ვარსკვლავები ვარსკვლავთა შორის - 1990-2015 წლების სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სულ უფრო გუნდური ხდება და სულ უფრო ცოტანი დარჩნენ ინდივიდუალისტები, რომლებიც თამაშს მარტოები მოიგებენ, ფინტების კასკადს შემოგვთავაზებენ და მინდორზე ნამდვილ შოუს დადგამენ.

კი ბატონო, არის ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო, კიდევ - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ბებერი ანდრეა პირლო და ამით მთავრდება კიდეც ყველაფერი - და რამდენნი იყვნენ ასეთები ადრე, თუნდაც 90-იან წლებში, ან სულ რაღაც 10-15 წლის წინ? - და დაიწყება ფეხბურთელთა გაუთავებელი ჩამოთვლა, დაწყებული რომარიოსა და ბაჯოთი, გაგრძელებული ბერგკამპით, ანრით, ბექჰემით, ზიდანით და დასრულებული რობერტო
კარლოსით, რონალდინიოთი და რონალდოთი.

90-იანი წლები შემთხვევით არ გვიხსენებია, რადგან ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ფეხბურთის მატჩების ტრანსლირება ტელევიზიით დიდი დოზებით დაიწყო და მოგვეცა საშუალება, ევროპულ თუ მსოფლიო ფეხბურთზე სრულყოფილი წარმოდგენა შეგვექმნა - მოგვეცა საშულება, რომ თითოეული ფეხბურთელი გვეხილა საკლუბო ტურნირებზე და არა მარტო დიდ საფეხბურთო ფორუმებზე, კერძოდ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

ამიტომ, როდესაც კამათობენ, პელე თუ მარადონა? - არჩევანი ან სტატისტიკის მიხედვით კეთდება, ვთქვათ, ვინ უფრო მეტჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ან მეტი გოლი გაიტანა, ან ვიდეოფრაგმენტებით, რაც ხშირ შემთხვევაში მწირი რაოდენობით აქვთ ნანახი; ან სულაც იმის მიხედვით, თვითონ არგენტინის გულშემატკივარია თუ ბრაზილიის - ანუ გადაწყვეტილება ზედმეტად სუბიექტურია და დიდად არ დაეჯერება. მაგალითად, ისეთებსაც ვიცნობ, რომლებსაც კითხვაზე: პელე თუ მარადონა? - ასეთი პასუხი გაუციათ:

"მე მაინც დი სტეფანოს ვიტყოდი, ამბობენ, რომ სასწაულებს აკეთებდა მოედანზე და რომ მისი მოქმედების არეალი ყველაზე ვრცელი იყო".

მოკლედ, აქ არჩევანი სულაც სხვისი მონათხრობით არის გაკეთებული; შესაბამისად, კითხვებზე: პელე თუ მარადონა? დი სტეფანო თუ პუშკაში? მეაცა თუ სტაბილე? - ობიექტური პასუხის გაცემა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. შეიძლება, ამ ჩამონათვალში ბევრს მარადონა ცუდად ხვდება თვალში - ლეგენდარული არგენტინელი შედარებით ახლო წარსულში თამაშობდა, 1994 წლის მუნდიალზეც იასპარეზა და შემდეგ ბოკაშიც გააგორა ბურთი, მაგრამ ნამდვილი მარადონა სტაჟიან გულშემატკივრებს მაინც დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ჰყავთ ნანახი, "ნაპოლისა" თუ "ბარსელონაში" მისი ბრწყინვალე თამაშებიდან კი აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ გოლები უნახავს.

სხვა საქმეა დღევანდელი რეალობა, როდესაც ვუყურებთ ყველაფერს, რაც გვაინტერესებს და ხანდახან იმასაც, რაც არ გვაინტერესებს. თითოეული ვარსკვლავის და არავარსკვლავის ასობით მატჩი გვაქვს ნანახი, ვცნობთ მათ არა მარტო სახეზე, არამედ მოძრაობით და მანერებით. დღეს ნამდვილად გვაქვს საკმარისი მასალა იმისთვის, რომ კრიშტიანო რონალდო შევადაროთ ლეო მესის; რობერტო კარლოსი - პაოლო მალდინის; ანდრეს ინიესტა - ანდრეა პირლოს და ა.შ.

საინტერესოა მსოფლიოს სიმბოლური გუნდის შედგენა 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე - ანუ იმ პერიოდში, როდესაც გვაქვს საშუალება, გავაკეთოთ ობიექტური არჩევანი. საინტერესოა ისიც, თუ რამდენი მოთამაშე მოხვდებოდა ამ 11-ეულში მათგან, ვინც დღესაც თამაშობს ფეხბურთს და იმათგან, ვინც 90-იანებსა და 2000-იანებში ბრწყინავდა. რომელი ქვეყნის წამომადგენლები ჭარბობენ საუკეთესოებში და რომელ ამპლუებში არიან ისინი გამორჩეულნი? - ამ კითხვებზე პასუხებს ქვემოთ იხილავთ...

სიმბოლური ნაკრები
"სქაი სპორტსმა" სწორედ ამგვარი გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თითოეულმა მათგანმა საკუთარი სიმბოლური ნაკრები შეადგინა 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, შემდეგ კი ფეხბურთელების ხმები დათვალეს და საერთო სიმბოლური ნაკრები შედგა. სიმბოლური ნაკრების შედგენა ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებსაც ვთხოვეთ და უნდა აღინიშნოს, რომ შედეგებში დიდი განსხვავება ვერ მივიღეთ.

ჩვენს გამოკითხვაში დაახლოებით 100-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შესანიშნავად ერკვევიან ფეხბურთში და გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ ობიექტური სურათი მივიღეთ. ბუნებრივია, ყველას თავისი აზრი აქვს და სულაც არაა აუცილებელი, სხვების მოსაზრება გავიზიაროთ, მაგრამ უმრავლესობის აზრი მაინც საინტერესოა. მაშ ასე, 1990-2015 წლების მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება...

სიმბოლური ნაკრები (4-3-3)
ბუფონი - კაფუ, ნესტა, მალდინი, რობერტო კარლოსი - პირლო, ზიდანი, ხავი - კრიშტიანო რონალდო, მესი, რონალდო.
სათადარიგოთა სკამი: კანი, კასილიასი - ლამი, კანავარო, ტიურამი - ბექჰემი, ინიესტა, ვიეირა, ფიგუ - რონალდინიო, რივალდო, ანრი.

Sportall.Ge

როგორც "სქაი სპორტი" აღნიშნავს და ეს ქართულმა გამოკითხვამაც დაადასტურა, შეტევის ტრიო აბსოლუტური უმრავლესობით დაკომპლექტდა - კრიშტიანო რონალდომ, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ და ლიონელ მესიმ კონკურენტები დიდი ფორით ჩამოიშორეს. შემტევთაგან თადარიგში რონალდინიო, რივალდო და ტიერი ანრი მოხვდნენ, სულ ცოტათი ჩამორჩნენ ფრანგს არგენტინელი გაბრიელ ბატისტუტა, ბრაზილიელი რომარიო, ჰოლანდიელი დენის ბერგკამპი და იტალიელი რობერტო ბაჯო.

აღსანიშნავია, რომ, მოულოდნელად, ცოტა ხმა მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და არც სხვა დიდ ფორვარდებს ჰქონიათ თუნდაც თადარიგში მოხვედრის შანსი - მაგალითად, რაულს, დელ პიეროს, შირერს, კლინსმანს და ა.შ. - როგორც ჩანს, ანრის მაინც მეტი გულშემატკივარი აღმოაჩნდა.

ნახევარდაცვაში საინტერესო სამეული მივიღეთ ანდრეა პირლოს, ზინედინ ზიდანის და ხავი ერნანდესის შემადგენლობით. საგულისხმოა, რომ ამ ფეხბურთელებს ერთად არასდროს უთამაშიათ და თანაგუნდელები მხოლოდ სიმბოლურ ნაკრებში აღმოჩნდნენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა ლიონელ მესისთან ერთად სწორედ ზიდანმა მიიღო - ლეგენდარული ფრანგი, პრაქტიკულად, ყველა სიმბოლურ ნაკრებში ფიგურირებდა.

თადარიგში მოხვედრის კარგი შანსი ჰქონდათ კლოდ მაკელელეს და რაიან გიგზს, თუმცა სულ ცოტათი პატრიკ ვიეირამ და დევიდ ბექჰემმა გაუსწრეს. გულშემატკივრებს არც ლუიშ ფიგუ და ანდრეს ინიესტა დავიწყებიათ. ისიც ვთქვათ, რომ ინიესტა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ჩავის უწევდა კონკურენციას, მაგრამ მცირედით მაინც ამ უკანასკნელმა აჯობა.

უკანა ხაზი ბრაზილიურ-იტალიურია - დაცვის ფლანგებზე მარკოს კაფუ და რობერტო კარლოსი, ხოლო ცენტრში ალესანდრო ნესტა და პაოლო მალდინი. მალდინიმ მცველებს შორის ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და მისი ძირითადში მოხვედრა უალტერნატივო იყო. კარში კი სოლიდური უპირატესობით ჯანლუიჯი ბუფონმა გაიმარჯვა. თავის მხრივ, იკერ კასილიასმა და ოლივერ კანმა გვარიანად ჩამოიშორეს მანუელ ნოიერი და ვან დერ სარი.

ისიც ვთქვათ, რომ მცველებიდან, მოულოდნელად, ცოტა ხმა მიიღო ლეგენდარულმა ფრანკო ბარეზიმ და არათუ ძირითრადში ვერ მოხვდა, თადარიგშიც კი დათმო პოზიციები ლილიან ტიურამთან, ფაბიო კანავაროსა და ფილიპ ლამთან. ისიც აღვნიშნოთ, რომ ლამმა სულ მცირედით აჯობა მისივე თანამემამულე ლოთარ მათეუსს, რომელიც ასევე იმსახურებდა სიმბოლურში მოხვედრას.

ბრაზილიურ-იტალიური დომინაცია
სიმბოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში 4 იტალიელია, 3 ბრაზილიელი, 1 ფრანგი, 1 ესპანელი, 1 არგენტინელი და 1 პორტუგალიელი. უკანა ხაზში იტალიელთა დიმინირებას ვხედავთ, შეტევა კი უფრო ლათინოამერიკულია. ბუნებრივია, ნახევარდაცვაში ისეთ ფეხბურთელებს მიენიჭათ უპირატესობა, რომლებიც შემქმნელები არიან და არა ჩამშლელები. თუ 23-კაციან შემადგენლობას ავიღებთ, აქ ბრაზილიელები და იტალიელები თანაბრად არიან, რადგან მათ 5-5 წარმომადგენელი ჰყავთ.

მათ შემდეგ ესპანელები და ფრანგები მოდიან 3-3 ფეხბურთელით, შემდეგ გერმანელები და პორტუგალიელები 2-2-ით, არგენტინელებს და ინგლისელებს კი მხოლოდ თითო ფეხბურთელი ჰყავთ. თუმცა არგენტინელებს ერთი ჰყავთ და მთავარი, რადგან როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მესიმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო - ამასთან, თადარიგში მოხვედრასთან ახლოს იყვნენ გაბრიელ ბატისტუტა და სებასტიან ვერონი, რომლის გენიალური გადაცემები თურმე ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს.

ბოლოს, ისიც აღვნიშნოთ, რომ ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელიდან 5 მოქმედი მოთამაშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალისტები მხოლოდ წარსულში არ უნდა ვეძებოთ - ძველი ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული კი, ალბათ, მაინც ნოსტალგიით არის განპირობებული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
შევას არ ეკუთვნოდა სათადარიგო მაინც
irakli arqania
16:42 11-04-2015
0
ბაჯო ნამდვილად აკლია სიმბოლურს, ის ძირითადში უნდა იყოს, რაც შეეხება, ვან ბასტენს, გულიტს და რაიკარდს, ისინი უფრო 80იანების ფეხბურთელები არიან ვიდრე 90იანების
7777
16:54 10-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული