"ოქროს ბურთის" გამოძახილი: რიბერი პოლიტიკას გადასწვდა

AutoSharing Option
ფრანკ რიბერი ვერაფრით ეგუება იმ აზრს, რომ "ოქროს ბურთი" არა მას, არამედ კრიშტიანო რონალდოს გადაეცა. ფრანგს ზოგჯერ ისიც ავიწყდება, რომ გამოკითხვის საბოლოო შედეგებით, მას ქულებით ლიონელ მესიმაც გაასწრო. თუმცა ეს ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხმებმა განაპირობა, თორემ გამოკითხული ჟუნალისტების გამოკვეთილი ფავორიტი სწორედ რიბერი იყო.

"მე ყველაფერი მოვიგე "ბაიერნთან" ერთად და კარგი სეზონი მქონდა. რონალდომ კი პირიქით, ვერაფერი მოიგო. არ განვიცდი, მაგრამ ცოტა არასასიამოვნოა, რადგან ვთვლი, რომ "ოქროს ბურთი" მეკუთვნოდა. თუმცა მას მერე, რაც ხმის მიცემა ორი კვირით გადაავადეს, რაც აქამდე არასდროს
მომხდარა, ცხადი გახდა, რომ ამ ჯილდოს რონალდო მიიღებდა. ეს უკვე ფეხბურთთან კავშირში არ არის, ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო"
- თქვა რიბერიმ.

ლეგენდარული ზინედინ ზიდანი, ერთი მხრივ, ფრანგია, დაახლოებით ისეთივე, როგორც რიბერი და მეორე მხრივ, მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბის წევრი. რონალდო კი "რეალში" თამაშობს - თუ არ იცოდით, შეგახსენეთ. ორცეცხლშუა მყოფმა ზიზუმ მეტ-ნაკლებად შუალედური პოზიცია შეინარჩუნა, მაგრამ ცოტათი უფრო მაინც პორტუგალიელის მხარი დაიჭირა.

"ჩვენ სკანდალზე ლაპარაკი არ უნდა დავიწყოთ, მაგრამ გასაგებია, რომ ფრანკს ფანტასტიკური წელი ჰქონდა და აღიარებას იმსახურებდა. თუმცა არსებობს სამი კრიტერიუმი: ფეხბურთელის გამოსვლა გუნდში, მისი იმიჯი და ინდივიდუალური შედეგი. სხვაობა იმაშია, რომ კრიშტიანომ 69 გოლი გაიტანა"
- თქვა ზიდანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული