დრიბლინგი: რა აკადრა კონტემ ბუფონს?

AutoSharing Option
რომაული პროტესტ
რომაული დერბი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მშვენებაა - სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახი, რომლის დროსაც "ოლიმპიკოზე" ყოველთვის ემოციები დუღს. თავად ფეხბურთი არც კვირას იყო ურიგო, მაგრამ იტალიელთა დაუდევრობამ დერბის დაღი კიდევ ერთხელ დაასვა.

რაკი პოლიციის შეფმა ფრანკო ბარიელიმ სხვა ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ ბარიერები აღემართა, ტიფოზებმა დერბის პროტესტი გამოუცხადეს და დერბის მხოლოდ 35 000-მდე მაყურებელი დაესწრო.

ცნობისათვის: მას მერე, რაც "სტადიო ოლიმპიკოზე" პირველი დერბი გაიმართა (1953), "რომა"-"ლაციოზე" ასე ცოტა მაყურებელი არასდროს ყოფილა. ცხადია, არც პირველ დერბიზე...

რა აკადრა
კონტემ ბუფონს
ხომ იცით, ანტონიო კონტე ემოციური კაცია. ფეხბურთელობის დროსაც გადარეული იყო და მწვრთნელის რანგშიც რომ ხშირად იგიჟებს თავს, ესეც გეცოდინებათ. ყურადღებიან გულშემატკივრებს ისიც გეცოდინებათ, რომ იტალიაში თითქმის არაფერი იმალება და ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამომზეურდება ხოლმე.

ისე, როგორც ეს ამბავი, რომელიც კონტეს "იუვენტუსის" თავკაცობის დროს შეემთხვა.

2014 წელს, სეზონის ბოლო საშინაო მატჩის წინ, როცა "იუვეს" ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა, ანტონიოს კი გიჟივით უნდოდა, რომ მის გუნდს 100-ქულიანი ბარიერი გადაელახა, მასთან კაბინეტში ჯანლუიჯი ბუფონი შესულა და პრემიებზე ჩამოუგდია სიტყვა. მოგეხსენებათ, ჯიჯი "იუვენტუსის" კაპიტანია და ესეც რომ არ იყოს, ბუფონია ბოლოს და ბოლოს.

სიტყვა პრემიის ხსენებაზე კონტე აფეთქებულა: "უკვე ყველა ყელში ამოხვედით! თქვენი დანახვაც აღარ მინდა!"

კონტეს ამ სიტყვებზე ჯიჯის ისეთი სახე მიუღია, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ, რაზეც კონტე კიდევ უფრო გაცეცხლებულა:

"შენ კი, ჯიჯი, ენა გააჩუმე! შენგან ამას არ ველოდი. პრემიების დედაც, ფულს ნეხვის სუნი ასდის. ვინც ჩემთან პრემიების საკითხზე შემოსვლა გთხოვა, ყველა ტრაკია! შენ არ გესმის, რომ ეს უდიდესი განავალია? პირი აღარ გააღო და მეტი აღარაფერი მითხრა და იმათაც გადაეცი, რომ ნამდვილი, ჩამოყალიბებული იდიოტები არიან!"

ბუფონის ამბავი ხომ იცით, წესიერი კაცია - შეტრიალებულა და უსიტყვოდ გასულა. ის სეზონი "იუვენტუსმა" 102 ქულით დაასრულა და მიუხედავად ამისა, ზაფხულში კონტემ ყველა ის "იდიოტი" დატოვა, რის შემდეგაც "იუვე" მასიმილიანო ალეგრის ჩააბარეს, ანტონიომ კი იტალიის ნაკრებში გადაინაცვლა.

კაპიტანი "სკუადრა აძურაშიც" ბუფონია, ევროპის ჩემპიონატი მოდის და, ნაძლევს ჩამოვალთ, რომ ჯიჯის კონტეს კაბინეტში პრემიების საკითხზე შესვლა ისევ მოუწევს...

მორატას გეტრები
სხვათა შორის, კონტეს შემცვლელ ალეგრისაც შეუძლია გაცხარება.

მიონხენგლადბახში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "იუვეს" ამჟამინდელი თავკაცი იმის გამო განრისხდა, რომ მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა ტურინელთა თავდამსხმელი ალვარო მორატა მოედნიდან მიაბრძანა, სხვადასხვა ფერის გეტრები რომ გაცვია, არ შეიძლებაო.

"მოდების ჩვენება ხომ არ არის, ფეხბურთია! დაუშვებელია, გუნდი სამი წუთით კაცნაკლული დატოვო მარტო იმიტომ, რომ ბიჭმა მატჩისთვის მომზადებაზე მეტი დრო გეტრებზე ფიქრს დაუთმო", - თითქმის ყვიროდა თურმე ალეგრი.

"ემპოლისთან" შეხვედრაში მორატას ამგვარი პრობლემა აღარ შეჰქმნია და მატჩის შემდეგ ალეგრიმაც თქვა, ასეთი რამ აღარ განმეორდება, რადგან ალვაროს სამი წყვილი ერთი ფერის გეტრები ვაჩუქეო.

ინგლისელი პაციენტი
წინა კვირას, ინგლისში, "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" მატჩის წინ მასპინძელთა ყოფილ ფეხბურთელ დარენ ანდერტონს (გეხსომებათ) სთხოვეს, შესვენებისას სტადიონზე გამოდი და გულშემატკივრებს ერთი-ორი ტკბილი სიტყვა უთხარი და ბურთი გააგორ-გამოაგორეო.

სამწუხაროდ, ანდერტონმა ეს ვერ მოახერხა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აქტიური სპორტული კარიერის დროს მას მეტსახელად Sicknote-ს ("ავადმყოფი") უწოდებდნენ, ამაში გასაკვირი არაფერია.

"ბიბისის" რეპორტიორმა კონორ მაკნამარამ კი "თვითერზე" ირონიულად დაპოსტა, ანდერტონი ამას როგორ მოახერხებდა, ცხადია, ისევ ტრავმირებული იქნებოდაო.

ეს თემა მთელმა საფეხბურთო ინგლისმა აიტაცა და, რა თქმა უნდა, თავად დარენის ყურამდეც მივიდა. ამიტომაც იყო, გასულ უქმეებზე ანდერტონმაც რომ დაწერა "თვითერზე", "შე მატყუარა, მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი, თავი არასდროს დამიზოგავს და ამიტომაც ვიყავი ხშირად ტრავმირებული, გრცხვენოდეს." ჟურნალისტი კი რისი ჟურნალისტი იქნებოდა, პასუხის პასუხი რომ დაეგვიანებინა.

მაკნამარამ სასწრაფოდ მოძებნა შესაბამისი ვიდეო ევრო 96-დან და სოციალურ ქსელში ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: "დარენ, შეგიძლია, რომ ევრო 96-ზე მომხდარისთვის ბოდიში მომიხადო? მაშინ მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვაწყენინე!"

ევრო 96-ზე ანდერტონმა გერმანიასთან, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ვერ გაიტანა...

სანამ მესი ლაზარეთშია
ტერმინი Messidependencia ესპანეთში ცნობილი გამოთქმაა და იმას გამოხატავს, რომ "ბარსელონა" ძალიანაა დამოკიდებული ლიონელ მესიზე.

როგორც იცით, არგენტინელი ახლა ტრავმირებულია და, ალბათ, უინტერესო არ უნდა იყოს, რომელ ფეხბურთელებს გააქვთ გოლები კატალონიური გრანდიდან.

აგერ, "ბარსას" ბოლო 16 გოლის ავტორები ზუსტი თანმიმდევრობით: ნეიმარი, სუარესი, ნეიმარი, სუარესი, ნეიმარი, სუარესი, სუარესი, სუარესი, ნეიმარი, ნეიმარი, ნეიმარი, ნეიმარი, სუარესი, ნეიმარი, სუარესი, სუარესი, ნეიმარი.

ცდილობენ ბიჭები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
17 გოლი გამოვიდა
დათო
14:19 11-11-2015
0
დათო, მართალი ხარ, მართლა 17 გამოვიდა, მაგრამ სტატიის ავტორს არ უთხრა, ეწყინება, იშრომა კაცმა, უხერხულია :))))))))))))))
გულშემატკივარი
16:32 11-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული