ზინედინ ზიდანი: ფეხბურთს ინსტინქტებით ვთამაშობდი

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა "დიდების დარბაზში" ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი შეიყვანა. "კანის", "ბორდოს", "იუვენტუსისა" და "რეალის" ყოფილ ვარსკვლავს საიტის ჟურნალისტებმა პრიზი პირადად გადასცეს.

ზიდანმა 17 წელი გაატარა საფეხბურთო მინდვრებზე და წარუშლელი კვალი დატოვა. საკლუბო დონეზე ის გახდა ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი. სანაკრებო ტიტულებიდან მუნდიალის და ევროპის ჩემპიონატის მოგებაც კმარა, თუმცა ამას "ოქროს ბურთსაც" დავუმატებთ, რომელიც ლეგენდას 1998 წელს გადასცეს. ის იყო ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი 1998, 2000 და 2003 წლებში.

საიტმა "დიდების
დარბაზი" წლეულს დააარსა. საიტის ექსპერტებმა 15-კაციანი სია შესთავაზეს მკითხველებს. გამოკითხვაში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

10 ნოემბერს საიტმა პირველი გამარჯვებული დაასახელა - ზინედინ ზიდანი, დანარჩენ ოთხს კი ყოველდღიურად წარადგენს.

პრიზის გადაცემის შემდეგ ზიდანმა Goal.com-ს მცირე ინტერვიუც მისცა:

- ფეხბურთს ინსტინქტებით ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, ბევრს ვშრომობდი, რომ ჩემი ეს თვისება განმევითარებინა, მაგრამ თავიდანვე ეს ყველაფერი თავში იყო. ინსტინქტით თამაში ყოველთვის იყო ჩემი უპირატესობა. საქმე იმაშია, რომ რაღაცებს სხვებზე სულ ოდნავ ადრე ვამჩნევდი. უფრო სწრაფად, ვიდრე მცველი სიტუაციაში გაერკვეოდა.

- კარიერის ბოლოს უფრო სიღრმიდან რომ გეთამაშათ, შეგეძლოთ, უფრო დიდხანს დარჩენილიყავით ფეხბურთში. ამაზე არ გიფიქრიათ?
- პოზიციის შეცვლა და უფრო სიღრმიდან თამაში, რა თქმა უნდა, შემეძლო, მაგრამ ჩემი სიძლიერე ბოლო პასი იყო. ამ შემთხვევაში კი სჯობს, ოპონენტთა კართან უფრო ახლოს იყო. ვფიქრობ, შეტევაში თავს უფრო უკეთ ვგრძნობდი.

- თუმცა გოლების გატანას პასების მიცემა გერჩივნათ...
- მე მიყვარდა გოლის შექმნა, იქ ყოფნა, ეს იყო ჩემი საქმე. დიახ, გოლის შექმნა უფრო დიდ სიამოვნებას მგვრიდა, ვიდრე გატანა. ისიც მართალია, რომ დიდი გოლეადორი არასოდეს ვყოფილვარ.

- თქვენი ერთ-ერთი უპირატესობა ელეგანტურობა იყო. ის, თუ როგორ სცდებოდით მეტოქე მცველებს, სასიამოვნო სანახავი იყო...
- გამიგია ამის შესახებ, მაგრამ ესთეტიკურ მხარეზე მეტად ყურადღებას იმას უფრო ვაქცევდი, რამდენად ეფექტური იყო ჩემი მოძრაობა.

- კარიერის ესპანური ნაწილი შთამბეჭდავი იყო...
- აქ ვხვდებოდი ხალხს, რომლებიც ხშირად თამაშის მანერით ალფრედო დი სტეფანოს მამგვანებდა. ამბობდნენ, რომ თითქმის ისეთივე სტილი და ტექნიკა მქონდა.

მაგრამ ყველა თავის დროში ცხოვრობს, იმ რიტმში, რომელიც იმ დროშია. ფეხბურთშიც ასეა - მაგალითად, ახლანდელი ფეხბურთი კიდევ უფრო სწრაფია, ვიდრე ჩემს დროს იყო, მაგრამ, ვფიქრობ, გავუძლებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული