დრიბლინგი: ხუან კუადრადოს ოცნების და ნამდვილი მასწავლებელი

AutoSharing Option
იტალია
არმაგედონი
რა არ მომხდარა იტალიურ ფეხბურთში, რა აღარ გვსმენია კალჩოდან, რამდენი პარადოქსი, მაგრამ ის, რაც ახლა "პარმაში" ხდება, ჯერ არნახული და არგაგონილი ამბავია.

გასულ უქმეებზე "პარმას" კალენდარული მატჩი იმის გამო გადაიდო, რომ ამ კლუბს უკვე ერთი შეხვედრის ჩატარების საშუალებაც აღარ აქვს. არ შეუძლია უსაფრთხოების სამსახურის დაქირავება, წყლის და ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა - აღარაფერს ვამბობთ ფეხბურთელებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის ხელფასის მიცემაზე.

"იცით, რამდენი ხანია, ჩვენს საშხაპეში ცხელი წყალი აღარ მოდის? შესაბამისად, იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ ხოლმე, რომლებიც იმ მომენტში გაციებულები არ არიან!"
- ეს "პარმას" 19-წლამდელთა დამრიგებლის, ერნან კრესპოს სიტყვებია.

იმედია, ამ ყველაფრის ფონზე ლეგიტიმურია კითხვა: რა ჯანდაბა და დოზანა დაემართა "პარმას", როგორ მოახერხეს ამ კლუბის მესვეურებმა და როგორ მიიყვანეს ეს პატივსაცემი გუნდი ამ არმაგედონამდე?

ფაქტია, რომ ზაფხულში "პარმა" ევროპალიგაზე ვალების გამო არ გაუშვეს და ნუთუ კონტროლის არც ერთ ინსტანციაში არ მოუვიდათ აზრად ის, რომ ეს ძალიან ცუდის ნიშანი იყო და კლუბში უმძიმესი ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა?

ალბათ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იტალიელებს სჩვევიათ: ლიგამაც წაუყრუა და ფეხბურთის ფედერაციამაც. ფაქტია ისიც, რომ "პარმა" იტალიის ჩემპიონატში დაუშვეს და მიუხედავად იმისა, რომ ხელფასებს ვერ იხდიდა, სატრანსფერო ბაზარზე ოპერირების ნებაც დართეს.

იტალიური ფეხბურთის მესაჭეებმა განგაშის ზარებს მაშინაც კი არ შემოჰკრეს, როცა დაინახეს, რომ "პარმას" ამ სეზონში მოგებულ თამაშებზე მეტი პრეზიდენტი ჰყავდა. ზაფხულის მერე კლუბმა ხუთი პრეზიდენტი გამოიცვალა, უკანასკნელი კი ჯამპიერო მანენტია, რომელმაც "პარმა" სულ რაღაც ერთ ევროდ გადაიბირა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ფირმას, რომელსაც ოფისი სლოვენიაში (!) აქვს, ანგარიშზე კი ამ პიროვნებას მხოლოდ და მხოლოდ 7 000 ევრო ჰქონდა.

გაპრეზიდენტების შემდეგ მანენტი ყოველდღე იმეორებდა, გადმორიცხვები გზაშია და დრო სჭირდებაო, რაც, რა თქმა უნდა, ზღაპარი აღმოჩნდა - გასულ კვირას სლოვენიური ფირმის საბანკო ანგარიში დაიხურა.

"ამ კაცმა სერია A-ს გუნდი ჩაიბარა და არა ძეხვეულის მაღაზია!" - აღშფოთებულია პარმას მერი. ასეა თუ ისე, ფაქტია ისიც, რომ კლუბის ყოფილმა პატრონმა ტომაზო გირარდიმ 2007-დან 2014 წლამდე მარტო ტელევიზიებისგან 220 მილიონი ევრო იშოვა, კლუბის ვალები კი ამ პერიოდში 16-დან 197 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ჰოდა, ჩნდება კიდევ ერთი ლეგიტიმური კითხვა: სად ჯანდაბაში წაიღეს ტომაზომ და მისმა ქვეშევრდომებმა ეს ფული? პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ.

ინგლისი
ჭიდაობას რა უნდა...
ეს თუ ვინმეს უნდა სცოდნოდა, პირველ რიგში, მას. თუ ამას ვინმესგან არ მოველოდით, პირველ რიგში, მისგან - ყველა ინგლისელზე ინგლისელისგან, ყველა ბრიტანელზე ბრიტანელისგან! უეინ რუნის ვგულისხმობთ, რაღა თქმა უნდა.

წინა ორშაბათს ჩატარებულმა მატჩმა ცხადყო, რომ რუნიმ ეს არ იცოდა. "პრესტონთან" სათასო მატჩში რუნი ისე მოიქცა, ღირსეულ ინგლისელს ძალიან რომ უნდა შერცხვეს და მერე რა, რომ რუნისაც შერცხვა და ბოდიში მოიხადა - ასეთი სიმულაცია მაინც არ გეკადრებოდა, უეინ!

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოჩი საჯარიმოში ისე ლამაზად გადავარდა და გასრიალდა, რომ ანდრეას მიოლერსაც შეშურდებოდა, ფრანჩესკო ტოტისაც და რივალდოსაც.

შედეგი: "პრესტონის" კარში დანიშნული პენალტი და მოგება "იუნაიტედს". და ეს მოხდა ინგლისში - არასიმულანტების სამშობლოში.

მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა, "პრესტონის" ერთი ცნობილი ფანი მისთვის პატიებას არ აპირებს. ცნობილი მოჭიდავე და WWE-ვრესტლერი უეიდ ბარეტი "თვითერზე" წერდა, თუ რუნის სადმე გადავეყარე, სიმულანტობა აღარ მოუწევსო.

რუნიმაც არ დაუგვიანა პასუხი, შენთან საბრძოლველად სტივ ოსტინს პენსიიდან დავაბრუნებო და ატყდა დიდი ალიაქოთი. ველოდებით ბრძოლას...

ბარტონი თავის სტიქიაში
ევროპალიგაზე "ლივერპულისა" და "ბეშიქთაშის" დაპირისპირების შემდეგ ჯოი ბარტონი "მერსისაიდელთა" კაპიტან ჯორდან ჰენდერსონს მისდგა. ახირებულმა ჯოიმ ეს უკანასკნელი მიზანში იმის გამო ამოიღო, რომ ჰენდერსონმა, რომელიც სტივენ ჯერარდის არყოფნაში "ლივერპულის" გუნდის თავი გახდა, "ბეშიქთაშთან" სისუსტე გამოამჟღავნა.

საქმე იმაშია, რომ თურქული კლუბის კარში დანიშნული პენალტი სწორედ ჰენდერსონს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მარიო ბალოტელი მივარდა და ბურთი ხელიდან გამოსტაცა, ჰენდერსონმა კი არაფერი მოიმოქმედა საიმისოდ, რომ ბალოტელისთვის საკადრისი პასუხი გაეცა.

"ჰენდერსონი არ არის და ვერ იქნება ლიდერი. ვერასდროს გახდება ისეთი კაპიტანი, როგორიც ჯერარდია. ბალოტელიმ კი არა, კაპიტანს ვერავინ უნდა გაუბედოს ბურთის წართმევა!" - წერდა ბარტონი და მეორე დღეს ის მოედნიდან იმის გამო გააძევეს, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს კვერცხებში ამოსცხო...

Do you speak English?
ინგლისურ მედიაში ბოლო დღეებში ისეთი ჭორი გავრცელდა, ავ თვალს რომ არ დაენახვებოდა. მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" ხუან კუადრადო ახლახან გადაიბირა და ამ უკანასკნელს ინგლისურის ინჩიბინჩი არ გაეგება. ჰოდა, ხმა გავარდა, კუადრადომ ინგლისური ენის მასწავლებლად "პლეიბოის" მოდელი კარლა ჰოუვი აიყვანა და სწორედ ეს ქალი ასწავლის "პოსესივპრონომენსა" და "პასტ პრეზენტსო".

როგორც ჩანს, ამ ამბავმა "ჩელსის" შეფობამდეც მიაღწია.

კუადრადოს ორი კვირის შემდეგ ინგლისური ძალიან მაგრად რომ სცოდნოდა, ბურთისთვის კი ფეხი ვეღარ დაერტყა, "ყველა ყველაფერს მიხვდებოდა" და ამიტომაც აიძულეს კოლუმბიელი, რომ სასწრაფოდ გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება.

კუადრადომ "თვითერზე" თავისი ინგლისურის მასწავლებლის ფოტო დადო - ეს გახლავთ წითური ბრიტანელი კაცი, ყველა ბრიტანელზე ბრიტანელი უეინ რუნის შემდეგ.

ესპანეთი
კრიშტიანო წყალს არ სვამს!
"ატლეტიკოსთან" 0:4-ზე განადგურების შემდეგ კრიშტიანო რონალდომ თანაგუნდელები დისკოთეკაზე რომ დაპატიჟა და გვარიანად გამოათრო, ძველი ამბავია და ყველამ იცის. ახალი ისაა, რომ "ბარსელონას" ფანებმა ამის შემდეგ მოსისხლე მტრის პორტუგალიელ ფეხბურთელს სიმღერა მიუძღვნეს.  "კრიშტიანო მთვრალია, კრიშტიანო მთვრალია", - სკანდირებდნენ კატალონიელები.

ეს ამბავი პრიმერადივიზიონის შეფებს არ მოეწონათ, საკითხს ჩაუღრმავდნენ და "ბარსას" დაჯარიმება გადაწყვიტეს - ოღონდ ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელი მუხლით მიუდგნენ საქმეს. ფაქტი ისაა, რომ არც "ბარსელონას" ფანები არიან სულელები და თავს არავის დააჩაგვრინებენ - "მალაგასთან" შეხვედრაში მათ უკვე ასეთი ტექსტი შემოსძახეს: "კრიშტიანო წყალს არ სვამს!"

ოღონდ "ბარსამ" ის თამაში 0:1 წააგო...

წაგებაცაა და წაგებაც
...ჰოდა, ჩვენც ახლა სწორედ "ბარსას" წაგებას ჩავუღრმავდეთ. ჯერ ის ვთქვათ, რომ კატალონიელებმა ზედიზედ 11 ოფიციალური თამაშის მოგების შემდეგ პირველად წააგეს.

სინამდვილეში კი, დიდი ხანია, გვინდა იმის თქმა, რომ "ბარსამ" მართლაც დაკარგა ის სიმსუბუქე, რომელიც ბოლო წლებში ჰქონდა. "მალაგასთან" გამოჩნდა, რომ შეტევაში ტიკი-ტაკასგან მხოლოდ რამდენიმე ელემენტია დარჩენილი.

ფაქტი გნებავთ?

ინებეთ: "ბარსელონამ" "მალაგას" საჯარიმოში ორივე ფლანგიდან ბურთი 48-ჯერ ჩააწოდა. ცნობისათვის: ერთ მატჩში ამდენი ჩაწოდება ბარსელონელებს 2005/06 წლების სეზონის შემდეგ აღარ გაუკეთებიათ.

გერმანია
ნაწყენი ჩირო
დორტმუნდის "ბორუსიის" იტალიელმა თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ მშობლიურ "გაძეტა დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა, სადაც გერმანიაზე, გერმანელებსა და თავის ამჟამინდელ ყოფაზე ერთობ გულახდილად ისაუბრა. აი, რა თქვა იმობილემ:

გერმანელებზე:
"ცივი ხალხია. ვერაფერს იზამ, ვერავის შეცვლი".

იურგენ კლოპზე:
"ტყუილია ის, რომ თითქოს კლოპი არ მეხმარება. პირიქით, იურგენი ძალიან მაგარი მწვრთნელი და ადამიანია. ნამდვილად მეხმარება, ხშირად მელაპარაკება, მამხნევებს და ჩემთან ერთად განიცდის ჩემს წარუმატებლობას".

დორტმუნდელ თანაგუნდელებზე:
"ამ რვა თვის განმავლობაში ერთმა თანაგუნდელმაც კი არ დამპატიჟა სახლში, ვახშამზე. ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი!"

ჩაო, ჩირო! კეთილი იყოს შენი მობრძანება დოიჩლანდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტო ჩვენ არ გვიჭირს?
გივი
13:57 26-02-2015
0
ჩირო აბა რა გეგონა გერმანიაში რომ მიდიოდი? :))) 8 თვის განმავლობაში ერთმა თანაგუნდელმაც არ დამპატიჟა სახლშიო... ცივი ხალიაო...
ჩირო თბილი ხალხი ჩვენ ვართ ქართველები! ხოდა ეხლა თუა არა კარიერის ბოლოსკენ მაინც ჩამოდი დინამოში და დაპატიჟებები,ქეიფები და ღვინის სმა მერე ნახე! :)))
del piero 10
19:56 27-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული