ფავორიტები და მოულოდნელობები
პირველ რიგში, აღვნიშნოთ ის, რომ ჯგუფურ ეტაპზე ბევრი გააოცა უკრაინის ნაკრების კარგმა თამაშმა და აფრიკული ნაკრებების ყოჩაღობამ. მაგალითად, უკრაინელთა თავგადასავალიც სწორედ ამ კონტინენტის წარმომადგენელთან დასრულდა - მერვედფინალში სენეგალთან თერთმეტმეტრიანებით მარცხით. ის, რომ ბრაზილია ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გახლდათ, უთქმელადაც იცით და ნორჩმა ბრაზილიელებმა ჯგუფში იმავე რამის გაკეთება შეძლო პორტუგალიამაც, რომელმაც ჯგუფში სულ ერთი გოლი გაუშვა, მერე მასპინძელი ახალი ზელანდია გააგდო, მაგრამ მეოთხედფინალში სწორედ ბრაზილიასთან წააგო პენალტებში. ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და თანაც, როგორ შთამბეჭდავად გერმანიამ, რომელიც ბევრს მთავარ ფავორიტად მიაჩნდა. ჯგუფური ეტაპი გერმანელებმა ასეთი ბურთების სხვაობით დაასრულეს - 16:2.
ისინი მერვედფინალში ნიგერიას კი გაუსწორდნენ, მაგრამ მეოთხედფინალში ასევე აფრიკის წარმომადგენელ მალისთან დამარცხდნენ სენსაციურად, ეს პენალტების სერიაში მოხდა... ზოგადად, ფინალურ ეტაპზე 6 ჯგუფი გახლდათ და პირველი ორი ადგილი ავტომატურად გადიოდა, ხოლო მესამეადგილოსნებიდან 4 საუკეთესო აგრძელებდა ასპარეზობას. ორ უიღბლოს შორის ჰონდურასი და არგენტინა მოხვდნენ.
არგენტინის ჩარჩენა ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა იყო, ეს ქვეყანა ახალგაზრდა ტალანტებით სავსეა. გამოსარჩევია უზბეკეთის მეოთხედფინალში გასვლაც და იქვე დაასრულა ტურნირი აშშ-ის სიმპათიურმა ნაკრებმა, რომელიც საფეხბურთო ლატარიაში დამარცხდა სერბეთთან.
მატჩი მესამე ადგილისთვის
თავისუფლად შეიძლებოდა აფრიკული ფინალი გვეხილა, მაგრამ ნახევარფინალში სენეგალიც დამარცხდა და მალიც. სამაგიეროდ, მათ მესამე ადგილი გაათამაშეს და ის საბოლოოდ დამსახურებულად ხვდათ წილად მალელებს. სენეგალი პირველი ტაიმის მიწურულს 10 კაცით დარჩა, მაგრამ იომა და დაწინაურებაც შეძლო. თუმცა შემდეგ ადამა ტაორეს ჯერი დადგა, "ლილის" ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა. საბოლოოდ კი მალიმ 3:1 იმარჯვა.ფინალი
სანამ ხალხი სხვადასხვა ნაკრების ფავორიტობაზე თუ მოულოდნელ კარგ თამაშზე საუბრობდა, სერბები ჩუმ-ჩუმად და მიზანმიმართულად მიიწევდნენ წინ, კარგად ორგანიზებული და სერბულად აგრესიულად, ჩვეული სპორტული ჟინით. ნახევარფინალში ველიკო პაუნოვიჩის ბიჭებმა დამატებით დროში აჯობეს მალის. თუმცა არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ფინალში ფავორიტი ბრაზილია იყო, რომელმაც სენეგალი გაანადგურა - 5:0.როჟერიო მიკალეს გუნდი ცდილობდა კიდევ ფავორიტის სტატუსის გამართლებას, ბურთი ეჭირა და უტევდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მეტ რეალურ, სახიფათო მომენტს ქმნიდა, სერბები უფრო ნაკლებად, მაგრამ მწარედ იკბინებოდნენ.
საბოლოოდ, ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს - სტანია მანდიჩმა მეტოქის მცველებს მცირე უყურადღებობა არ აპატია. ბრაზილიელებმა მალე გაათანაბრეს. ეს ერთი მსახიობის თეატრი იყო, მსახიობისა "ოცნებების თეატრიდან" - დიახ, ბელგიაში დაბადებული და "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოზრდილი და საკუთრებაში მყოფი ანდრეას პერეირა შეცვლაზე 8 წუთის შესული იყო, როდესაც "ფლამენგოს" ტალანტისგან, ჟაჟასგან ბურთი მიიღო და სერბეთის მინიმუმ ნახევარი გუნდი მოატყუა ბოლო ელეგანტური ფინტისა და ზუსტი კოხტა დარტყმის ჩათვლით.
თუმცა მისი და მისი მეგობრების ოცნება აუხდენელი დარჩა, რადგან დამატებით დროში, პენალტების სერიამდე 2 წუთით ადრე, ბრაზილია შეტევაში ზედმეტი აქტიურობისთვის დაისაჯა - იდეალურად გათამაშებული კონტრშეტევა ნემანია მაქსიმოვიჩმა დააგვირგვინა და სერბების მაქსიმუმი დააფიქსირა.
საინტერესო ფაქტები
საინტერესოა, რომ ნახევარფინალისტები მალი და სენეგალი ჯგუფიდან გაჭირვებით გავიდნენ "საუკეთესო მესამეადგილოსნების" სტატუსით. ბრაზილიამ არც ერთი შეხვედრა არ წააგო ძირითად დროში, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა. სერბებმა ჯგუფში ორჯერ იძალეს და ერთხელ წააგეს. 6 ქულით ისინი პირველ ადგილზე გავიდნენ, მაგრამ პლეი ოფში არცერთხელ არ მოუგიათ ძირითად დროში - მათ სამჯერ დამატებით დროში იმარჯვეს (სამივეჯერ 2:1) და ერთხელ პენალტებში.
გადამწყვეტი იყო მერვედფინალური მატჩი უნგრეთის მშვენიერ ნაკრებთან, რომელსაც სერბები აგებდნენ და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გაათანაბრეს, ხოლო დამატებით დროში, კერძოდ კი, 118-ე წუთზე უნგრელთა ავტოგოლით იმარჯვეს, თანაც სერბეთი ათი კაცით იყო... ალბათ, გახსოვთ, რომ სერბებმა ბრაზილიასაც 118-ეზე გაუტანეს.
გამორჩეული ფეხბურთელები
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ადამა ტრაორე დაასახელეს. მალელს ჩამორჩა წინა ზაფხულს "ვასკო და გამადან" პორტუგალიურ "ბრაგაში" წასული ბრაზილიელი საყრდენი დანილო და სერბი ნახევარმცველი "გენკის" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი. ბომბარდირი ვიქტორ კოვალენკო გახდა, უკრაინელს ამისთვის 5 გოლი ეყო და ამ 5 ბურთს ორ შეხვედრაში მოუყარა თავი. 4-4 დაუგროვდათ უნგრელ ბენსე მერვოს, გერმანელებს - ჰანი მუხტარისა და მარკ შტენდერას და პორტუგალიელ ანდრე სილვას. 3 გაიტანა ასევე გერმანელმა ნიკლას შტარკმა. ფრანკფურტის "აინტრახტს" შეუძლია იამაყოს, რადგან შტენდერა, 4 გოლის გარდა, 3 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა და საუკეთესო მეპასის სტატუსი პორტუგალიელ ნუნუ სანტოსთან გაინაწილა. მართლაც არაფერი დაეწუნებოდა მის თანამემამულე მუხტარსაც, ბერლინის "ჰერტას" აღზრდილს და "ბენფიკას" საკუთრებაში მყოფს.
თუმცა ეს გუნდურ თამაშს პლუს რამდენიმე ფეხბურთელის განსაკუთრებით გაბრწყინება გერმანიას მაინც არ ეყო. "ოქროს ხელთათმანი" პრედრაგ რაიკოვიჩმა დაისაკუთრა, სერბთა 19 წლის მეკარემ, რომელიც "ცრვენა ზვეზდას" წარმოადგენდა, დიდებულად ითამაშა. ფეირ პლეის ჯილდო კი უკრაინის ნაკრებს ხვდა წილად.
ბრაზილია-სერბეთი 1:2 დ.დ.
გოლები: 0:1 მანდიჩი (70), 1:1 პერეირა (73), 1:2 მაქსიმოვიჩი (118)
ბრაზილია (4-2-3-1): ჟეანი - ჟოაო პედრო, მარლონი, ლუკასი, ჟორჟე - დანილო, ჟაჟა (74. მალკოლმი) - გაბრიელ ჟესუსი (90+1. ალეფი), ბოშილია (65. ა. პერეირა), მარკოს გილერმე - ჟეან კარლოსი
სერბეთი (4-2-3-1): რაიკოვიჩი - გაიიჩი, ველიკოვიჩი, ბაბიჩი, ანტონოვი - ჟდიელარი, მაქსიმოვიჩი - ჟივკოვიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი (82. იოვანოვიჩი), მანდიჩი (76. გაჩინოვიჩი) - შაპონიჩი (95. ილიჩი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"