"ოქროს ბურთი": მესი, რიბერი, რონალდო

AutoSharing Option
სათაურში რიგითობა ანბანის მიხედვითაა, მაგრამ ფაქტია - ამ სამეულიდან ერთი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხის "კონგრესჰაუსის" გალა-წარმოდგენაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს, "ოქროს ბურთს" ჩაიბარებს.

9 დეკემბერს ფიფამ ნომინანტთა მოკლე, 3-კაციანი სია გამოაქვეყნა...

ეს ინფორმაცია ერთდროულად გამოაქვეყნა ოფიციალურად ფიფას საიტმა და "ფრანს ფუტბოლმა". "ოქროს ბურთის" ნომინანტები არიან: კრიშტიანო რონალდო ("რეალი", პორტუგალია), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა) და ფრანკ რიბერი ("ბაიერნი", საფრანგეთი).

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი ზედიზედ ბოლო ოთხი წლის გამარჯვებულია (2009, 2010, 2011, 2012), კრიშტიანო რონალდომ კი "ფრანს ფუტბოლის" პრიზი 2008 წელს
მოიგო; ფრანკ რიბერის "ოქროს ბურთი" არასოდეს მოუპოვებია.

დასახელდა ქალთა შორის "ოქროს ბურთის" მაძიებელი სამეულიც: ნადინ ანგერერი (გერმანია), მარტა (ბრაზილია) და ები უემბაში (აშშ).

გამოქვეყნდა წლის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატთა სიაც: ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედი", შოტლანდია), იუპ ჰაინკესი ("ბაიერნი", გერმანია), იურგენ კლოპი ("დორტმუნდი", გერმანია). ასევე, ქალთა ფეხბურთშიც: რალფ კელერმანი (გერმანია), სილვია ნაიდი (გერმანია) და პია სუნდჰაგე (შვედეთი).

ნომინანტთა საბოლოო სია მას მერე გაირკვა, რაც ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და საერთაშორისო ჟურნალისტებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს.

ვაჟთა შორის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე კაპიტნებისა და მწვრთნელების 88%-მა მიიღო მონაწილეობა, მედიის "დასწრება" უფრო მაღალი იყო - 94%.

9 დეკემბერს კიდევ ერთი რამ შევიტყვეთ - დასახელდა წლის გუნდში მოხვედრისთვის მებრძოლი 15 კანდიდატი ფორვარდი. მანამდე დასახელდნენ კანდიდატები მეკარეებში, მცველებსა და ნახევარმცველებში.

მაშ ასე, 2013 წლის გუნდში მოხვედრისთვის იბრძოლებენ შემდეგი ფორვარდები: სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი", არგენტინა), მარიო ბალოტელი ("მანჩესტერ სიტი"/ "მილანი", იტალია), ედინსონ კავანი ("ნაპოლი"/ პსჟ, ურუგვაი), დიეგო კოშტა ("ატლეტიკო", ესპანეთი), კრიშტიანო რონალდო ("რეალი", პორტუგალია), დიდიე დროგბა ("შანჰაი"/ "გალათასარაი", კოტ დივუარი), რადამელ ფალკაო ("ატლეტიკო"/ "მონაკო", კოლუმბია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი), რობერტ ლევანდოვსკი ("დორტმუნდი", პოლონეთი), მარიო მანჯუკიჩი ("ბაიერნი", ხორვატია), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა), ნეიმარი ("სანტოსი"/ "ბარსელონა", ბრაზილია), უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ლუის სუარესი ("ლივერპული", ურუგვაი), რობინ ვან პერსი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ჰოლანდია).

გამოქვეყნდა პუშკაშის სახელობის პრიზის სამი ნომინანტის ვინაობაც. შეგახსენებთ, რომ ეს პრიზი წლის საუკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2012 წლის ნოემბერში ინგლისის კარში გატანილი გოლი), ნემანია მატიჩი (2013 წლის იანვარში "პორტუს" კარში გატანილი გოლი) და ნეიმარი (2013 წლის ივნისში იაპონიის ნაკრების კარში გატანილი გოლი).

13 იანვრის ცერემონიალზე, ზემოთ ჩამოთვლილი პრიზების გარდა, გაიცემა ფიფას "ფეარ პლეის" პრიზიც. ამ ნომინაციაში ნომინანტები არ დასახელებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული