ფიფას სკანდალის ჟურნალისტური გამოძიება: არ დაუჯეროთ ჩინოვნიკებს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ენდრიუ ჯენინგსი 15 წელი დევნიდა კორუფციონერებს ფიფადან და არაერთხელ ამხილა ისინი მექრთამეობაში.

ის, უბრალოდ, ვერ იტანს ფედერაციის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მათ შორის, იოზეფ ბლატერს. ახლა, როცა ფიფას რამდენიმე მაღალჩონოსანი დაპატიმრებულია, ხოლო ბლატერი 15-წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგება პრეზიდენტის პოსტიდან, ჯენინგსი კმაყოფილებას ვერ მალავს. მას იმედი აქვს, რომ სასამართლოზე მივა, ყველა მექრთამეს თვალებში ჩახედავს. გაზეთი The Washington Post-ი ენდრიუ ჯენინგსის ისტორიას გვიყვება...

27 მაისს, დილის ექვს საათზე (იმ დღეს, როცა ფიფას შვიდი ჩინოვნიკი დააპატიმრეს) ენდრიუ ჯენინგსმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა. "გადავწყვიტე, ცოტა
კიდევ დამეძინა, რადგან საქმე, რომელიც დილის ექვს საათზე გამოჩნდება, სადილისთვის არსად გაგექცევა", - ამბობს ჟურნალისტი, რომელიც ინგლისის ჩრდილოეთით ფერმაში ცხოვრობს. ის ჩუმ და მშვიდ მუშაობას ანიჭებს უპირატესობას.

ახლა ის 71 წლისაა. მთელი ცხოვრება გამოძიებებითაა დაკავებული. 80-იან წლებში ეძებდა დარღვევებს სკოტლენდ-იარდში და იკვლევდა იტალიური მაფიის საქმეებს, 90-იანებში - იქექებოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. ბოლო 15 წელი ენდრიუ ჯენინგსმა ფიფას მოღვაწეობის შესწავლასა და გამოძიებას შეალია. სხვა რეპორტიორები მას უდიდეს პატივს სცემენ: როგორც The Guardian-ის კორესპონდენტი საიმონ ჯენკინსი წერს, დღევანდელი კორუფციული სკანდალისთვის მადლობა სწორედ ენდრიუ ჯენინგს უნდა გადაუხადონ.

"ვიცოდი, რომ ისინი დანაშაულებრივი სამყაროს წევრები იყვნენ და მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდნენ ამას. და ეს არის არა მათი შეურაცხყოფა, არამედ ფაქტის კონსტატაცია, - ამბობს ჯენინგსი ციურიხის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ფიფას ჩინოვნიკების დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის თავზე. - ამ ნაძირლებმა ხალხს სპორტი მოპარეს. თან ეს ცინიკურად გააკეთეს. სასიამოვნო იქნება მათ თვალებში შიშის დანახვა".

* * *
ენდრიუ ჯენინგსი შოტლანდიაში დაიბადა და ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავიდა ლონდონში საცხოვრებლად. სკოლის შემდეგ The Sunday Times-ში მოეწყო, სადაც პირველი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. შემდეგ BBC-ში გადავიდა და როცა ტელეკომპანიამ უარი თქვა სკოტლენდ-იარდში არსებული კორუფციის შესახებ მისი ფილმის ეთერში გაშვებაზე, კონკურენტ არხზე გადავიდა სამუშაოდ. ჯენინგსი აგრძელებდა კორუფციის გამოძიებას პოლიციაში და ამის შესახებ დაწერა თავისი პირველი წიგნი.

"დოკუმენტებით ვიღებ კვალს. თუ მე მაქვს თქვენი დოკუმენტები, ყველაფერი ვიცი თქვენ შესახებ. ჟურნალისტიკა - უბრალო რამაა. შენ, უბრალოდ, პოულობ კორუმპირებულ ადამიანებს და იქექები მათში", - ამბობს ჯენინგსი. მისი მანტრაა: მოთმინება, ჭუჭყში ქექვა და უნდობლობა იმათ მიმართ, ვისაც ხელისუფლება გააჩნია. ამ ტაქტიკას იყენებდა ის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში - მაშინ, როცა იკვლევდა ნარკოტრაფიკს და როცა იტალიური მაფიის საქმეებით იყო დაკავებული.

ერთხელ კოლეგამ შესთავაზა, დაეწყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოღვაწეობის შესწავლა. "მე ვიკითხე: "ეს არ არის?" - იხსენებს ჟურნალისტი. - შემდეგ გავარკვიე, რომ მაშინდელი პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი, რომელსაც მთელი პრესა ერთ ადგილს ულოკავდა, ფრანკოს დროინდელი ფაშისტი იყო".

თავად სამარანჩი არ უარყოფდა, რომ სპორტის მინისტრი იყო ფრანკოს დროს, მაგრამ ირწმუნებოდა, რომ გულის სიღრმეში არ იზიარებდა მის იდეოლოგიას. საბოლოოდ, ჯენინგსმა დაწერა სამი წიგნი კორუფციაზე ოლიმპიურ კომიტეტში: მისმა მამხილებელმა მასალებმა გამოიწვია სკანდალი ზამთრის 2002 წლის ოლიმპიადის გარშემო - გაირკვა, რომ კომიტეტის ბევრმა წევრმა სოლტ-ლეიკ-სიტი მასპინძლად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩია.

როცა სამარანჩმა 2001 წელს თავისი პოსტი დატოვა, ჯენინგსი ფიფაზე გადაერთო. "იმ მომენტისთვის გავიგე, რომ იქ რაღაც არ იყო წესრიგში", - ამბობს შოტლანდიელი.

* * *
ჟურნალისტმა იცოდა, რომ გამოძიებისთვის წყაროები დასჭირდებოდა: "ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელსაც კორუფციონერები მართავენ, საშუალო ფენაში პატიოსანი ადამიანები მოიძებნებიან, რადგან მათ სამართლიანობის გრძნობა გააჩნიათ. სწორედ მათ უნდა ჩაეჭიდო, რათა უკანა კარიდან გამოგიტანონ ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ადრე დოკუმენტებს კარადებიდან იღებდნენ, ახლა კი საინფორმაციო სერვერებიდან".

ჯენინგსი ესტუმრა იოზეფ ბლატერის ერთ-ერთ პირველ პრესკონფერენციას 2002 წელს, როცა შვეიცარიელი მეორედ აირჩიეს ფიფას პრეზიდენტად. "ფიფას შტაბ-ბინაში მივედი და დავინახე, ფიფასლოგოიან სვიტერებში გამოწყობილი თანამშრომლები როგორ ეკრობოდნენ კედლებს. საკუთარ თავს ვუთხარი: "დიახ, სწორედ ისინი მჭირდება. უნდა დავანახო მათ, რომ მე აქ ვარ და ბრძოლას ვაპირებ. ორთაბრძოლა მინდა, ომს ვეძებ", - იხსენებს ჯენინგსი.

შესაძლოა, ბლატერის კარიერის დაღმასვლა სწორედ იმ მომენტში დაიწყო, როცა ინგლისელმა რეპორტიორმა მიკროფონს ხელი სტაცა და შეკითხვა დასვა. როგორც ჯენინგსი იხსენებს, პრეზიდენტი გარშემორტყმული იყო ძვირფას კოსტიუმებსა და პრიალა ჰალსტუხებში გამოწყობილი კორესპონდენტებით, თავად კი იმ ადამიანს ჰგავდა, რომელიც მთაში სალაშქროდ მიდიოდა: "მიკროფონი ავიღე და ვიკითხე: "ჰერ ბლატერ, ოდესმე ქრთამი აგიღიათ?"

"რეპორტიორები განზე გახტნენ, თითქოს გაზები გამეშვას. შესანიშნავია. ეს ის არის, რაც მჭირდება. მადლობა, იდიოტებო. მე ეს გავაკეთე ოლიმპიურ კომიტეტთან, ახლა იმავეს თქვენ გაგიკეთებთ", - ჰყვება ენდრიუ ჯენინგსი.

დაახლოებით თვენახევრის შემდეგ ჟურნალისტი შუაღამით ციურიხში, ფიფას ოფისთან იდგა და ვერ გაეგო, რატომ დაიბარა ვიღაც უცნობმა ამ ადგილას. მაგრამ უკვე ნახევარი საათის შემდეგ ჯენინგსი ფიფას თანამშრომლის მიერ გადაცემულ დოკუმენტებს ფურცლავდა და ხვდებოდა, რომ მის გამოსვლას პრესკონფერენციაზე ფუჭად არ ჩაუვლია. ის დღემდე აგრძელებს ფედერაციიდან დოკუმენტების მიღებას.

მიღებული დოკუმენტებიდან მან შეიტყო, რომ ფიფას მაღალჩინოსნები ძალიან მდიდარი ადამიანები ყოფილან. როგორც გაარკვია, ბლატერი ექვსნიშნა ბონუსებს იწერდა.

"თუ ბლატერზე ვილაპარაკებთ, თვითმფრინავების განრიგი მას არ აინტერესებს. ალბათ, 40 წელია არ უფრენია რეგულარული რეისებით. ყოველთვის კერძო თვითმფრინავით სარგებლობს, შესაძლოა, მაშინაც კი, როცა საყიდლებზე მიდის. მან ხაზი უნდა გაუსვას ძლევამოსილი და მნიშვნელოვანი ადამიანის იმიჯს", - ამბობს ჯენინგსი. ბლატერი ჟურნალისტს სასამართლოთი ემუქრებოდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა.

2006 წელს ჯენინგსმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი ფიფაში კორუფციის შესახებ - "ჯარიმა! ფიფას საიდუმლო სამყარო", რომელშიც მოთხრობილია იმაზე, როგორ იღებენ ქრთამს ბლატერი და ფედერაციის სხვა ჩინოვნიკები. ისინი ამას არც უარყოფდნენ, მაგრამ ერთხელ ჯეკ უორნერი (დღეს კორუფციის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი) მუშტებით ეცა ჯენინგსს. "ეს ვაჟბატონები პარკინგიდან გამოდიან, მე კი ვეკითხები: "ბოდიში, თქვენ ქრთამს იღებდით ამა და ამ კომპანიის გავლით?" რა თქმა უნდა, ისინი წყობიდან გამოდიოდნენ", - ჰყვება ინგლისელი ჟურნალისტი.

2009 წელს ჯენინგს დაურეკა ერთ-ერთმა ყოფილმა წყარომ და ვიღაცებთან შეხვედრაზე დაუძახა. ესენი იყვნენ სპეციალური აგენტები გამოძიების ფედერალური ბიუროდან. ჟურნალისტის თქმით, მან სიამოვნების გრძნობა განიცადა: "ევროპელებს არაფრის გაკეთება არ სურდათ ფიფას კორუფციასთან დაკავშირებით. ასე რომ, უმჯობესია საქმეს პროფესიონალებმა მიხედონ".

ჯენინგსი საკუთარ წყაროებს დაუკავშირდა ამერიკაში, მოიპოვა კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაცია) საიდუმლო ანგარიში და ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა. ჯენინგსის ინფორმაციები მთელი გამოძიების განმავლობაში ეხმარებოდა ამ ორგანიზაციას. უკვე 2014 წელს, ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რომ ფიფაში გარკვეულ პიროვნებებს ბრალს წაუყენებდნენ, მაგრამ არ იცოდა კონკრეტული გვარები.

ამის შესახებ ცნობილი გახდა 27 მაისს, დილის 6 საათზე, როცა პოლიციის თანამშრომლებმა ციურიხის სასტუმროდან გამოიყვანეს ფიფას შვიდი ჩინოვნიკი, მათ შორის, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი და კონკაკაფის პრეზიდენტი ჯეფრი უები. კიდევ შვიდ პიროვნებას ბრალი წაუყენეს.

"ეს ხომ შესანიშნავია! იმყოფები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ სასტუმროში, ყველაფერი გადახდილია, ღამით შამპანური მიირთვი... დილის ექვს საათზე ჯერ ისევ გძინავს, კარზე კი აკაკუნებენ და პოლიციელი ამბობს:

"ჩაიცვით, სერ", - ენდრიუ ჯენინგსი კმაყოფილებას ვერ მალავს იმათი დაპატიმრების გამო, ვისზეც 15 წლის განმავლობაში ნადირობდა. "იმედია, მეყოფა თანხა ნიუ იორკში გასამგზავრებელ ბილეთებზე, იქ კი ვინმე შემიკედლებს. მინდა სასამართლო დარბაზში მივიდე და გამოვაცხადო: "სალამი, ბიჭებო! ეს სიმართლისთვის ხანგრძლივი დევნა იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იღბლიანი ადამიანი ყოფილხარ ენდრიუ რომ არ გაგაგორეს. და მანდ რო მორჩები ჩვენსკენაც ჩამოიარე, დაგვჭირდები აქაც
შაკო
13:51 09-06-2015
0
მე ვნახე მისი დოკუმენტური ფილმი, სადაც მის დასმულ კითხვაზე ბლატერი ფიზიკურად გარბის, რომ არ უპასუხოს! :)
მაგარი წელკავია ეს კაცი ფიფასთვის! უკვე ამდენი წელია ქუჩის ძაღლივით დასდევთ უკან.
realoba
15:56 09-06-2015
0

სიახლეები პოპულარული