რუუდ გულიტი: გროზნოში ფულისთვის არ ჩავდივარ

AutoSharing Option
რუუდ გულიტის გროზნოს "ტერეკში" დანიშვნის ამბავი უკვე გაცნობეთ. სახელგანთქმული ჰოლანდიელი ახალ პოსტზე მუშაობას დღე-დღეზე შეუდგება, მანამდე კი რუსულ პრესას საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გეგმებს უზიარებს და სხვა საინტერესო თემებზეც საუბრობს. "სპორტ-ექსპრესში" მასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ.

- როგორ დაგიკავშირდათ "ტერეკი"?
- ინგლისური სააგენტოს მეშვეობით, რომელიც ჩემს საქმეებს განკარგავს. თავდაპირველად რჩევა გუუს ჰიდინკს ვკითხე. მან მითხრა, რომ ჩეჩნეთში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე მკაფიო წარმოდგენა არ ჰქონდა, სამაგიეროდ, ის ზუსტად იცოდა, რომ "ტერეკი" სტაბილური და ბრძოლისუნარიანი კლუბია. მართალია, გასულ სეზონში წარუმატებლად იასპარეზა, მაგრამ რამდენიმე
წლის წინ რუსეთის თასი მოიპოვა. კონსულტაციები მოსკოვში მცხოვრებ ჩემს მეგობრებთანაც გავიარე და საბოლოო გადაწყვეტილებაც მივიღე.

- არსებობს აზრი, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური დაინტერესების გამო გადადგით.
- მერწმუნეთ, ფული გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ბელგია-ჰოლანდიის საგანაცხადო კომიტეტის ხელმძღვანელის მისია ამოვწურე, გადავწყვიტე, სამწვრთნელო საქმიანობას დავბრუნებოდი. წამყვანი ევროპული კლუბებისგან წინადადება არ მიმიღია, რაც სეზონის შუაგულში სავსებით ბუნებრივია.

მქონდა ორი ვარიანტი არაევროპული შორეული ქვეყნებიდან, რაც ჩემთვის დიდად საინტერესო არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, "ტერეკის" მიზანი ევროთასებზე გასვლაა და სწორედ ამ ამოცანამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემს არჩევანში. მიზნის მისაღწევად კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს. მივიღე პირობა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელების შესაძენად თანხები გამოიყოფოდა. ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა.

- გროზნოში ცხოვრებას აპირებთ? ოჯახთან ერთად ჩამოხვალთ?
- სავარაუდოდ, გუნდთან ერთად, ბაზაზე ვიცხოვრებ, გროზნოში კი მხოლოდ მატჩების დროს ჩავალ. ჩემი ოჯახი ჰოლანდიაში დარჩება.

- თქვენამდე "ტერეკის" გაწვრთნას ესპანელ ვიქტორ მუნიოსს სთავაზობდნენ. მან გუნდს რამდენიმე ვარჯიშიც ჩაუტარა, მაგრამ საბოლოოდ, კონტრაქტი არ გაფორმდა, რადგან "ტერეკმა" მას წინასწარი შეთანხმების პირობები დაურღვია. ამ ფაქტის გამო ხომ არ შფოთავდით?
- არა, რადგან კონტრაქტი ძალიან მალე გავაფორმე, იქ ჩაწერილი პირობების დარღვევა კი წარმოუდგენლად მიმაჩნია.

- ბელგიურ-ჰოლანდიურმა განაცხადმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ბრძოლა რუსეთთან წააგო. საინტერესოა, თუ აპირებთ რუსეთში მუშაობას 2018 წლის მუნდიალამდე?
- იქამდე შვიდ წელიწადზე მეტია დარჩენილი, მწვრთნელები კი მოგეხსენებათ, ერთ ადგილზე დიდხანს იშვიათად მუშაობენ. ძალიან შორს ყურება არ მიყვარს. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, უნდა ვაღიარო, რომ ღირსეულ კონკურენტთან დავმარცხდით.

- რისი მიღწევა გსურთ "ტერეკთან" ერთად?
- გუნდს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში უნდა დავეხმარო. პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ევროპის ლიგაზე, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული