ჯერ მხოლოდ ოცნება - ფეხბურთელები, რომლებიც "ოქროს ბურთს" იმსახურებენ, მაგრამ...

AutoSharing Option
"ოქროს ბურთი" ერთია, პრეტენდენტი კი - არაერთი.

დღეს იმ ფეხბურთელებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ამ უპრესტიჟულეს ჯილდოს იმსახურებენ, თუმცა ამ ეტაპზე პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელობაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ.

ბოლოს კი დღევანდელ ოფიციალურ ნომინანტებსაც გადავწვდებით...

არიენ რობენი
2014 წელს რობენი დიდებული იყო როგორც "ბაიერნში", ისე ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში. მსოფლიოს ჩემპიონატზე მან დიდად შეუწყო ხელი ესპანეთის ნაკრების განადგურებას. ეს "ოქროს ბურთის" პრეტენდენტობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ალბათ, რობენი მუნდიალის ფინალში უნდა გასულიყო ჰოლანდიასთან ერთად და იქაც მოეგო. არიენს, თუნდაც მომავალ წელს, აუცილებლად ექნება შანსი.

ლუის სუარესი
მსოფლიოს
ერთ-ერთი გამორჩეული ინდივიდუალისტი აუცილებლად იქნებოდა ამ უპრესტიჟულესი ჯილდოს პრეტენდენტი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად რომ არ მოქცეულიყო. დიდებულ ფორმაში მყოფმა სუარესმა იტალიასთან შეხვედრაში ნერვები ვერ მოთოკა და ჯორჯო კიელინის... მხარზე უკბინა. ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის გამო სუარესი "ბარსელონაში" კარგად ვერ გამოიყურება. თუ ურუგვაელი თავს კონტროლს გაუწევს, მომავალ სეზონში აუცილებლად ექნება "ოქროს ბურთის" დაუფლების შანსი.

თომას მიულერი
გერმანელი 2014 წელს ნამდვილად ვერ დაემდურება. მან მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, გახდა მუნდიალის მეორე ბომბარდირი. გარდა ამისა, ახალგაზრდულ ასაკში შევიდა მსოფლიოს ჩემპიონატის 15 საუკეთესო ბომბარდირს შორის. როგორც ჩანს, "ოქროს ბურთის" მოგებას შესანიშნავი სტატისტიკა და საგოლე ალღო არ ჰყოფნის. ამისთვის საჭიროა, ან მანუელ ნოიერივით იცავდე კარს, ანდაც ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დარი გამოკვეთილი ინდივიდუალისტი იყო.

ხამეს როდრიგესი
ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ მან, დიდწილად, მარტომ მიიყვანა კოლუმბიის ნაკრები მეოთხედფინალამდე. გარდა ამისა, ხამესი შესანიშნავად ჩაეწერა "რეალის" შემადგენლობაში, რაც იოლი ნამდვილად არ არის.

ფილიპ ლამი
იოჰან კრუიფი რომ წყვეტდეს, "ოქროს ბურთი" გერმანიის ნაკრების კაპიტნის კუთვნილება გახდებოდა. ლამმა დიდებულად ითამაშა მუნდიალზე და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გერმანია მისი თაოსნობით გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი. ნუ დავივიწყებთ, რომ 2014 წელს ლამი ერთნაირი წარმატებით თამაშობს როგორც მცველის, ისე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.

* * *
ზემოთ ისეთ ფეხბურთელებზე ვისაუბრეთ, არაფერი რომ არ დაეწუნებათ. მაინც რატომ ჰყავს ამ "ოქროს ბურთს" მაინცდამაინც 3 პრეტენდენტი?

ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. ჩავარდნის შემდეგ მესიმ კარგად ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატი, თუმცა დაკვირვებული თვალი მის თამაშში ხარვეზებს მაინც შენიშნავდა.

მესი ვერ გახდა მარადონა - მან არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოაგებინა, თუმცა ვერცხლის მედლით კი დაიმშვენა მკერდი. მესი ფორმაშია. ის "ბარსელონაში" დღესაც გამორჩეულია და რეკორდს რეკორდზე ამხობს.

რონალდოსათვის მსოფლიოს ჩემპიონატი ერთი დიდი კოშმარი იყო. ბრაზილიაში კრიშტიანო თავის აჩრდილსაც არ ჰგავდა. პორტუგალიის ნაკრები არცთუ ძლიერ ჯგუფში რომ ჩარჩა, ამაში გუნდში არსებულ ტრავმების ეპიდემიასთან ერთად კრიშტიანოს საშინელმა ფორმამაც ითამაშა დიდი როლი. სამაგიეროდ, "რეალში" კრიშტიანო შეუდარებელია. მადრიდელები ერთი ამოსუნთქვით იგებენ და პრაქტიკულად, ყველა შეხვედრაში გოლების ფოიერვერკს გვთავაზობენ. "სამეფო კლუბის" მთავარი დამრტყმელი ძალა რონალდოა.

რაც შეეხება მანუელ ნოიერს, "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის მეკარის გამოჩენა განსაკუთრებული ამბავია. ნოიერი თვისებრივად ახალ სამეკარეო სტილს ამკვიდრებს მსოფლიო ფეხბურთში და ისე თამაშობს, ბევრ ცენტრალურ მცველსაც შეშურდება.

მეკარეებს უჭირთ ინდივიდუალური ჯილდოების მოგება, თუმცა ნოიერი სხვა შემთხვევაა. შესაძლოა, მან ვერ მოიგოს, მაგრამ 2014 წელს ის იმდენად სტაბილური და საკუთარ თავში დაჯერებული იყო, ამაზე თვალის დახუჭვა არაფრით შეიძლებოდა.

ამ სამი პრიმას ბრძოლა საინტერესო უნდა იყოს. გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს. გვინდა თუ არა, ის კი უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთი მაინც ორი მონსტრისაა და მერე - დანარჩენების.

ვინ იცის, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაც ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს მარულად იქცეს, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ დიდებული გერმანელი გოლკიპერი სტატისტის როლს არ დასჯერდეს.

დაჯილდოების ცერემონიალამდე კი 3 ოცნება ცოცხალია. ცოცხალია იმათი ოცნებებიც, ვისზეც ჩვენი წერილის ზედა ნაწილში გიამბეთ. ერთია, რომ მათ ამ ნატვრის ახდენა სამომავლოდ უნდა გადადონ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია კოკო რა ხამესი რა ფეხბურთი აქ ნათამაშები ხავი იბრა ინიესტა ისეა და ხამესი? სირცხვილია, მესი ამ ჯილდოს ყოველ წელს იმსახურებს ეს უდავოა ვინც ფეხბურთს აფასებს და არა ვარცხნილობას დამეთანხმება, არ ვამბობ რო რონალდო არააა მაგარი მარა მესი სხვა განზომილებააა
beqa
02:55 04-01-2015
0
ამ როდრიგესს რა შეეც..ით ერთი კარგად ჩატარებული მსოფლიოს გამო. რა უნდა ამ მაგას როცა დი მარია ინიესტა ნეიმარი ბეილი ზლატანი და სხვა ბევრი უკეთესი მოთამაშე არსებობს. და თუ მარტო წლევანდელი წლით მსჯელობთ და ფიქრობთ რომ ოქროს ბურთი მარტო მსიფლიოს გამო უნდა იძლეოდეს მაშინ მესის და რონალდოს არც ერთი უნდა ქონდეთ
coco
17:09 03-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული