10 გოლეადორი მცველი: გაგიკვირდებათ, მაგრამ რობერტო კარლოსი პირველზე არაა

AutoSharing Option
მცველისთვის გოლის გატანა უმთავრესი მოვალეობა ნამდვილად არაა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში, სადაც უტევს მთელი გუნდი და თავსაც მთელი გუნდი იცავს, უნივერსალური თვისებები განსაკუთრებულად დაფასებულია.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მცველს შეტევაში ჩართვა, თამაშის გამწვავება და გოლის გატანა შეეძლოს. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრი მცველი გვახსოვს, რომლებიც შეტევაში ვარგოდნენ, ქვემოთ კი მათ შორის 10 საუკეთესოს გამოვარჩევთ.

10. სერჟინიო (ბრაზილია)
311 მატჩი - 52 გოლი
ბრაზილიელი მცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "მილანში" გაატარა და ამ გუნდის შემადგენლობაში 18 გოლი გაიტანა. ასევე, ძალიან ნაყოფიერი იყო
"სან პაულოში", სადაც 21 გოლი შეაგდო და თანაც, გაცილებით მცირე დროში.

სერჟინიოს ბრაზილიის ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი იქაც გაიტანა. იმასაც შეგახსენებთ, რომ დაცვის მარცხენა ფრთაზე ასპარეზობდა, გამოირჩეოდა მაღალი სისწრაფით და შეტევაში მწვავე ჩართვებით.

9. სერხიო რამოსი (ესპანეთი)
530 მატჩი - 55 გოლი
სერხიო რამოსს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მთავარი კი ის გახლავთ, რომ ესპანელი მცველი ჯერ მხოლოდ 29 წლისაა, გოლების მონაგარს კიდევ გაზრდის და ამ ათეულშიც აუცილებლად დაწინაურდება. რამოსს 41 გოლი აქვს მადრიდის "რეალში" გატანილი, 10 ესპანეთის ნაკრებში, თავის დროზე კი 4 გოლი "სევილიაშიც" შეაგდო.

8. დანიელ ვან ბუიტენი (ბელგია)
469 მატჩი - 58 გოლი
სერხიო რამოსის მსგავსად, მეორე სართულზე ბრწყინვალედ ასპარეზობს დანიელ ვან ბუიტენი, რომელმაც კარიერაში 58 გოლი მოაგროვა. ყველაზე შედეგიანი კი მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობისას იყო, როდესაც 20 შედეგიანი დარტყმა განახორციელა. ვან ბუიტენი სტაბილურად იტანდა ყველგან, სადაც კი თამაშობდა, მათ შორის, "მარსელში", "ჰამბურგში" და ბელგიის ნაკრებში.

7. იონ არნე რიისე (ნორვეგია)
651 მატჩი - 60 გოლი
კიდევ ერთი მარცხენა მცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ინგლისში, კერძოდ კი, "ლივერპულში" გაატარა და იქ 234 თამაშში 21 გოლი შეაგდო. ნაყოფიერი იყო "რომაშიც", "მონაკოშიც" და ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებშიც, რომლის მაისურითაც 16 გოლი შეაგდო. რიისე გამოირჩეოდა ყუმბარისებური დარტყმით და მისი გოლების დიდი ნაწილი ეფექტური გახლდათ.

6. მარკო მატერაცი (იტალია)
435 მატჩი - 62 გოლი
მარკო მატერაციმ 26 გოლი შეაგდო "პერუჯას" შემადგენლობაში, 19 გაიტანა "ინტერის" მაისურით, 7-ჯერ "კარპიში" გამოირჩა, 2-2 შედეგიანი დარტყმა "ტრაპანის", "ევერტონის" და იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ორივე სანაკრებო გოლი მატერაციმ 2006 წლის მუნდიალზე შეაგდო და ერთ-ერთი ფინალში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. მარკო მეორე სართულზე იყო შეუდარებელი და გოლების უმეტესობა თავით შეაგდო, თუმცა შორეული ძლიერი დარტყმებითაც გამოირჩეოდა.

5. რობერტო კარლოსი (ბრაზილია)
703 მატჩი - 77 გოლი
ალბათ, ბევრს ეგონა, რომ ლეგენდარულ ბრაზილიელს პირველ პოზიციაზე იხილავდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. მარცხენა მცველს კარიერაში 77 გოლი მოუგროვდა და აქედან უმეტესობა, კერძოდ კი, 47 მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში აქვს გატანილი.

შედეგიანი იყო ბრაზილიის ნაკრებშიც, სადაც 11 გოლი მიითვალა აქტივში. რობერტო კარლოსი დღემდე რჩება იმ მცველის ეტალონად, რომელსაც შეტევაშიც დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის.

4. სინიშა მიხაილოვიჩი (სერბეთი)
530 მატჩი - 81 გოლი
ვისაც სინიშა მიხაილოვიჩის საფირმო საჯარიმო დარტყმები არ უნახავს, ნამდვილად ბევრი დაუკარგავს. სერბმა უკანახაზელმა 81 გოლი მოაგროვა და იტანდა ყველგან, სადაც კი ასპარეზობდა, მათ შორის, "ვოივოდინაში", "ცრვენა ზვეზდაში", "ლაციოში", "ინტერში", "სამპდორიაში" და ეროვნულ ნაკრებში. "ლაციოს" შემადგენლობაში ერთ შეხვედრაში საჯარიმო დარტყმებით ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული და ამ კომპონენტში ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

3. იან ჰარტი (ირლანდია)
522 მატჩი - 85 გოლი
იან ჰარტმა "ლიდს იუნაიტედში" შესანიშნავი ასპარეზობით გაითქვა სახელი, სადაც 213 შეხვედრაში 28 გოლი შეაგდო. შემდეგ ესპანეთში ამოჰყო თავი და "ლევანტეს" 10 გოლით შეეწია. ნაყოფიერი იყო სხვა გუნდებშიც, ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში კი 12 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.

იან ჰარტი ნამდვილად ვერ მოხვდება საუკეთესო მცველების 10-ეულში, ვერც 20-ეულში და ვერც 30-ეულში, მაგრამ გოლები კი ბლომად გაჰქონდა და ამ კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში.

2. მარკუს ტულიო ტანაკა (იაპონია)
522 მატჩი - 107 გოლი
34 წლის იაპონელი, რომელიც მოქმედი ფეხბურთელია და გოლების მონაგარს კიდევ გაზრდის. ჯერჯერობით, ტულიო ტანაკას ანგარიშზე 107 გოლია, მათ შორის, 8 იაპონიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ტანაკას მთელი კარიერა იაპონიის ჩემპიონატში აქვს გატარებული. ყველაზე მეტი გოლი "ურავაში" შეაგდო, დღეს კი "ნაგოიაში" ასპარეზობს. ცენტრალური მცველია, გამოირჩევა უძლიერესი დარტყმით და ძალიან სახიფათოა სტანდარტულების დროს.

1. ფერნანდო იერო (ესპანეთი):
639 მატჩი - 140 გოლი
საჯარიმო დარტყმების შესრულების კიდევ ერთი დიდოსტატი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის "რეალში" გაატარა და სამეფო გუნდის შემადგენლობაში 102 გოლი მოაგროვა. ძალიან ნაყოფიერი იყო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც 29 გოლი გაიტანა.

იეროს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა მცველმა გოლების რაოდენობით არაერთ ფორვარდს აჯობა, მათ შორის, სახელოვან თავდამსხმელებს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
ნახევარდაცვაში აქვს ყველას ნათამაშევი, ეგ რა შუაშია, აქედან ყველაზე ცოტა ხანი იეროს აქვს დაცვაში ნათამაშევი...კუმანი უკონკურენციოდ პირველია, თან როგორ მატჩებში აქვს გატანილი გოლები...ბრემე კიდევ აუცილებლად შესაყვანია, კაცმა მსოფლიო მოიგო...
asurbanifali
09:23 28-12-2015
0
დილეტანტის დაწერილი სტატია და შედგენილი ტოპ-10 -ლი. სპორტული ჟურნალისტი მცველს და ნახევარმცველს, რომ ვერ არჩევს, წადი ბიძია სახლში...
ქართველი
06:47 28-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული