აგერ, სულ ბოლოს, დიდი აურზაური გამოიწვია ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს "შედარებითმა დახასიათებამ" , რომლის დროსაც "რკინის ზეპი" უბრალო აზრის გამოთქმით არ შემოიფარგლა და პორტუგალიელ ვარსკვლავს გამოაჯავრა კიდეც.
მგონი, არ იქნება ინტერესმოკლებული, 77 წლის შვეიცარიელის ყველაზე დასამახსოვრებელ "გამოსვლებს" თუ გავიხსენებთ...
ქალების მოდური ფეხბურთი
2004 წელს ბლატერმა
როგორც ჩანს, მას მოდისა და ფეხბურთის შერწყმა, ერთგვარი "ფეშენბოლის" შექმნა უნდოდა, მაგრამ მისი იდეა არ აიტაცეს.
ბლატერი:
"მოთამაშე ქალები ლამაზები არიან და ბოდიშს ვიხდი, ამას რომ აღვნიშნავ, მაგრამ მათ გამო წესებში უკვე არის გამონაკლისი - ისინი უფრო მჩატე ბურთით თამაშობენ. ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო... და ჩაცმულობაც რატომ არ უნდა გავხადოთ უფრო მოდური"?
რაში გვჭირდება ფრე?
როგორც ჩანს, 2004 წელს ბლატერს განსაკუთრებულად აწუხებდა ორიგინალური იდეები, რადგან მაშინ კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა - ყველა მატჩს თავისი გამარჯვებული უნდა ჰყავდეს და ფრე საერთოდ არ გვჭირდებაო.
"ყველა მატჩს უნდა ჰყავდეს გამარჯვებული. ბანქოს ან რაიმე სხვა თამაშისას მოგებული ყოველთვის ვლინდება და ფეხბურთშიც მსგავსი წესის შემოღებაზე უნდა დავფიქრდეთ", - ამბობდა ბლატერი.
შვეიცარიელი კაცისგან მშვიდობასა და ნეიტრალიტეტზე უარის თქმა კიდევ უფრო უცნაური აღსაქმელია. როგორც ხედავთ, არც ეს იდეა განხილულა სერიოზულად და, ჯერჯერობით, გუნდებს შეუძლიათ, წყნარად დაუზავდნენ ერთმანეთს.
განაწყენებული იტალია
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისას ბლატერმა იტალიელები გააბრაზა, როცა ავსტრალიას ბოდიში მოუხადა მათ კარში დანიშნული საკამათო პენალტის (ფაბიო გროსოს ეპიზოდი) გამო.
"სკუადრა აძურამ" სწორედ იმ პენალტით მოიგო, წინსვლა გააგრძელა და ბოლოს მუნდიალიც მოიგო...
თუმცა ბლატერმა, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გამართული დაჯილდოებისას, "სკუადრა აძურასთვის" ტიტულის გადაცემა იუკადრისა. შედეგად, აპენინელთა კაპიტანმა ფაბიო კანავარომ თასი სხვისი ხელიდან მიიღო და ამას დიდი აურზაურიც მოჰყვა.
ბლატერმა მალევე მოიბოდიშა, მაგრამ ფაქტია, მაინც ის გააკეთა, რაც სურდა.
"ისტორიაში ამას ჩემს შეცდომად ჩაწერენ... ეს იყო კიდეც შეცდომა. ამ ინციდენტისთვის ბოდიშს ვიხდი და ვულოცავ იტალიას ღირსეულ გამარჯვებას, მით უმეტეს, "კალჩოპოლის" სკანდალის შემდეგ", - თქვა ბლატერმა და იქვე მოიმიზეზა - იმ ტრიბუნაზე გამოჩენა არ მინდოდა, რადგან გერმანელი ფანებისგან არც ისე თბილ დახვედრას ველოდიო.
სიმულაცია? მერე რა?
გახსოვთ, როგორ გაამართლა ბლატერმა სიმულაცია? მისი აზრით, სიმულანტობაში მხილებული ფეხბურთელი არ უნდა ისჯებოდეს.
"საკუთარ მაგალითზეც გეტყვით, თავდამსხმელი ვიყავი და ის დრო კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ მას მერე 50 წელია გასული. როცა დრიბლინგზე მიდიხარ და არ გამოგდის, ხოლო მეტოქე ფეხს გიდგამს, ზოგჯერ შეიძლება იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე უნდა გაგეკეთებინა და ცოტათი გააფორმო, ანუ დაეცე.
ნუთუ ეს ასეთი საშინელებაა? სულ მცირე, ისეთი დანაშაული მაინც არ არის, რომელიც მატჩის შემდეგ უნდა განიხილებოდეს და სანქციები წესდებოდეს", - როგორ მოგწონთ?
მონა რონალდო
სერ ალექს ფერგიუსონმა 2008 წელს განაცხადა - არ ვიცით, ვის რა სურს, მაგრამ კრიშტიანო რონალდოს არსად გავუშვებთო.
ბლატერისა და პორტუგალიელის "სიყვარულის ისტორიაც" იქიდან დაიწყო. ფიფას პრეზიდენტმა თქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ზოგიერთი მოთამაშე მონა უფროა, ვიდრე სპორტსმენი და რომ მსგავსი სატრანსფერო პოლიტიკა და მოდელი მისთვის არც ისე მისაღებია. ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ბლატერს მალე მორიგი ბოდიში დასჭირდა.
თუმცა, როგორც ატყობთ, ეს შვეიცარიელს არ უჭირს, დაახეთქებს რაღაცას და მერე იხდის და იხდის ბოდიშებს.
ტერი და ლათინური ქვეყნები
უცნაური იყო ბლა-ბლა-ბლატერის გამოხმაურება ჯონ ტერის სკანდალურ სექსუალურ თავგადასავალთან დაკავშირებით, რომელიც მას ექსთანაგუნდელ უინ ბრიჯის მეუღლესთან ჰქონდა. ამის გამო, ტერის ინგლისის ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს.
ბლატერი:
"რატომ ატყდა ამხელა ამბავი?! ანგლოსაქსურ ქვეყნებს მსგავს საკითხებთან განსაკუთრებული და მტკივნეული დამოკიდებულება აქვთ. არადა, ეს რომ, ვთქვათ, რომელიმე ლათინურ ქვეყანაში მომხდარიყო, ტერის ალბათ ტაშს დაუკრავდნენ".
სექსიზმი
2013 წლის მაისში ბურუნდის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად ლიდია ნსეკერა (პირველი ქალი ასოციაცია/ფედერაციების ისტორიაში) აირჩიეს.
გაბადრულმა ბლატერმა, მილოცვის ნაცვლად, ასეთი სიტყვა წარმოთქვა:
"თქვით რამე, ქალბატონებო! სახლში ყოველთვის ძალიან ბევრს ლაპარაკობთ და ახლა ამოიღეთ ხმა"! - დარბაზში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა...
...და ისევ რონალდო
დაბოლოს, ოქტომბრის თვეში ბლატერის მუზა ისევ რონალდო იყო. როდესაც მას ჰკითხეს, რომელი ურჩევნია - რონალდო თუ მესი? ბლატერმა თქვა - ორივე დიდი ფეხბურთელია მაგრამო...
და დაიწყო შოუ. მან მესის "კარგი ბიჭი" უწოდა - ისეთი მშრომელი და წყნარი ბიჭია, როგორსაც ყველა მშობელი ისურვებდაო.
პორტუგალიელს კი სიტყვიერადაც დასცინა და მისი მოძრაობის მანერა და მიმიკებიც გააშარჟა. ბლატერმა რონალდოს "კომანდანტე" უწოდა და თქვა - ვარცხნილობაზე ბევრად მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე მესიო.
ამ კომენტარებს დიდი სკანდალი და გამოხმაურება მოჰყვა, უმალვე გაჩნდა კრიშტიანოს მხარდასაჭერი პოსტერები... მადრიდის "რეალმა" კი ოფიციალურად მოითხოვა ბოდიში და მიიღო კიდეც. ხოლო თავად რონალდო ამ ამბავს იმით გამოეხმაურა, რომ "სევილიასთან" გატანილი პენალტი "მეთაურის სტილში" აღნიშნა.
P.S.
ძვირფასო მკითხველო! ბლატერის კიდევ არა ერთი უცნაური განცხადება შეიძლება გავიხსენოთ, რომელთაც სერიოზული კრიტიკა თუ უკმაყოფილება მოჰყვა. მაგალითად, გეი გულშემატკივრებს ყატარის მუნდიალზე არწასვლა რომ ურჩია, ან ფეხბურთში რასიზმი არ არისო, რომ თქვა... მოკლედ, რომელი ერთი გავიხსენოთ?..
თუმცა, ამჯერად ამით შემოვიფარგლოთ. მე უბრალოდ იმას შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ფიფას პრეზიდენტს ხელახლა აირჩევენ. 1998 წლიდან ამ ორგანიზაციის სათავეში მყოფ ბლატერს მეხუთე ვადითაც უნდა დარჩენა, მაგრამ მისი კონკურენტი უეფას ამჟამინდელი თავკაცი მიშელ პლატინი იქნება და ფავორიტადაც სწორედ მას მიიჩნევენ.
გიორგი კაკაბაძე
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week