ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატი: ნარინჯისფერი ბარათი და ვიდეოგამეორება გვჭირდება!

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ჟერომ შამპანმა ფეხბურთში რეფორმების გასატარებლად იდეები წარმოადგინა, რომელთა რეალიზებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.

"უამრავ რამეს გთავაზობთ. უნდა შემოვიღოთ წესი, რომლის თანახმად, მხოლოდ კაპიტანს უნდა ჰქონდეს მსაჯთან საუბრის უფლება. შეხედეთ ახლა, როგორ მირბიან მოთამაშეები წარამარა არბიტრთან, უყვირიან მათ - ეს დაუშვებელია. მაგალითად, რაგბიში მხოლოდ კაპიტანს აქვს უფლება, ესაუბროს მსაჯს, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში კი საჯარიმო ინიშნება და მსგავსი რამ იქ აღარ ჭრის.

ამასთან, შემომაქვს წინადადება, ყვითელ და წითელ ბარათებთან ერთად, შემოვიღოთ ნარინჯისფერი ბარათიც, რომლითაც მოთამაშეს მოედნიდან დროებით
გავაძევებთ. მაგალითად, ჰოკეიში მოედანზე ვითარების განსამუხტავად იყენებენ ორი წუთით გაძევებას და არა - თამაშის ბოლომდე.

ასევე, გამოვდივარ დამატებით ტაიმებში მეოთხე შეცვლის უფლების დანერგვის ინიციატივით. ამ დროს გუნდები მეტწილად პენალტების სერიის მოლოდინში არიან და დრო მშვიდად გაჰყავთ. დასვენებული მოთამაშის შემატება კი გუნდებს შეტევაში წასვლისკენ წააქეზებს.

უნდა გავაუქმოთ სამმაგი დასჯა, როდესაც მოთამაშე საკუთარ საჯარიმოში ჯარიმდება - მას აძევებენ, მისი გუნდის კარში ინიშნება პენალტი, პლუს - გაძევებული მოთამაშე ტოვებს შემდეგ მატჩს. ამ შემთხვევაში ყვითელი ბარათი და პენალტი დასასჯელად საკმარისი მგონია.

დაბოლოს, მხარს ვუჭერ ვიდეოტექნოლოგიების დანერგვას. დღეს სულ უფრო ბევრ სტადიონზეა ინტერნეტი და ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, სმარტფონში ნახოს, ვთქვათ, იყო თუ არა თამაშგარე. იგივე შესაძლებლობა არ აქვს არბიტრს. ასე რომ, ფრთხილად და თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავითვისოთ ეს ტექნოლოგიები", - ამბობს ფრანგი კანდიდატი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს არჩევნები 26 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გულშემატკივარი:
ყოჩაღ შენ მეგობარო!
ეს ადამიანი ფეხბურთის ფედერაციაში უნდა მუშაობდეს!
georgiano
00:53 21-01-2016
0
ნამდვილად ვეთანხმები ყველა პუნქტს
giga
15:36 20-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული