ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 22 ივლისი

AutoSharing Option
13:01 ლუის ვან გაალმა მისტერ X-ზე ჩამოაგდო სიტყვა, რომელიც მალე "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდება და მასზე ჯერ გაზეთებს არ დაუწერიათ. Mirror-ის მონაცემებით, ეს უცნობი შეიძლება გახდეს ფერნანდო ლორენტე "იუვენტუსიდან".

13:03 ვოიცეხ შჩესნი "რომაში" გადადის, - იტყობინება Daily Mail-ი. "არსენალში" ორი სხვა მეკარეა, რომლებიც შეებრძოლებიან ერთმანეთს ძირითადში ადგილისთვის. "არსენალი" - ჩემი ოჯახია. მჯერა, რომ რომაულ კლუბში თამაში დამაჯერებლობას დამიბრუნებს და ისევ მივიქცევ არსენ ვენგერის ყურადღებას", - ამბობს პოლონელი.

13:16 "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილი რის ჯეიმსი "უიგანში" გადავიდა და სამი წელი ინგლისის მესამე დივიზიონში
ითამაშებს.

13:34 Liverpool Echo წერს, რომ "ლივერპული" ცდილობს ჩაბი ალონსოს დაბრუნებას. ანალოგიურ ინფორმაციას ესპანელი ფეხბურთელის კომენტარს ურთავს Metro. "ჩემი კონტრაქტი "ბაიერნთან"? ვნახოთ, რა იქნება. ჯერ ამის განსახილველი დრო არ მოსულა", - განაცხადა ესპანელმა.

13:53 Le 10 sport-ის ინფორმაციით, "არსენალი" სოლიდურ თანხას სთავაზობს "იუვენტუსს" ჯორჯო კიელინიში. ლაპარაკია 25 მილიონ ევროზე. დაიწერა იტალიელის მომავალ ხელფასზეც: 12 მილიონი ევრო წელიწადში.

14:08 იგივე Metro წერს, რომ კრიშტიანო რონალდო აგვისტოში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა. ამ დღეებში პორტუგალიელმა უკმაყოფილება გამოთქვა ბენიტესის ვარჯიშების გამო, გუშინ კი გაბრაზდა, როცა ორმხრივ შეხვედრაში ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაუთვალეს. ინგლისელები წერენ, რომ, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ვან გაალის მიერ ნახსენები სიურპრიზი, რომელიც მის გუნდს 95 მილიონი დაუჯდება.

14:26 გაუგებარი სიტუაციაა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით. შვედი ჯერ მიდიოდა, შემდეგ რჩებოდა, ახლა კი თავად ვერ აუხსნია ვერაფერი: "ჩემი მომავალი აგენტ მინო რაიოლას ხელშია. მეტი არაფრის დამატება არ შემიძლია", - მოჰყავს იბრას სიტყვები Gazzetta dello Sport-ს.

14:43 კენეტ ომერუო "ჩელსიდან" სტამბოლის "ქასიმფაშაში" გადავიდა ერთწლიანი იჯარით. ეს უკვე მეცამეტე იჯარაა "ჩელსიდან" ამ ზაფხულს.

15:00 "ვოლფსბურგმა" "ციურიხიდან" შეიძინა ფრანსისკო როდრიგესი. ჩილელი შვეიცარიული პასპორტით 20 წლისაა, გასულ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. "მგლებთან" კონტრაქტი სამწლიანია, ტრანსფერის თანხა - 900 ათასი ევრო. ამ ტრანსფერის შემდეგ ფრანსისკო "ვოლფსბურგში" თავის ძმას - რიკარდოს შეუერთდება.

15:35 Corriere dello Sport-მა მოიყვანა თანხის ოდენობა, რომლითაც "ჩელსიმ" უნდა აჯობოს პსჟ-ს ვიტსელისთვის ბრძოლაში: გაზეთის ინფორმაციით, ლონდონელები ბელგიელში 48 მილიონ ევროს იხდიან.

15:45 "ფიორენტინას" ჩილელი ნახევარმცველი დავიდ პისარო სამშობლოში დაბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა "სანტიაგო უონდერერსთან", რომელშიც 1995-97 წლებში თამაშობდა. ხელშეკრულება ერთწლიანია.

15:57 დავიდ საპატა "ნაპოლიდან" ორწლიანი იჯარით ითამაშებს "უდინეზეში", - წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

16:05 "უოტფორდმა" გაიფორმა ურუგვაელი მცველი მიგელ ბრიტოსი. კონტრაქტი სამწლიანია, "ნაპოლიმ" კი ფეხბურთელში 3.5 მილიონი ევრო მიიღო.

16:28 არგენტინელი ნახევარმცველი მანუელ ლანსინი, რომელიც "რივერ პლეიტში", "ფლუმინენსესა" და "ალ-ჯაზირაში" თამაშობდა, იჯარით ერთი წლით გადავიდა "ვესტ ჰემში". ამის შესახებ კლუბის ვებგვერდმა დაწერა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა - 6 მილიონი ევრო.

16:54 Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ არგენტინელმა მეკარემ, სერხიო რომერომ ხელი მოაწერა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს. რომერო სამ წელს გაატარებს ინგლისში. კლუბს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

17:31 "გრანადას" ნახევარმცველი მანუელ იტურა "უდინეზეში" გადავიდა, - ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ტრანსფერის თანხამ 4 მილიონი ევრო შეადგინა.

17:46 Birmingham Mail-ი წერს, რომ "ვესტ ჰემი" დაინტერესებულია "დორტმუნდიდან" ადრიან რამოსის შეძენით. თუ ჭორებს დავუჯერებთ, ლონდონელებს 29 წლის ფორვარდში ექვსი მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

17:49 Bleacher Report: "ბარსელონა" მოელაპარაკა "იუვენტუსს" პოლ პოგბას ტრანსფერზე. გარიგების თანხა დაახლოებით 80 მილიონ ევროს უტოლდება.

18:09 "პორტუს" კიდევ ერთი მოთამაშე შეიძლება წავიდეს თურქეთში. ამჯერად, ადრიან ლოპესი "ფენერბაჰჩეს" ინტერესთა სფეროში მოექცა. თავის დროზე, პორტუგალიელებმა 11 მილიონი ევრო გადაუხადეს "ატლეტიკოს" ლოპესში.

18:23 კუარეშმა ოფიციალურად "ბეშიქთაშშია". "პორტუმ" 1.2 მილიონი ევრო მიიღო.

18:28 "ატლეტიკომ" გამოაცხადა, რომ მარიო სუარესი "ფიორენტინაში" გადადის. მარიო "ატლეტიკოში" ხუთი წელი თამაშობდა. მოიგო პრიმერა, თასი და სუპერთასი, ევროპის ლიგა და ორჯერ ევროპის სუპერთასი. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 10 მილიონი ევროა.

18:31 Sky წერს, რომ რიკი ლამბერტმა მოლაპარაკებები დაიწყო "ვესტ ბრომვიჩთან". ფეხბურთელის ფასი 3 მილიონი ევროა.

18:42 რობერტო ფირმინო "ლივერპულში" ოფიციალურად წარადგინეს. მან მე-11 ნომერი აიღო.

19:02 მარკო ასენსიო დატოვებს "რეალს", თუმცა უცნობია - დიდი ხნით თუ სამუდამოდ. ეს გაირკვევა რაფა ბენიტესთან პირადი საუბრის შემდეგ, - წერს AS. გასულ კვირას, ასენსიომ მოიგო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ესპანეთის ნაკრებში. ის კლუბში პირველ აგვისტოს დაბრუნდება და ბენიტესი მას საქმეში ნახავს. "მალიორკას" აღზრდილზე პრეტენზიას აცხადებენ - "ესპანიოლი", "ვილიარეალი", "ბეტისი" და "მალაგა".

19:05 სერია A-ს დებიუტანტმა "კარპიმ" "ჩელსისთან" გარიგების შესახებ გამოაცხადა. იტალიაში ერთი წელი იჯარით თამაშებს მცველი უოლასი. ესეც "ჩელსის" მე-14 იჯარა.

19:17 ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ესპანელი ხოსე ხურადო "უოტფორდის" ფეხბურთელი გახდა. მან ინგლისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

19:26 Marca წერს, რომ "რეალი" დაინტერესდა "ვოლფსბურგის" მცველით, რიკარდო როდრიგესით. მადრიდელები ეძებენ ფაბიო კოენტრაუს შემცვლელს, რომელიც ხშირად ტრავმიანობს და ამის გამო მისი გაშვება უნდათ. როდრიგესის გარდა, "რეალის" სიაში არიან: ალექს სანდრო, დავიდ ალაბა, რაჰმან ბაბა.

19:28 Mirror-ი იტყობინება, რომ "ვესტ ჰემი" შეუდგა მოლაპარაკებებს ესტებან კამბიასოსთან, რომელმაც "ლესტერი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

20:03 "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ ფერნანდო ლორენტეთი "ბარსელონა" დაინტერესდა, - წერს AS-ი.

20:06 Barca Blaugranes-ი წერს, რომ "რომამ" და "ბარსელონამ" მოილაპარაკეს ადრიანოს თაობაზე. ვებგვერდის ცნობით, "ჯალოროსი" 8 მილიონს გადაიხდის, თავად ადრიანო კი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

20:12 "ფრაიბურგის" მცველი საშა რიტერი "შალკეში" გადავიდა. ფეხბურთელმა უკვე გაიარა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება.

20:20 "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა უბერ ფურნიემ 2017 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი კლუბთან. ფურნიეს მთავარი დამსახურება - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.

20:53 AS-ის ინფორმაციით, "რეალი" 19 წლის ჩინელ ლინ ლიანმინს ყიდულობს. ფეხბურთელი "სამეფო კლუბს" 300 ათასი ევრო უჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული