულებენ. სამივე ტიტული "ბურირამმა" ბოლო 5 სეზონში მოიგო, წელს კი გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი ესპანელი კარმელო გახლავთ, რომელმაც 22 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.

4 - წითელი ბარათი მიიღეს ლიეჟის "სტანდარდის" ფეხბურთელებმა ბოლო ორ შეხვედრაში. ხუთშაბათს, მეჰდი კარსელა-გონსალესი და ანტონიო კანუ (ევროპა ლიგა, "ზალცბურგთან") გააძევეს, ოთხი დღის შემდეგ კი "ანდერლეხტთან" გამართულ შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დანიელ ოპარემ და ვილიან ვანკერმა დატოვეს. მიუხედავად ამისა, ჩემპიონატის ლიდერმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

ევროპა ლიგის შეხვედრაში "ზალცბურგის" სადიო მანეც გააძევეს. ერთ შეხვედრაში სამი წითელი ბარათი ამ ტურნირის ახალი რეკორდი გახლავთ.

კიდევ ერთი რეკორდი კი ჯერმეინ დეფომ დაამყარა. ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ევროთასებზე თავისი 22-ე გოლი გაიტანა და "ტოტენჰემის" ისტორიაში ევროტურნირებზე საუკეთესო ბომბარდირს, მარტინ ჩივერსს წამოეწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: სწრაფი გოლი და სწრაფი გაძევება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული