დიეგო სიმეონე: არგენტინის ნაკრების გაწვრთნა არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ ეგ დროც მოვა

AutoSharing Option
დიეგო სიმეონე, მისი სამწვრთნელო კარიერა, სათამაშო სტილი, მიღწევები, "ჩოლოს" წარსული, აწმყო და მომავალი, ბოლო წლებში საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა.

არგენტინელმა მადრიდის "ატელტიკოსთან" ერთად უდიდეს წარმატებებს მიაღწია და ამაზე გაჩერებას არ აპირებს. იგი წინა წლის მწვრთნელთა საუკეთესო სამეულშიც კი მოხვდა...

- როგორც იქნა, წლის სამ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაგასახელეს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და ანიჭებთ თუ არა მნიშვნელობას?
- აღიარება ყოველთვის სასიამოვნო და კარგია. მით უმეტეს აქტიური ფეხბურთელების და თან მთელი მსოფლიოდან. თუმცა ეს ცალკე საკითხია, ხოლო ფეხბურთში წარმატების
მისაღწევად სულ მომავალზე, შემდეგ მატჩზე უნდა იფიქრო, რომ საჭირო სიმაღლეზე დარჩე. ძალიან მიხარია, რომ იოახიმ ლიოვთან და კარლო ანჩელოტისთან ერთად დამასახელეს. ეს სამომავლოდ დამატებით მოტივაციას მაძლევს.

- ესპანეთში მწვრთნელების სათამაშო სტილის მიხედვით დაყოფა უყვართ, მაგალითისთვის, ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეგვიძლია მოვიყვანოთ, ახლა კი "ჩოლიზმოზეა" საუბარი, თქეენი მეტსახელიდან გამომდინარე, "ატლეტიკოს" სტილს ასე შეარქვეს...
- ჩვენ მართლაც ადვილად გამოსარჩევი და გამოკვეთილი თამაშის სტილი გვაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იდეები მინდორზე საუკეთესოდ "ესტუდიანტესს" გადაჰქონდა, სადაც წელიწადნახევარი ვმუშაობდი მწვრთნელად და ახლა ამას "ატლეტიკო" აკეთებს. "ჩოლიზმოზე" ვერაფერს გეტყვით, იმას კი ვადასტურებ, რომ ჩვენი სტილი გვაქვს.

- თქვენი სტილი მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებულიც არ არის?
- რა თქმა უნდა, არა. ეს უბრალოდ კლიშეებია. ასეთი შეფასებები იმ გუნდების ბანაკებიდანაა, რომლებიც "ატლეტიკოს" დამარცხებას ვერ ახერხებენ, ეს ჩვენი პრობლემა არ არის!

- ბევრი იწერება "ჩოლოს მებრძოლებზეც", რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან. ხომ არ ფიქრობთ, რომ მას-მედია ამ ასპექტზე ასეთი აშკარა და გაუთავებელი აქცენტის კეთებით თქვენი გუნდის სხვა პლუსებს ვერ ამჩნევს?
- ფეხბურთში ბრწყინვალეა ისიც, რომ ინტერპეტაციის საშუალება გაქვს და სიტუაციას რამდენიმე მხრიდან შეგიძლია შეხედო. გადაჭრით რაიმე შეფასების გაკეთება შეუძლებელია, რაღაც მხრივ, ყველა შეიძლება მართალი იყოს.

თამაშის უამრავი ხერხი არსებობს, მაგრამ აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ვეყრდნობი იმ შემადგენლობას, რომელიც მყავს და ვთამაშობ ისე, როგორც ჩემი აზირთ, ფეხბურთელთა ამ ჯგუფით საუკეთესო შედეგის მიღწევას შევძლებთ. გადამწყვეტ შეხვედრებში, ფინალებში, სადაც გვითამაშია, ყოველთვის უძლიერესი ფეხბურთელები გვყავდა მინდორზე, მაგრამ ჩემი აზრით, მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის წარმატებისთვის. ნიჭის გამოყენებას ბევრი მუშაობა და გაზიარება სჭირდება, გუნდურად უნდა იმუშავო.

- ხშირად ამბობთ ხოლმე, რომ მსხვერპლი, რომელზედაც ფეხბურთელები გუნდისთვის უნდა წავიდნენ გარჩევას არ ექვემდებარება. რა ექვემდებარება გარჩევას?
- ადამიანური ფაქტორები. თუ ვინმეს რამე აწუხებს ან პრობლემა აქვს, რამის თქმა სურს, მე ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო. მე მსურს, რომ ყოველთვის ერთ ტალღაზე ვიყოთ და არა მაგალითად, ფიზიკურად ერთ ადგილას იყოს ვინმე, ხოლო ფიქრებით - სულ სხვაგან.

- 2014 წელს მიღებულ რაიმე გადაწყვეტილებას თუ ნანობთ?
- სინანულით არა. ისე კი, ყოველთვის გაიფიქრებ განვლილ წელზე, სეზონზე, რომ რაღაც შეიძლებოდა სხვაგვარად გაგეკეთებინა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს უკვე წარსულია.

- იყო თუ არა ასეთი გადაწყვეტილება მაგალითად, დიეგო კოშტას მინდორზე გაყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც მას ტრავმა ახლადმოშუშებული ჰქონდა და მისი თამაში დიდ რისკთან გახლდათ დაკავშირებული?
- არა, ნამდვილად არა. ეს კარგად გააზრებული გადაწყვეტილება გახლდათ და მართებულიც, იმის გათვალისწინებით, რომ სასწორზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო. მატჩამდე ყველას ვეუბნებოდი, რომ კოშტა 100 მეტრიან დისტანციაზე მშვენივრად გარბოდა და ათლეტივით გამოიყურებოდა.

ვფიქრობდი, რომ თუ იგი 45-50 წუთით მაინც შეძლებდა თამაშს, მინდორზე უნდა გასულიყო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა მნიშვნელობის მოთამაშე გახლდათ ჩვენთვის. ის ამისთვის მზად ჩანდა, მაგრამ იღბალს სხვა გეგმები ჰქონდა და პოტენციური გამარჯვების მომტანი 8 წუთში დავკარგეთ. გარდა ამისა, დაშავებული იყო არდა თურანი და თამაში მანაც ვერ შეძლო. ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ.

- ფინალის ჩანაწერს თუ უყურეთ?
- არა, არა. დროს ვერ დააბრუნებ და სჯობს, წარსულზე არ იფიქრო და უკან არ იყურო. წინ მომავალია.

- როგორც მწვრთნელი ძალიან ჰგავხართ საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს...
- დიახ, გარკვეული მსგავსებები არის, ყველა მწვრთნელს, ადამიანს აქვს თავისი თვისებები. ძნელი სათქმელია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ალბათ უფრო თავშეკავებული გავხდები და მანერები შემეცვლება. ახლა კი თავს ახალგაზრდულად და ენერგიულად ვგრძნობ. ასეა თუ ისე, თამაშში ჩართული ვარ და ეს მომწონს.

- არც ისე დიდი ხნის წინ, სეზონების განმავლობაში "ატლეტიკოს" სერიოზულად აღარვინ უყურებდა. შეიცვალა თუ არა ეს დამოკიდებულება ახლა?
- როდესაც გუნდში მოვედი, პრესკონფერენციაზე თავიდანვე ვთქვი, რომ მინდოდა "ატლეტიკო" ისეთი გუნდი გამხდარიყო, რომელიც მეტოქეებს პრობლემებს შეუქმნიდა, მათ შორის "ბარსელონასა" და "რეალის" დარ გიგანტებს. ვსაუბრობთ გუნდებზე, რომლებისგანაც ყოველწლიურად არამხოლოდ საშინაო არენაზე ელიან წარმატებას, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც ითხოვენ მათგან. "ბარსას" და "რეალს" უდიდესი ფინანსური რესურსები აქვთ და უმაღლესი დონის ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი.

ჩვენ ამ გუნდების ჰეგემონია დავამხეთ, ისევე როგორც ეს 1996 წელს გავაკეთეთ, როდესაც "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ვიყავი. ყველაზე რთული კი სტაბილურად კარგი შედეგების და თამაშის ჩვენებაა, რასაც უკვე 3 წელია, ვახერხებთ. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონშიც ყველაფერი წინ გვაქვს.

- საკუთარ თავს "ატლეტიკოს" სერ ალექს ფერგიუსონად თუ ხედავთ?
- ყოველთვის ვამბობდი, რომ მირჩევნია მუდამ ვფიქრობდე იმაზე, რომ შესაძლოა ხვალ მომხსნან, რადგან ასე კიდევ უფრო კარგად ვახერხებ მომენტით ცხოვრებასა და მუშაობას. წარსული მიღწევები ისედაც შენთან რჩება და ამიტომაც, მთავარი მომავალი წარმატებებია. ვხედავ, როგორ იზრდება "ატელტიკო" და ეს ძალიან მახარებს. ჩვენმა ბოლოდროინდელმა წარმატებებმა გამოიწვია ისიც, რომ კლუბი ფინანსურად მნიშვნელოვნად გაძლიერდა. გვყავს ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებსაც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. მაგალითად რაულ ხიმენესი, კოკე...

- ოდესმე თუ იღებთ ფეხს პედლიდან?
- მოდუნების დიდი მოყვარული არ ვარ, რადგან ვიცი, რომ ასეთი მიდგომის შემთხვევაში, წაგებით დავამთავრებ. ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ თუ რამე მსგავსს შევნიშნავ, იმ წუთას ვებრძვი ამ განწყობას, რადგან კონცენტრაციის დაკარგვისას თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.

- თუმცა თქვენ მაინც ახერხებთ გამოძებნოთ დრო ისეთი რაღაცებისთვის, როგორიც კინოში წასვლა ან წიგნის წაკითხვაა.
- დიახ, ფეხბურთს მიღმა სხვა ადამიანი ვარ და ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. თუმცა პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ და ფეხბურთზეც მუდამ ვფიქრობ, ეს თამაში ჩემი ცხოვრებაა და საქმეს დიდი შემართებითა და ვნებით ვაკეთებ. რამე სხვაზე გადართვა ძალიან რთულია. შესაძლოა, კინოში წახვიდე და ეკრანზე უცბად ფილმის ნაცვლად ფეხბურთელები წარმოგიდგნენ თვალწინ. ასე რომ, ჩვენთვის განტვირთვა არც ისე ადვილია.

- გულზე ხელი დაიდეთ და თქვით - 2014 წლის მუნდიალის შემდეგ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა შემოგთავაზეს?
- არა. თუმცა ვიცი, რომ ერთხელ ეს მოხდება. ნაკრების პერიოდებზე შეიძლება პარალელი გაავლო შვილთან, მამასთან და პაპასთან. როგორც ცხოვრებაში გიწევს ამის გამოვლა, ასეა ნაკრებიც.

ჩემი აზრით ეს უფრო პაპის საქმეა, გამოცდილი ადამიანის, რომელსაც რაღაცების სხვა თვალით დანახვა შეუძლია, დაბრძენებული და გაწონასწორებულია. მე კი ჯერ კიდევ ყოველდღიური მუშაობა მსურს, გუნდთან ერთად ყოფნა, ვარჯიში... ნაკრებში ასე არ ხდება. მსურს თუ არა არგენტინის გაწვრთნა ერთ დღესაც? რა თქმა უნდა, მსურს! მოთამაშის რანგში ნაკრებში 12-14 წელი გავატარე და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. იმედია, ჩვენი გზები მომავალში ორივესთვის საუკეთესო და სწორ დროს გადაიკვეთება.

- ლიონელ მესის გაწვრთნა და გუნდში ყოლა ცუდი არ იქნებოდა...
- მესი მატჩების მომგები ფეხბურთელია, რომელსაც სჭირდება, რომ გუნდი მის გარშემო იყოს აგებული, რადგან იგი უფრო სასარგებლო გახდეს. გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველობასთან ძალიან ახლოს ვიყავით და იმედია, ხერარდო მარტინო წარმატებულად იმუშავებს, თანაც იგი მესის უკვე კარგად იცნობს "ბარსელონადან". ვიმედოვნებ, იგი ლიონელის პოტენციალის გამოყენებას მაქსიმალურად შეძლებს და ნაკრებს გუნდურად ათამაშებს, ეს საუკეთესოა, რაც მესისთვის შეიძლება გააკეთო.

- წარმოიდგინეთ, რომ ულიმიტო თანხა შემოგთავაზონ, არნახული კონტრაქტი... ოღონდ, ბრაზილიის ნაკრების ან მადრიდის "რეალის" გაწვრთნის სანაცვლოდ. რომელს აირჩევდით?
- ჟურნალისტები ძალიან ცუდები ხართ! (იცინის). ვფიქრობ, ამ შემოთავაზებას გავატარებდი და ფულს დავემშვიდობებოდი.

- ფეხბურთის გარდა რაში გექნებოდათ "ოქროს ბურთის" მოპოვების შანსი?
- პირდაპირობაში. მე ასეთი ვარ, რასაც ხედავთ, იმას იღებთ. პირდაპირობა მიყვარს.

დოსიე
დიეგო პაბლო სიმეონე
დაიბადა: 1970 წ. ბუენოს აირესი (არგ)
ფეხბურთელის კარიერა: 1987-90 - ველეს სარსფილდი; 1990-92 - პიზა; 1992-94 - სევილია; 1994-97 - ატლეტიკო; 1997-99 - ინტერი; 1999-2003 - ლაციო; 2003-05 - ატლეტიკო; 2005-06 - რასინგი.
არგენტინის ნაკრები: 106 თამაში, 11 გოლი
სამწვრთნელო კარიერა: 2006 - რასინგი; 2006-07 - ესტუდიანტესი; 2007-08 - რივერ პლეიტი; 2009-10 - სან ლორენსო; 2011 - კატანია; 2011 - რასინგი; 2011-დან - ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული