"რეალი"-"მანჩესტერი": ორმხრივი ტრანსფერი?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი, რომელიც "სამეფო გუნდს" 2006-09 წლებში მართავდა, საკუთარ აზრს გვიზიარებს სერხიო რამოსის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით და საინტერესო ინფორმაციასაც გვაწვდის.

მისი თქმით, ექსსევილიელი თუკი სადმე გადავა, მხოლოდ "წითელ ეშმაკებში". შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელები რამოსში 28,6 მილიონ გირვანქას იხდიან, რაც ცუდი ფასი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ სერხიოს მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. "რეალს" რამოსში მეტის გამომუშავება სურს ან მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება. როგორც იცით, რამოსი "სამეფო გუნდში" 2005 წელს გადაბარგდა 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

"ვიცი,
რომ სერხიომ გენერალურ მენეჯერს უთხრა, "მანჩესტერის" წინადადებას მიაქციონ ყურადღება. მას მხოლოდ "იუნაიტედში" სურს გადასვლა" - თქვა "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა.

რასაკვირველია, კალდერონმა არც "რეალის" ამჟამინდელი მმართველობისადმი დაიშურა კრიტიკა და პრესასთან ამაზეც ისაუბრა.

"ამჟამად ფულზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, ისეთი დამოკიდებულება, რომელსაც ფეხბურთელები "რეალისგან" უნდა გრძნობდნენ და ვერ გრძნობენ" - განაცხადა მან.

მადრიდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა დავიდ დე ხეას სავარაუდო ტრანსფერიც, რომელიც შესაძლოა, საპირისპირო მიმართულებით წავიდეს - "მანჩესტერიდან" "რეალში". მითქმა-მოთქმა ამის შესახებ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო მას მერე, რაც წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დე ხეა მადრიდში ჩავიდა. მეორე მხრივ, ამაში განსაკუთრებული არაფერია, ესპანელი მეკარე სამშობლოში ჩავიდა, თანაც, იგი "ატლეტიკოს" ყოფილი მეკარეა.

"სერხიოსაც და დავიდსაც გუნდებთან კონტრაქტები აკავშირებთ და ისინი ვარჯიშზე უარს ვერ იტყვიან, თუ კარგი და მოულოდნელი მიზეზი არ ექნებათ, მაგალითად, ტრავმა... ეს პოკერის თამაშივითაა და დე ხეა მაგიდის შუაში ზის" - ეშმაკურად აღნიშნა კალდერონმა.

2003-10 წლებში "რეალს" შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდა - ლუიშ ფიგუ, რონალდო, ზინედინ ზიდანი, კრიშტიანო რონალდო, კაკა... ყველა მათგანი წლის ფეხბურთელად არის დასახელებული. თუმცა მადრიდელებმა ამ პერიოდში მხოლოდ ორი ტიტული მოიგეს. კალდერონი ამის მიზეზებზეც საუბრობს.

"წარუმატებლობა იმის ბრალი იყო, რომ "გალაკტიკოს" შექმნის გარდა, არ ვფიქრობდით დანარჩენზე და ჩავთვალეთ, რომ ეს მიდგომა წარმატებას მოგვიტანდა, თავდაუზოგავად შრომა კი დაგვავიწყდა" - აღნიშნა კალდერონმა.

დაბოლოს, მან ზოგადად "მანჩესტერის" გეგმებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრა. "ლუი ვან გაალი ძლიერი გუნდის შეკვრას აპირებს და ახალი ფეხბურთელების მოყვანაც აქვს გეგმაში, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა დიდი ფული უნდა დახარჯონ, მაგრამ ეს ჯერჯერობით, მხოლოდ საუბრის დონეზე რჩება, რადგან აქამდე მანჩესტერელთა სერიოზული შენაძენი მხოლოდ მემფის დეპაია.

მთავარი შედეგია გამარჯვებები და ტიტულები. თუ ეს ყველაფერი არ არის, ფანები უკმაყოფილონი არიან და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ვარსკვლავი გყავს შემადგენლობაში. ამ შემთხვევაში, აღებული გეზი როგორღაც უნდა შეცვალო და გამოსავალი იპოვო.

არ ვიცი, როგორი პოლიტიკა აქვს "მანჩესტერს", მაგრამ ვიცი, რომ იდეალური ვარიანტი კარგი ფეხბურთელების, ვარსკვლავების, გამოცდილი მოთამაშეების სინთეზია ახალგაზრდა ტალანტებთან, რომლებიც გუნდის წევრები არიან" - თქვა კალდერონმა. ისიც ვიცით, რომ ადგილობრივი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების დეფიციტი "მანჩესტერს", როგორც წესი, არ აქვს.

P.S. ესპანური "მარკა" საიმედო მარკაა და ამ გამოცემის ინფორმაციით, დავიდ დე ხეა სულ მალე განუცხადებს ლუი ვან გაალს მადრიდში გადასვლის სურვილის შესახებ. "იუნაიტედს" კი ულტიმატუმი აქვს გამზადებული, დე ხეას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ საპირისპირო მიმართულებით რამოსი წავა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული