რამოსი, პედრო, კრიხოვიაკი, ოტამენდი... "ნისლიანი ალბიონისკენ"

AutoSharing Option
ახლო მომავალში ინგლისურ პრემიერლიგაში ვარსკვლავების მატებაა მოსალოდნელი და ამ ვარსკვლავთა უმეტესობამ "ნისლიან ალბიონს" ესპანური პრიმერადან უნდა მიაშუროს. ჩვენი წერილიც მოსალოდნელ მიგრაციას ეხება.

სერხიო რამოსი (რეალი)
სავარაუდო ტრანსფერი: მანჩესტერ იუნაიტედი
სატრანსფერო ღირებულება: 45 მილიონი ევრო

ბოლო დღეების მთავარი სატრანსფერო თემა სერხიო რამოსის მადრიდული საგაა. ფეხბურთელი ვერაფრით ახერხებს, ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკოს "რეალს". ბევრს საუბრობენ რამოსის შესაძლო გადასვლაზე "მანჩესტერ იუნაიტედში". სხვათა შორის, ესპანელი მცველი პირველად როდი იყენებს ასეთ სტრატეგიას, როცა საქმე მის ახალ კონტრაქტს ეხება.

"რეალში" არ ჩქარობენ. მათ იციან, რომ 29 წლის
რამოსი მთლად ახალგაზრდა აღარ არის. რამოსმა კი იცის, რომ ის გუნდის კაპიტანია და პარტნიორებზე ნაკლებს იღებს. ლუი ვან გაალის ინტერესი კი ილუზორული ნამდვილად არ არის. "იუნაიტედი" ყველანაირად ეცდება თანამედროვეობის გამორჩეული უკანახაზელის ხელში ჩაგდებას.

პედრო (ბარსელონა)
სავარაუდო ტრანსფერი: არსენალი, ლივერპული, ჩელსი, ტოტენჰემი
სატრანსფერო ღირებულება: 20 მილიონი ევრო

პედრომ ცოტა ხნის წინ გააგრძელა კონტრაქტი "ბარსელონასთან", თუმცა ხმები ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის თაობაზე ამანაც ვერ გააქრო. პედრო კარგია, მაგრამ არც იმდენად კარგი, რომ კონკურენცია გაუწიოს მესის, სუარესს და ნეიმარს. ფეხბურთელი, რომელიც ამდენი ხანია, ტიტულებს იგებს, უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, ვიდრე მისთვის ლუის ენრიკე იმეტებს.

პედროს თავისი სათამაშო კლასით შეუძლია გააძლიეროს ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი გუნდი. მისი ბედი, სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ გადაწყდება. ვნახოთ, რომელ გრანდს შემორჩება მეტი თანხა.

დენის ჩერიშევი (რეალი)
სავარაუდო ტრანსფერი: ლივერპული
სატრანსფერო ღირებულება: 10 მილიონი ევრო

"ვილიარეალში" ჩატარებულმა შესანიშნავმა სეზონმა რუსი ფეხბურთელი პრიმერადივიზიონის ვარსკვლავების რიგებში ჩააყენა. ამის მიუხედავად, მას "სამეფო კლუბში" დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება. აბა, სად "რეალი" და სად ჩერიშევის გვარი?

არადა, ფეხბურთელს მართლაც შეუძლია გააძლიეროს "ლივერპული". მერსისაიდელები მისით დაინტერესებულნი არიან და წესით, "რეალმაც" არ უნდა დააგლიჯოს დენისს კალთები დარჩენის თხოვნით.

გჟეგოჟ კრიხოვიაკი (სევილია)
სავარაუდო ტრანსფერი: მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი
სატრანსფერო ღირებულება: 12 მილიონი ევრო

პოლონელი საყრდენი ნახევარმცველი ესპანური პრიმერას გასული სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა. "სევილიას" წარმოდგენა ამ ფეხბურთელის გარეშე უკვე შეუძლებელია.

ცხადია, ანდალუსიელები მას იოლად არ შეელევიან. გუნდი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება და თავად სჭირდება კვალიფიციური კადრები. არცთუ დიდი ხნის წინ ესპანურმა მხარემ უარყო "საუთჰემპტონის" წინადადება.

"სევილიას" სპორტული დირექტორი მონჩი ცნობილია იმით, რომ თავის მთავარ აღმოჩენებს იოლად და იაფად არ ყიდის. სხვა საქმეა, როცა სცენაზე ისეთი დიდი მოთამაშეები გამოდიან, როგორებიც არიან "მანჩესტერი" და "არსენალი".

კარლოს ბაკა (სევილია)
სავარაუდო ტრანსფერი: ლივერპული
სატრანსფერო ღირებულება: 20 მილიონი ევრო

"რამონ სანჩეს პისხუანის" კიდევ ერთი ჯილა. 28 წლის ასაკში კოლუმბიელმა ფორვარდმა თავისი სათამაშო ფორმის პიკს მიაღწია. განსაკუთრებით სახიფათოა იგი მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში.

"ლივერპულს" ფეხბურთელის გადაბირება ძალიან უნდა. პრობლემა ისაა, რომ "სევილია" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, კოლუმბიელის მსურველი გუნდი კი არა. სამაგიეროდ, ბაკას საშუალება ეძლევა, თავი დაიმკვიდროს ახალ ჩემპიონატში და ითამაშოს კლუბში, რომლის ფინანსური მდგომარეობაც ძალიან სტაბილურია.

ნიკოლას ოტამენდი (ვალენსია)
სავარაუდო ტრანსფერი: მანჩესტერი
სატრანსფერო ღირებულება: 18 მილიონი ევრო

ლუი ვან გაალს ძალიან უნდა, რომ "იუნაიტედის" დაცვის ცენტრში ოტამენდი - სერხიო რამოსის დუეტი იხილოს. ამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა ძალიან დიდია, რადგან "ვალენსიამ" უკვე დაიწყო არგენტინელი მცველის შემცვლელის ძიება. თავად ოტამენდიც არაა წინააღმდეგი, კარიერა ინგლისურ გრანდში გააგრძელოს.

ნიკოლასი სულ რაღაც ერთი სეზონის განმავლობაში ჩამოყალიბდა ტოპ-მცველად. "ვალენსიას" ასეთი დამაჯერებელი ასპარეზობა გასულ სეზონში დიდწილად მისი დამსახურებაა. მთელ რიგ მატჩებში "ღამურების" დაცვა გაუვალი იყო.

ჟერარდ დეოლოფეუ (ბარსელონა)
სავარაუდო ტრანსფერი: ევერტონი
სატრანსფერო ღირებულება: 12 მილიონი ევრო

21 წლის ფეხბურთელს, ვინც აგერ, უკვე რა ხანია, "ბარსელონას" კუთვნილებაა, "სევილიაში" გატარებულმა სეზონმა დიდი იმედგაცრუება მოუტანა. უდიდესი ტალანტის ფონზე დეოლოფეუ ჯერაც ვერ აჩვენებს იმის ნახევარსაც კი, რასაც მისგან ელიან. არადა, ამ ფეხბურთელს არც ტექნიკა დაეწუნება, არც ფიზიკური მომზადება. მას მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა აკლია.

პრაქტიკას ის აუცილებლად მიიღებს "ევერტონში", სადაც ერთხელ უკვე თამაშობდა. იქ მას ნაღდად არ დახვდება უნაი ემერი თავისი გაუთავებელი როტაციებით.

ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
სავარაუდო ტრანსფერი: ჩელსი
სატრანსფერო ღირებულება: 35 მილიონი ევრო

ჟოზე მოურინიო ფრანგი შემტევის გადაბირების სურვილით იწვის. ედენ აზარის შემხედვარე პორტუგალიელმა გადაწყვიტა, იყიდოს კიდევ ერთი შემტევი, რომელსაც შეტევის სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. გრიზმანი შესანიშნავად ჩაეწერა დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოში" და წესით, არც ლონდონურ კლუბში დამკვიდრება უნდა გაუჭირდეს.

ფაქტია, მადრიდელები ბოლომდე ეცდებიან ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნებას, მაგრამ, როცა საქმეში რომან აბრამოვიჩის მილიონები ჩაერთვება, ამის გაკეთება ძალიან გაძნელდება.

არდა თურანი (ატლეტიკო)
სავარაუდო ტრანსფერი: ლივერპული
სატრანსფერო ღირებულება: 35 მილიონი ევრო

გასულ სეზონში "ატლეტიკო" უფრო და უფრო ნაკლებად იყო დამოკიდებული თურქეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე. არდამ უფრო მეტად ბრძოლით დაგვამახსოვრა თავი. ის ახლა 29 წლისაა და მის კარიერაში აქამდე მხოლოდ ერთი უცხოური კლუბი იყო - "ატლეტიკო".

ცნობილია თურანის სიმპათიები "ლივერპულის" მიმართ, თუმცა თავად ფეხბურთელს და მადრიდულ კლუბს ჯერ არ მიუღიათ კონკრეტული შეთავაზება.

იკერ კასილიასი (რეალი)
სავარაუდო ტრანსფერი: ტოტენჰემი
სატრანსფერო ღირებულება: 8 მილიონი ევრო

იმ შემთხვევაში, თუ დავიდ დე ხეა ჩავიდა მადრიდში, "სამეფო კლუბში" იკერ კასილიასის განუმეორებელი ეპოქა დასრულდება. ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში იკერი "არსენალში" გადავა, მაგრამ არსენ ვენგერი უკვე შეუთანხმდა პეტრ ჩეხს. ყველაზე რეალურია ვეტერანი მეკარის ტრანსფერი მეორე ლონდონურ კლუბში, "ტოტენჰემში".

ასევე ესპანეთიდან ინგლისში შეიძლება გადავიდნენ: ემერიკ ლაპორტი (ბილბაო-მანჩესტერი), ქარიმ ბენზემა (რეალი-მანჩესტერი), ასიერ ილიარამენდი (რეალი-ლივერპული), ისკო (რეალი-მანჩესტერ სიტი), ნოლიტო (სელტა-ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული