არ გინდათ ბურთი გაგიტანონ? მაშ... იოჰან კრუიფის ფილოსოფია

AutoSharing Option
რომელ მეზღვაურსაც უნდა ჰკითხოთ, ყველა მოგიყვებათ ლეგენდას ზღვებსა და ოკეანეებში მოხეტიალე გემ-მოჩვენებაზე, რომელიც "მფრინავი ჰოლანდიელის" სახელითაა ცნობილი.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სამასი წლის წინათ სამხრეთ აფრიკის ნაპირებთან მიმავალი ჰოლანდიური იალქნიანი გემი შტორმში მოყვა.

შტურმანის თხოვნის მიუხედავად, კაპიტანმა ნაპირთან შეჩერება და ქარიშხლის ჩაცხრობის დალოდება არ ისურვა, მღელვარე ზღვაში გზა განაგრძო და... ეკიპაჟი დაიღუპა, და მას შემდეგ გემი არც ერთ ნაპირთან აღარ გაჩერებულა - მოჩვენებასავით დედამიწის ხან ერთ კუთხეში ხვდებოდა მოგზაურებს, ხან - მეორეში.

მისი დანახვა ყველას შიშის ზარს სცემდა.

1974 წელს მსოფლიოს
საფეხბურთო ჩემპიონატზეც გამოჩნდა "მფრინავი ჰოლანდიელი", რომლის მიახლოება ნებისმიერ მცველს აშინებდა, კაცმა არ იცოდა, საიდან მოელოდა ხიფათი - ცენტრიდან, მარცხენა ფლანგიდან, თუ მარჯვნიდან.

ეს იყო იოჰან კრუიფი, რომლის სათამაშო სტილის ფეხბურთელი მანამდე არავის ენახა. იგი გემ "მფრინავი ჰოლანდიელის" კაპიტანივით თავისნათქვამა აღმოჩნდა - მწვრთნელის მოთხოვნის მიუხედავად 1-დან 11-მდე ყველა ნომერზე უარი თქვა და ზურგზე 14 დაიწერა.

Sportall.Ge

არადა, 90-იან წლებამდე ფეხბურთელები მოედანზე ნომრების მიხედვით ნაწილდებოდნენ: 7 ნომერი ცენტრალური ნახევარმცველი უნდა ყოფილიყო, 3 ნომერი - ლიბერო და ა.შ.

სტანდარტებიდან გასვლა ნიჭიერი და გონიერი ადამიანის მახასიათებელია. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით, კრუიფი ისტორიაში ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი იყო. სწორედ ამიტომ მას მეტსახელი შეუცვალეს - "პითაგორა ბუცებში" დაარქვეს.

იგი კარგად ხვდებოდა, რომ მოედნის კვადრატებად განაწილება, ხოლო ფეხბურთელების ამპლუების მიხედვით ჭადრაკის ფიგურებივით განლაგება ფეხბურთის მოძველებული სქემა იყო, ამიტომ 14 ნომრით ხან სად ამოყვინთავდა და ხან - სად.

სწორედ ასეთი, "ყველგანმავალი" (4X4) ფეხბურთელებისგან შეკრიბა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა ჰოლანდიის ნაკრები და 1974 წლის მუნდიალზე ტოტალური ფეხბურთი ათამაშა.

სიტყვა "ტოტალურის" ხსენებაზე შეიძლება ტოტალური გაყალბება გაგახსენდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ყოველ უბანზე ყალბდებოდა... "ტოტალური ფეხბურთიც" დაახლოებით ასეთი ვარიანტია - ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება მოხვდეს მოედნის ნებისმიერ უბანზე. ტოტალური ფეხბურთის პრინციპია "ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის".

ასეთი სტრატეგიის დამკვიდრებას ჰოლანდიელ მწვრთნელ რინუს მიხელსს მიაწერენ, რომელიც იოჰან კრუიფს "აიაქსშიც" ავარჯიშებდა.

სწორედ მიხელსის დამსახურებაა კრუიფის ვარსკვლავად ქცევა: იოჰანი პატარაობაში ძალიან გამხდარი იყო და ზოგიერთის მტკიცებით, "აიაქსში" დედის ხათრით მიიღეს, რომელიც გუნდის ორგანიზაციაში მუშაობდა.

თუმცა ლეგენდარულმა რინუს მიხელსმა ახალგაზრდა კრუიფი პირველად რომ ნახა, მისი ტექნიკა, სისწრაფე მოეწონა, ბავშვში დიდი მომავალი დაინახა და ვარჯიშების სპეციალური სისტემა შეუდგინა ფიზიკურად მოძლიერებისთვის.

წვრთნამ გაამართლა და 17 წლის იოჰანს "აიაქსში" დებიუტიც გოლიანი გამოუვიდა - 1:3 წაგებულ შეხვედრაში თანაგუნდელთაგან ერთადერთი ბურთი სწორედ "ბუცებიანმა პითაგორამ" გაიტანა. მომდევნო სეზონში 19 მატჩში 16 გოლი შეაგდო, ხოლო "აიაქსის" მაისურით ჩატარებულ 318 მატჩში მის ანგარიშზე 251 გოლი დაფიქსირდა!

იმასაც ამბობდნენ, პირველად ტოტალური ფეხბურთი აიაქსელებს რუმინელმა დამრიგებელმა სტეფან კოვაჩმა ათამაშაო. იგი ამსტერდამელებს 1971-73 წლებში ავარჯიშებდა. ამ პერიოდში "აიაქსმა" ჩემპიონთა თასი სამჯერ მოიგო, იოჰან კრუიფმა კი ოქროს ბურთი სამჯერ მიიღო (1971, 1973 და 1974 წლებში).

Sportall.Ge

ჭკვიანი კაცი ყოფილა შტეფან კოვაჩი, რომელმაც კრუიფისა და პელეს შედარება არ ისურვა:

"იოჰანს ხშირად ადარებენ პელეს. ეს უაზრობაა. ყოველი თაობის "ცაზე" თავისი "ვარსკვლავი" ანათებს. კრუიფმა პელეს შემდეგ გამოანათა და ახალი საფეხბურთო გზა უჩვენა მომდევნო თაობის ფეხბურთელებსა თუ გუნდებს. მნიშვნელობა არა აქვს, მათ ეს სურთ, თუ არა - კრუიფის გაკვალული გზით მიდიან".

ვარსკვლავური, თუ კაპიტნის სიჯიუტე იოჰან კრუიფმა კიდევ ერთხელ გამოავლინა: იგი 1973 წელს მადრიდის "რეალში" თითქმის გადასული იყო, როცა "აიაქსის" უფროსობას გამოუცხადა - "რეალში" აღარ მივდივარ, "ბარსელონაში" მინდაო.

თურმე, იმ ზაფხულს იგი კატალონიაში ისვენებდა და ძალიან მოიხიბლა ბარსელონის ხედებით, სტადიონ "ნოუ კამპით", გრანდიოზული კათედრალური ტაძრით...

კრუიფის ინტერესის შესახებ რომ გაიგეს, "ბარსელონას" ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ გაამზადეს კონტრაქტი, შიგ 600 მილიონი პესეტი ჩაწერეს (რაც დღევანდელი ანგარიშით 1.5 მილიონი ევროა) და ჰოლანდიაში გაუგზავნეს.

"ბარსელონის აეროპორტში გაოგნებული დავრჩი, - იხსენებს კრუიფი, - 10 ათასამდე გულშემატკივარი დამხვდა, რომლებისთვისაც არაფერი მქონდა გაკეთებული, მაგრამ მაინც ძალიან ვუყვარდი. თვალზე ცრემლი მომადგა".

ზუსტად 10 თვეში იოჰანმა კატალონიელი ქომაგებისგან ახალი მეტსახელი მიიღო - "მხსნელი". მან ხომ "ბარსას" 14-წლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატი პირველად მოაგებინა. შემდეგ კი ამერიკაში გაინავარდა, ლოს ანჯელესის "ატცეკებში" და ვაშინგტონის "დიპლომატებში" თამაშობდა, საიდანაც 34 წლისა "აიაქსში" დაბრუნდა და კიდევ ორჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონობა.

Sportall.Ge

ერთ დღეს იოჰანს გამოუცხადეს, რომ უკმაყოფილონი იყვნენ მისი თამაშით - მოტივაცია გაკლიაო...

...გაბრაზდა და "აიაქსის" მტერ "ფეიენოორდში" გადავიდა, ვნახოთ ერთი, ვის აკლია მოტივაციაო და როტერდამელებთან ერთად სეზონის ბოლოს ჰოლანდიის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი აღმართა.

1978 წელს საზოგადოება კრუიფის კიდევ ერთი არაორდინარული ქმედების მომსწრე გახდა - არგენტინაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებს არ გაჰყვა. რამდენიმე მიზეზი სახელდება: ნაკრებში რინუს მიხელსის არყოფნა, პროტესტი არგენტინაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, გატაცების საშიშროება, სპორტულ ფირმა "ადიდასთან" კონტრაქტზე შეუთანხმებლობა...

საინტერესოა, რომ 1974 წლის მსოფლიოს პირველობაზე ჰოლანდიის მთელ ნაკრებს "ადიდასის" ბუცები ეცვა, მხოლოდ კრუიფი დარბოდა "პუმას" ფეხსაცმლით.

თუ ფეხზე იმას ჩავიცვამ, რაც მინდა, რატომ არ უნდა დავარტყა პენალტი ისე, როგორც მინდა? - ერთ მშვენიერ დღეს გაიფიქრა კრუიფმა და თერთმეტმეტრიანის დარტყმის თავისებური ხერხი გამოიგონა: მაშინ, როცა მეკარე კარში დარტყმას ელოდა, ბურთი თანაგუნდელს გაუთამაშა. გაოგნებული კარის დარაჯი ბურთიანი აიაქსელისკენ რომ გაიქცა, კართან მარტო დარჩენილმა კრუიფმა ბურთი მიიღო და მშვიდად შეაგორა...

თერთმეტმეტრიანის ასეთი გათამაშება მოგვიანებით საფეხბურთო წიგნებში "კრუიფის პენალტის" სახელწოდებით შევიდა. იგი ბევრმა ფეხბურთელმა გამოიყენა, მაგრამ ერთზე მეტჯერ მხოლოდ კრუიფს აქვს შესრულებული.

იოჰანი დიდობაში არც ბავშვურ ჩვევებს ივიწყებდა: მეკარის მოტყუების შემდეგ ბურთს პირდაპირ კარში კი არ გზავნიდა, ჯერ ძელს უმიზნებდა და ისე იტანდა.

იგი კარიერის დასრულების შემდეგ ჯერ "აიაქსის", მერე "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 1992 წელს კატალონიელებთან ერთად მწვრთნელის რანგში გაიხსენა, როგორია ჩემპიონთა თასის მოგება. 1994-ში კი სამწვრთნელო დაფაც კედელზე მიაყუდა. არაერთი წიგნი დაწერა, სადაც ამბობს, რომ მწვრთნელობისასაც ბავშვური ფეხბურთის მოტრფიალედ დარჩა.

რას ნიშნავს ბავშვური ფეხბურთი? ამას იოჰან კრუიფზე უკეთესად ვერავინ აგვიხსნის:

"ფეხბურთი ძალიან მარტივი თამაშია. რატომ გავუგზავნოთ პასი 50 მეტრის მოშორებით მყოფ თანაგუნდელს? ხომ ვიცით, რომ შორი პასის ჩაჭრის ალბათობა დიდია. არ სჯობს, ბურთი ჩვენთან ახლოს მყოფ პარტნიორს მივცეთ, რომელიც მის წინ მდგომს მოძებნის?! საუკეთესო იდეა ყოველთვის მარტივია.

არ გინდათ გოლი გაგიტანონ? - მაშ, კარგად გაუფრთხილდით ბურთს, მეტოქეს არ დაუთმოთ.

ძალიან მიყვარს ეზოში მოთამაშე ბავშვების ყურება. ეს ყველაზე ღია და გულწრფელი ფეხბურთია. სწორედ ასე თამაშობდნენ ჩემი გუნდები, "აიაქსი", "ბარსელონა", ჰოლანდიის ნაკრები..."

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 5 /
უდიდესი ლეგენდა!
del piero 10
20 დეკემბერი 2014 22:11
0
არ ვიცი რატომ იყვნენ მაშინ გამორჩეული ლეგენდები, შეიძლება იმიტომ რომ მაშინ ინტერნეტი არ იყო, და ერთმანეთის თამაშებს მუდმივად არ შიფრავდნენ, ტუმცა ჩანაწერები ხომ იყო. ერთია ასეთი ლეგენდების თამაშები გვენატრება იმ თაობას ვინც მათი თამაშებით შეიყვარა ფეხბურთი. რომელი ერთი გავიხსენო, პელე, მარადონა, კრუიფი, ბეკენბაუერი...
jemali
20 დეკემბერი 2014 15:47
0
მფრინავი ჰოლანდიელი იმიტომ კი არ დაარქვეს რომ მცველებს მისი ეშინოდათ, არამედ იმიტომ რომ იგი მოედანზე "დაფრინავდა".თამაშის რაღაც განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი ჰქონდა. მართალი რომ გითხრათ, არც მანამდე და არც მერე ასეთი სტილის ფეხბურთელი არ მინახავს.
pele
20 დეკემბერი 2014 12:36
0
კროიფი-საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად!...ან მრჩევლად!გაინძრეს ხელისუფლება...
akhali
20 დეკემბერი 2014 11:00
0
ლეგენდაა ეს კაცი, უდიდესი მოაზროვნე ფეხბურთის ისტორიაში. თუნდაც ბარსას შეხედეთ: 2003 წელი, გაპარტახებულ ბარსაში მოდის ლაპორტა და გუნდის იდეოლოგი ხდება კრუიფი, ამის შემდეგ რაიკაარდისა და განსაკუთრებით პეპის ხელში ბარსამ რა სიმაღლეებსაც მიაღწია ყველას გემახსოვრებათ. დღეს კი ეს კაცი გუნდიდან გაუშვეს. შედეგებიც სახეზეა...
მინდია
20 დეკემბერი 2014 10:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული