იტალიაში დაბრუნებისთანავე ბენიტესი "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატისა და სპორტულ დირექტორ მარკო ბრანკას კლუბის სამოქმედო გეგმაზე ვრცლად დაელაპარაკება და სწორედ მაშინ გაირკვევა ბევრი რამ, მათ შორის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის საკითხიც. მორატიმ კი მწვრთნელის ერთ მოთხოვნაზე უკვე თქვა საჯარო უარი: "ტრანსფერები ის საკითხი არაა, რაზეც სეზონის მსვლელობისას ღირს საუბარი. ბენიტესთან სხვა თემებს განვიხილავ". გუშინვე ბენიტესის აგენტმა მანუელ გარსია კილონმა თქვა, რომ მისი კლიენტი "ინტერში" აუცილებლად დარჩება.
ჯერჯერობით, ბენიტესის გადაყენებაზე საუბარი მართლაც ნაადრევი უნდა იყოს. მართალია, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დიდი ვერაფერი ტურნირია, მაგრამ მისმა მოგებამ იტალიურ არენაზე ხელმოცარული რაფას პოზიციები მცირედით მაინც გაამყარა.
მოკლედ, ბენიტესის თემა უახლოეს დღეებში კვლავ აქტუალური იქნება და სავარაუდოდ, მასზე წერა ინტენსიურად მოგვიწევს. ასე რომ, ახლა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დასრულებულ ჩემპიონატს მივუბრუნდეთ, რომლის ფინალშიც ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებმა აფრიკის საუკეთესო კლუბი იოლად დაჯაბნეს. შეგახსენებთ, კონგოურმა "მაზემბემ" გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მექსიკური "პაჩუკასა" და ბრაზილიური "ინტერნასიონალის" სენსაციური ძლევით მოიპოვა და საინტერესო იყო, ფინალშიც თუ შეძლებდა საფეხბურთო მსოფლიოს გაკვირვებას.
თუმცა ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ნახევარფინალში დაშავებული ვესლი სნეიდერის გარეშე მოთამაშე "ინტერმა" ფინალის ბედი დებიუტშივე გადაწყვიტა. მე-13 წუთზე სამუელ ეტოომ მეკარესთან პირისპირ გორან პანდევი გაიყვანა და მაკედონიელს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. პანდევმა ეტოოს "პატივისცემა" ოთხიოდე წუთში გადაუხადა - საგოლე კომბინაცია კამბიასომ დაიწყო, პანდევმა გააგრძელა და კამერუნელის ძლიერი და გამოზომილი დარტყმით დასრულდა - 2:0.
ამით უკვე ყველაფერი ნათელი გახდა და მატჩი საინტერესო ეპიზოდების გარეშე გაგრძელდა. "ინტერის" მესამე გოლი პირველის ანალოგიური იყო, განსხვავება მხოლოდ მეგოლესა და ასისტენტში იყო - შეცვლაზე ახლად შესულ ჯონათან ბიაბიანის დეიან სტანკოვიჩმა გაატანინა.
საინტერესო იყო დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მარკო მატერაცი საერთოდ არ გამოცხადდა და შემდეგ განაცხადა, არ მაინტერესებს, დარჩება თუ წავა ბენიტესიო, "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კი გამარჯვება დაშავებულ თანაგუნდელ და თანამემამულე ვალტერ სამუელს მიუძღვნა. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი მძიმედაა ტრავმირებული, ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა და შესაძლოა, კარიერა საერთოდ დაასრულოს.
"ვალტერ სამუელი "ინტერისთვის" უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება და ამას კიდევ ერთხელ ვუმეორებ. ეს ჩემს კარიერაში მეთხუთმეტე ტიტულია. ბედნიერი ვარ, ასეთ ფანტასტიკურ წელიწადს კიდევ ერთი ჯილდოთი რომ ვასრულებ. არც ერთ იტალიურ კლუბს არ მიუღწევია იმისთვის, რაც "ინტერმა" 2010 წელს შეძლო. ჩვენმა გულშემატკივრებმა ჩვენით უნდა იამაყონ", - თქვა ვეტერანმა არგენტინელმა.
დაჯილდოვებაზე ჯერ "ინტერს" გადასცეს მთავარი თასი, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი სამუელ ეტოომ მიიღო, მეორე მოთამაშედ მაზემბელი დიოკო კალუიტუკა დაასახელეს, მესამედ კი - "ინტერნასიონალის" არგენტინელი ლიდერი ანდრეს დალესანდრო.
მესამე ადგილისთვის მატჩში "ინტერნასიონალმა" დამაჯერებლად სძლია სამხრეთკორეულ "სეონგნამს". ბრაზილიელთა არგენტინელ კიპერ რობერტო აბონდანსიერის პატივი დასდეს და შეცვლაზე ათამაშეს. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 49 შეხვედრის ჩამტარებელი აბონდანსიერისთვის ეს ბოლო მატჩი იყო პროფესიულ კარიერაში.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
ფინალი
ინტერი(იტალია)-მაზემბე (კონგო) 3:0
ინტერი: ჟულიო სესარი, მაიკონი, კორდობა, ლუსიო, კივუ (54. სტანკოვიჩი), ძანეტი, ტიაგო მოტა (87. მარიგა), კამბიასო, პანდევი, ეტოო, მილიტო (70. ბიაბიანი).
მაზემბე: კიდიაბა, კიმვაკი, კასუსულა, ნკულუკუტა, სინგულუმა, კაბანგუ, ბედი, კალუიტუკა (90. ნდონგა), მიაიო, ეკანგა, კასონგო (46. კანდა).
გოლები: 1:0 პანდევი (13), 2:0 ეტოო (17), 3:0 ბიაბიანი (85)
არბიტრი: ი. ნიშიმურა (იაპონია)
მატჩი მესამე ადგილისთვის
ინტერნასიონალი (ბრაზილია)-სეონგნამი (ს. კორეა) 4:2
ინტერნასიონალი: რენანი (74. აბონდანსიერი), ბოლივარი, ინდიო, ნეი, კლებერი, პაბლო გუინასუ, ვილსონ მატიაში (81. ანდერზინიო), რაფაელ სობისი (62. ჟიულიანო), დალესანდო, ტინგა, ალეშანდრო.
სეონგნამი: ი. რიონგი, სუნგი, სუნი, კუკი, გეონი, მოლინა, იუნგი (28. რადონჩიჩი (43. კ. რიონგი (78. ჯინი), ჰვანი, ჩული, ვონი, ჩეოლი.
გოლები: 1:0 ტინგა (15), 2:0 ალეშანდრო (27), 3:0 დალესანდრო (52), 4:0 ალეშანდრო (71), 4:1 მოლინა (84), 4:2 მოლინა (90)